სელაპებს ნესტოებში გველთევზები ეჭედებათ - არავინ იცის რატომ
ჰავაიში ბოლო რამდენიმე წელია მეცნიერები უცნაურ სანახაობას აწყდებიან.
ჰავაიზე ენდემური სელაპების კვლევის პროგრამამ დაახლოებთ ერთი კვირის წინ უცნაური ფოტო გაავრცელა, სადაც ჩანს ახალგაზრდა სელაპი, რომლის ცხვირის ნესტოშიც გველთევზაა გაჭედილი.
სელაპების კვლევის პროგრამის ზედამხედველისა და მთავარი მეცნიერის ჩარლზ ლიტნენის თქმით, ეს დაახლოებით მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გასაჭირში მყოფი სელაპი დააფიქსირეს. მსგავსი შემთხვევა პირველად რამდენიმე წლის წინ დაფიქსირდა.
მეცნიერები ჰავაიზე მცხოვრებ სელაპებს 40 წელზე მეტია, რაც აკვირდებიან, თუმცა მსგავსი შეთხვევები მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფიქსირდება.
რა იწვევს სელაპების ნესტოებში გველთევზების გაჭედვას? არავინ იცის.
"ჩვენ არ ვიცით, ეს შემთხვევები ერთეული ანომალიებია, თუ მსგავსი ფაქტები მომავალში შეიძლება კიდევ ხშირად განმეორდეს", - აცხადებს ლიტნენი.
მეცნიერები აღნიშნული შემთხვევების ახსნას უშედეგოდ ცდილობენ - შესაძლებელია, რომ გველთევზები სელაპების ნესტოებში, თავდაცვის წარუმატებელი მცდელობის შედეგად ხვდებიან. სელაპები საკვების მოსაპოვებლად წყლის ქვეშ არსებულ კლდეებსა და მარჯნის რიფებს მოუწესრიგებლად "ქექავენ". არ არის გამორიცხული, რომ სელაპს საკვების ძიებისას ქვების ქვეშ დამალული გველთევზასთვის გასაქცევი არ დაეტოვებინა, რის შედეგადაც ის შემთხვევით სელაპის ნესტოში შევარდა.
ამჯერად, სტატიაში ნახსენებ სელაპებს გაუმართლათ, რადგან მეცნიერებმა მათ ცხვირებიდან გველთევზები მოაშორეს. ცხვირში მოხვედრილ გველთევზას შეუძლია ნესტო დაბლოკოს და სელაპს სუნთქვის პრობლემები შეუქმნას.
ჰავაიზე მცხოვრები სელაპები გადაშენების პირას იმყოფებიან. ამჟამად ბუნებაში მხოლოდ 1 400 მათგანია შემორჩენილი. მათთვის მთავარ საფრთხეს კლიმატის ცვლილება, ოკეანეების დაბინძურება და მეთევზეობა წარმოადგენს.
კომენტარები