მთვარეზე აღმოცენებული პირველი მცენარეები უკვე დაიღუპნენ
რამდენიმე დღის წინ ჩინელმა მეცნიერებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთვარის ბნელ მხარეს მათ მიერ გაგზავნილ ხომალდზე არსებული მცენარის თესლები გაღვივდა. თუმცა, როგორც ჩანს სიხარული ხანმოკლე იყო.
ბამბის გაღვივებული თესლის ფოტოების გავრცელებიდან 24 საათში ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მცენარეები გახმა.
ხომალდზე არსებულ სპეციალურ კონტეინერში ბუზის კვერცხებსა და საფუარის სოკოსთან ერთად, ბამბისა და კარტოფილის თესლები იყო. აღნიშნული ექსპერიმენტი ჯამში 1.75 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ხომალდი Chang'e 4 მთვარის "ბნელ მხარეს" სამ იანვარს დაეშვა. საქმე ისაა, რომ დაშვებისას მთვარეზე დღე იყო, ხოლო მზის ჩასვლის შემდეგ ხომალდის გარშემო ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, რის გამოც ის ძილის რეჟიმში გადავიდა, რამაც მცენარეების შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.
"კონტეინერში განთავსებული მცენარეები მთვარეზე ღამეს ვერ გადაურჩებოდნენ", - აცხადებს პროფესორი შიე ჯენგშინი.
თუმცა, აღნიშნული მიზეზი ეჭვს იწვევს. უცნობია, თუ რატომ არ გაგვაფრთხილა ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ წინასწარ იმის შესახებ, რომ მთვარეზე მზის ჩასვლა კონტეინერში არსებული მცენარეების დაღუპვას გამოიწვევდა. მეცნიერებმა ბამბის გაღვივების შესახებ ინფორმაცია სამშაბათს გაავრცელეს, ამ დროს კი მათ უკვე ისიც უნდა სცოდნოდათ, რომ მცენარეები მზის ჩასვლის გამო დაიღუპნენ.
გარკვეული წყაროები მიუთითებს, რომ გეგმის მიხედვით მთვარეზე მცენარეებს სამი თვის განმავლობაში უნდა გაეძლოთ და კონტეინერში ერთგვარი დამოუკიდებელი ეკოსისტემა უნდა შექმნილიყო.
სამშაბათს კვლევის თანაავტორმა ლიუ ჰენლონგმა განაცხადა, რომ კონტეინერში კარტოფილის თესლებიც გაღვივდა, თუმცა ყლორტები პირველად ბამბის თესლებმა გაიკეთეს.
სამშაბათს გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით 3-კილოგრამიან კონტეინერს ტემპერატურა 1-დან 30 ცელსიუსამდე უნდა შეენარჩუნებინა. კონტეინერში ასევე უნდა მოხვედრილიყო მზის ბუნებრივი სინათლეც, რომლის ხარჯზეც მცენარეები გაიზრდებოდნენ. კონტეინერს მცენარეების მორწყვის ფუნქციაც ჰქონდა. არსად ყოფილა ნახსენები ის ფაქტი, რომ მცენარეები მზის ჩასვლის შემდეგ დაიღუპებოდნენ.
ექსპერიმენტის მიზანი იმის დადგენა იყო, თუ როგორ შეიძლება მოხდეს საკვების წარმოება ასტრონავტებისთვის ისე, რომ ამისთვის დედამიწაზე დაბრუნება საჭირო არ იყოს.
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ ეშვება ხომალდი Chang'e 4 მთვარის ზედაპირზე.
კომენტარები