რა კავშირია ხელოვნურ კვებასა და ცაციობას შორის? - კვლევის შედეგები
ახლახან გამოქვეყნებული კვლევით ირკვევა, რომ ხელოვნურ კვებასა და ცაციობას შორის უცნაური კავშირი არსებობს.
ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად, რომლის ფარგლებშიც 60 000 დედა-შვილი იქნა შესწავლილი, დადგინდა, რომ იმ ბავშვებში, რომლებსაც ძუძუთი კვებავდნენ, ცაციობა უფრო იშვიათია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შედეგები არ ნიშნავს, რომ ბავშვის ხელოვნურად გამოკვების შემთხვევაში ის აუცილებლად ცაცია იქნება. ცნობილია, რომ ბავშვის მემარჯვენეობა ან ცაციობა გარკვეულწილად გენეტიკურად წყდება და ეს მანამდე ხდება, სანამ ბავშვი დაიბადება. თანაც, უნდა გვახსოვდეს, რომ კორელაცია მიზეზობრიობას არ ნიშნავს.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ძუძუთი კვება შესაძლოა იმის განსაზღვრაში მონაწილეობდეს, თუ ტვინის რომელი მხარე გააკონტროლებს დომინანტურ ხელს - პროცესი, რომელსაც ცერებრალური ლატერალიზაცია ეწოდება.
"ვფიქრობთ, რომ ძუძუთი კვება იმ მექანიზმის ოპტიმიზაციას ახდენს, რომლის საშუალებითაც წყდება, ცაცია იქნება ბავშვი თუ მემარჯვენე", - აცხადებს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი და კვლევის მთავარი ავტორი ფილიპ ჰუჯოლი.
ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმ თვეების განმავლობაში, როდესაც ბავშვს ძუძუთი კვებავდნენ, ცაციების რაოდენობა სტაბილურად იკლებდა, ეს ტენდენცია დაახლოებით მე-9 თვემდე შეიმჩნეოდა.
სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სწორედ ამ პერიოდში ხდება იმის განსაზღვრა, ბავშვი ცაცია იქნება თუ მემარჯვენე - ამ დროს ტვინი ისეთი გარე ფაქტორების მიმართ, როგორიც არის ძუძუთი ან ბოთლით კვება, განსაკუთრებით მგრძნობიარეა.
ამ იდეას მხარს კიდევ რამდენიმე ფაქტი უჭერს. ცნობილია, რომ ტყუპებში ცაციობა უფრო ხშირია, შეიძლება ეს იმიტომ ხდება, რომ მათ დედის რძის გაყოფა უწევთ. ცაციობა უფრო ხშირია ნაადრევად დაბადებულ ბავშვებშიც, რომლებსაც საავადმყოფოებში ხელოვნურად კვებავენ.
"შესაძლოა, რომ მემარჯვენეობა არა დედის რძისგან მიღებული საკვები ნივთიერებებით იყოს განპირობებული, არამედ იმ ჰორმონალური ცვლილებებით, რომლებიც დედასა და შვილში ძუძუთი კვებისას ხდება. ასევე სავარაუდოა, რომ იყოს კიდევ რაიმე სხვა ფაქტორი, რაც ძუძუთი კვებასთანაა დაკავშირებული, რომლის შესახებაც ჯერ არ ვიცით", - აცხადებენ ავტორები.
რა თქმა უნდა, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ბავშვი ცაცია იქნება თუ მემარჯვენე ისაა, რომ ბავშვი სათანადოდ გამოვკვებოთ, იქნება ეს ბოთლით თუ ძუძუთი.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული კვლევით ისინი უკეთ გაიგებენ, თუ როგორ ვითარდება ბავშვის ტვინი სიცოცხლის პირველ თვეებში.
კომენტარები