ბავშვებს, ტექ-ნივთების ნაცვლად, სჯობს წიგნები ვაჩუქოთ - აშშ-ს პედიატრთა აკადემია
საჩუქრების არჩევისას ბავშვების უმეტესობა უპირატესობას ტელეფონებსა და სხვა პოპულარულ ტექ-ნივთებს ანიჭებს, თუმცა, ექსპერტების თქმით, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ბავშვებს ვაჩუქოთ, ასაწყობი კუბები და თავსატეხებია.
ამერიკის პედიატრთა აკადემიამ ახლახან გამოაქვენა მოხსენება, რომელშიც ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვებისთვის საჩუქრების არჩევისას თანამედროვე ციფრულ მოწყობილობებზე უარი თქვან და მათ ტრადიციული სათამაშოები აჩუქონ.
ელემენტებზე მომუშავე ტექ-ნივთების ნაცვლად, რეკომენდებულია საბავშვო წიგნები, რომელთა წყალობითაც პატარებს მდიდარი წარმოსახვა ჩამოუყალიბდებათ. წიგნების გარდა, სასურველია, რომ ბავშვებს მრავალფეროვანი სათამაშო ფიგურებიც აჩუქოთ, ეს იმისთვის არის აუცილებელი, რომ ბავშვებს სტერეოტიპული აზროვნება არ ჩამოუყალიბდეთ.
მშობლები ხშირად ცდილობენ, რომ ბავშვები სხვადასხვა საგანმანათლებლო ინტერნეტ თამაშებითა და ციფრული რესურსებით უზრუნველყონ, თუმცა, პედიატრები აცხადებენ, რომ ელექტრონული მოწყობილობები ტრადიციული სათამაშოების შემცვლელად არ გამოდგება.
"რეკლამებმა შეიძლება მშობლები დააჯერონ, რომ "ვირტუალურ" ან ციფრულ ტექნოლოგიებზე დამყარებული სათამაშოები უფრო სასარგებლოა. თუმცა კვლევები მიუთითებს, რომ ეს ასე არ არის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიმარტივე უკეთესია“, - აცხადებს ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ გავრცელებული მოხსენების მთავარი ავტორი ალია ჰეილი.
ორ წლამდე ასაკის ბავშვების მიერ კომპიუტერთან, ტელევიზორთან ან სმარტფონებთან ყოველდღიურად გატარებული დრო ერთ საათს არ უნდა აღემატებოდეს, 18-დან 24 თვემდე კი უმჯობესია, რომ მათ ტელევიზორის, კომპიუტერისა და მობილურების ეკრანებთან შეხება საერთოდ არ ჰქონდეთ.
"რაც უფრო მეტს ვიგებთ ტვინზე, მით უფრო აშკარა ხდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთი სათამაშოებია, რომლით თამაშისასაც ბავშვებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა უწევთ. ვერც ერთი პლანშეტი, სმარტფონი, კომპიუტერული თამაში და აპლიკაცია ტრადიციული სათამაშოებით შექმნილ ურთიერთობებსა და გამოცდილებებს ვერ ანაცვლებს", - აცხადებს ჰეილი.
კომენტარები