სამოქალაქო ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა — ისტორია ფოტოებში
1991 წლის 22 დეკემბერს, თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. 27 წლის წინ მაშინდელ ხელისუფლებას ეროვნული გვარდია ღიად დაუპირისპირდა. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, თენგიზ კიტოვანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, ასევე, დაუპირისპირდა ნახევრად გასამხედროუებული და შეიარაღებული ორგანიზაცია მხედრიონი და მისი დამფუძნებელი ჯაბა იოსელიანი.
საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რუსთაველის გამზირი და უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორია იქცა. სამოქალაქო დაპირისპირება სულ 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 6 იანვარს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით დასრულდა. თბილისში მიმდინარე საომარ მოქმედებებს სხვადასხვა მონაცემებით ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
სამოქალაქო ომს წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა, რომელიც ქვეყანაში, დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას პირადი გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა და მას შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ. კიტოვანმა უარი თქვა გამსახურდიას ბრძანების შესრულებაზე და მის დაქვემდებარებაში მყოფი 15 ათას კაციანი პირადი შემადგენლობით თავდაპირველად რკონის ხეობაში, შემდგომ კი თბილისის ზღვაზე დაბანაკდა.
ამ დროისთვის უკვე დაპატიმრებული იყო გამსახურდიას კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, მხედრიონის დამფუძნებელი ჯაბა იოსელიანი. იოსელიანი 1991 წლის თებერვალში დააპატიმრეს. მან ციხე სამოქალაქო ომის მსველელობისას, 28 დეკემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა მომხრეებმა ციხე შტურმით აიღეს.
კომენტარები