NASA-ს ადამიანის გულის კოსმოსში დაბეჭდვა სურს
ორგანოთა დონორების არასაკმარისი რაოდენობის გამო ყოველდღიურად დაახლოებით 20 ადამიანი კვდება. მეცნიერების ნაწილი კი ამ პრობლემის გადაწყვეტის გზას კოსმოსში ეძებს.
მეცნიერებს ორგანოების 3D პრინტერით დაბეჭდვა ლაბორატორიებში აქამდეც უცდიათ, თუმცა რთული სტრუქტურის ორგანოები, როგორიც არის, მაგალითად, გული და ფილტვები, დაბეჭდვის შემდეგ საკუთარ წონას ვერ უძლებს და იშლება, რის გამოც ასეთი ორგანოების 3D ბეჭდვა ძალიან რთულია.
თუ გვინდა, რომ ორგანოებმა საკუთარ წონას გაუძლონ, ამის მიღწევის ყველაზე ეფექტური გზა შეიძლება არა მათ გარშემო სპეციალური დამჭერი სტრუქტურების შექმნა, არამედ ორგანოების უწონადობაში ბეჭდვა იყოს.
აღნიშნული იდეა რამდენიმე მეცნიერის მიერ უკვე განხილული და შესწავლილია. აღნიშნული პროექტის განხორციელებას სტარტაპი Techshot ცდილობს, რომელიც NASA-სთან ერთად ბიოლოგიური 3D პრინტერის შექმნაზე მუშაობს, პრინტერის საერთაშორიო კოსმოსურ სდაგურზე გაშვება კი 2019 წლის მაისშია დაგეგმილი.
გაშვების შემდეგ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში კომპანია პრინტერზე ექსპერიმენტებს ჩაატარებს, რათა გაირკვეს თუ რამდენად კარგად მუშაობს ის უწონადობაში. კომპანია ძირითად აქცენტს გულის ქსოვილის ბეჭდვაზე გააკეთებს.
"პრინტერის საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ მისი გამოყენება მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან შეეძლებათ", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი რიჩი ბოლინგი.
საბოლოოდ, Techshot იმედოვნებს, რომ ისინი კოსმოსში გულებისა და სხვა რთული ორგანოების დაბეჭდვას შეძლებენ. თანაც, ტრადიციულ ორგანოებთან შედარებით, უფრო დიდი შანსია, რომ ღეროვანი უჯრედებით შექმნილი ორგანოები რეციპიენტების ორგანიზმებმა გართულებების გარეშე მიიღონ.
კომენტარები