რონალდუ, ბექჰემი, კაშია, მოდრიჩი, რამოსი და სხვები - ვინ და რატომ დააჯილდოვა UEFA-მ
ფეხბურთის სამყაროში არის დღები, როცა ნახევარი მსოფლიო ეკრანებთან იკრიბება. ეს დღეები ყოველთვის ჩემპიონატებს ან ლიგის ფინალს არ ემთხვევა. ფეხბურთის მოყვარულები არანაკლები ჟინით ელოდებიან დღეს, როცა მათი ფავორიტის კოლექციას ახალი ტიტული ან ჯილდო უნდა შეემატოს. ერთ-ერთი ასეთია UEFA-ს ჩემპონთა ლიგის დაჯილდოება.
2018 წლის UEFA-ს დაჯილდოება მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე გაიმართა. წლევანდელი დაჯილდოება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ქართველი გულშემატკივრებისთვის, რადგან უკვე ლეგენდად ქცეულ ფეხბურთელებთან ერთად ორგანიზაციის ჯილდო საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიასაც ერგო.
კაშია UEFA-ს ფავორიტების სიაში დევიდ ბექჰემთან, კრიშტიანუ რონალდუსთან, ლუკა მოდრიჩთან, სერხიო რამოსთან და კეილორ ნავასთან ერთად მოხდა.
ნახეთ On.ge-ს სტატია და გაიგეთ ვინ და რატომ დააჯილდოვა UEFA-მ.
გურამ კაშია - სპეციალური ჯილდო #EqualGame
#EqualGame UEFA-ს პროექტია, რომლის მიზანიც ფეხბურთში თანასწორუფლებიანობაა. პროექტის ფარგლებში ცნობილი ფეხბურთელები მხარდაჭერას უცხადებენ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს.
"ყველას უნდა შეეძლოს ფეხბურთით სიამოვნების მიღება. სულერთია ვინ ხარ, საიდან ხარ, ან როგორ თამაშობ. ეს არის #EqualGame - თანასწორი თამაში", - წერს UEFA.
კაშია პირველია, ვინც #EqualGame ჯილდო მიიღო. ქართველ ფეხბურთელს ჯილდო ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის და იმ შეუპოვრობისთვის ერგო, რაც მან აგრესიის და კრიტიკის საპასუხოდ გამოიჩინა.
კაშიას ბრძოლა თანასწორობისთვის
გურამ კაშიამ ვიტესის კაპიტნის რანგით თამაშისას მოედანზე ლგბტ ფერის სამკლაური გაიკეთა. საქართველოში საზოგადოების ნაწილმა, ჰომოფობიურ ნიადაგზე ეს მიუღებელ საქციელად მიიჩნა და კაშიას ნაკრებიდან გაძევება მოითხოვა. ნაკრების ვიცე-კაპიტანმა აგრესიის პასუხად განაცხადა, რომ თავის საქციელს არ ნანობს და ის ყოველთვის იბრძოლებს თანასწორუფლებიანობისთვის.
მოგვიანებით, ონლაინბულინგის გამო ფეხბურთელმა ფეისბუქის ვერიფიცირებული გვერდი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა. სოციალური ქსელის მომხმარებლები კი მის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და კამპანია #გურამშენთანვარ დაიწყეს.
თუმცა, ამავე მიზეზით, ჰომოფობიურ ნიადაგზე კაშიას მიმართ მუქარა გაგრძელდა. ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა განაცხადეს, რომ თუ კაშია ჯილდოზე უარს არ იტყოდა 9 სექტემბერს ნაკრების თამაშზე საპროტესტო აქციას გამართავდნენ. თამაშზევე გაიმართება ფეხბურთელის მხარდამჭერი აქციაც.
ამ მოვლენებზე გუშინ, 30 აგვისტოს UEFA-ს დაჯილდოებაზეც ისაუბრეს. წამყვანებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ კაშიამ, როგორც ნამდვილმა ლიდერმა, კრიტიკის მიუხედავად, უკან არ დაიხია და თავისი პოზიცია მყარად დააფიქსირა.
კაშია დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრო, რადგან თამაში ჰქონდა. ცერემონიაზე ფეხბურთელის ვიდეომიმართვა გაუშვეს, სადაც მან მადლობა გადაუხადა უეფას ჯილდოსთვის.
კაშიამ განაცხადა, რომ ეს ჯილდო მისთვის მნიშვნელოვანი იყო და როგორც სტადიონზე ისე სტადიონის მიღმა თანასწორუფლებიანობისთვის იბრძოლებდა.
კაშიას სიყვებს სხვა სტუმრებთან ერთად ოვაციებით შეხვდა დევიდ ბექჰემიც, რაც ქართველ ფეხბურთელს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
ლუკა მოდრიჩი - წლის საუკეთესო ფეხბუთელი
ამავე დაჯილდოებაზე გამოვლიდნენ წლის საუკეთესო მოთამაშეები სხვადასხვა ნომინაციაში. საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მადრიდის რეალის წევრმა, ლუკა მოდრიჩმა მიიღო.
მოდრიჩი UEFA-ს ლიგის ჩემპიონატის გამარჯვებული, UEFA-ს სუპერთასის მფლობელი, FIFA-ს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული და FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელია.
UEFA-ს განცხადებით, გასულ სეზონზე მოდრიჩმა თამაშის მაღალი კლასი აჩვენა, რომელიც აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდა. მათივე თქმით, მოდრიჩის წვლილი ხორვატიის ნაკრების ფინალში გასვლასა და მადრიდის რეალის ლიგის ჩემპიონობაში ძალიან დიდი იყო. სწორედ ამიტომ ერგო მას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.
პერლის ჰარდერი - წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი
კლუბ ვოლსბურგის კაპიტანი და დანიის ნაკრების თავდამსხმელი, პერლის ჰარდერი წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი გახდა.
ჰარდერი გერმანიის ჩემპიონატის გამარჯვებული, გერმანიის თასის მფობელი და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტია. 2017 წელს UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის ნომიანციაში ჰარდერი მეორე ადგილზე გავიდა.
UEFA-ს განცხადებით, 2017/18 წლებში ვოლსბურგის კაპიტანმა დიდი წვლილი შეიტანა კლუბის ლიგის ფინალში გასვლაში და ამით ტიტული დაიმსახურა.
კრიშტიანუ რონალდუ - წლის საუკეთესო თავდამსხმელი
მადრიდის რეალის ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად იუვენტუსის ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ UEFA-ს წლის საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო.
2017/18 წლის სეზონზე პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რომელიც მის კარიერაში მეხუთეა. ამავდროულად, რონალდუ ტურნირის საუკეთეო ბომბარდირი გახდა. კრიშტიანუს სხვა ტიტულების ჩამოთვლაზე დროს არ დავკარგავთ. (რონალდუს 2017/18 წლის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.)
სერხიო რამოსი - წლის საუკეთესო მცველი
UEFA-ს ჯილდოების აბსოლუტური უმეტესობა მადრიდის რეალის ფეხბურთელებს ერგოთ. წლის საუკეთესო მცველი მადრიდის რეალის კაპიტანი, სერხიო რამოსი გახდა. თან უკვე ზედიზედ მეორედ.
კეილორ ნავასი - წლის საუკეთესო მეკარე
საუკეთესო მეკარის ტიტულიც რეალის ფეხბურთელმა, კეილორ ნავასმა აიღო. ნავასისთვის ეს UEFA-ს პირველი ჯილდოა. აქამდე ნავასი საუკეთესო მეკარის ჯილდოზე ერთხელ იყო ნომინირებული.
დევიდ ბექჰემი - UEFA-ს პრეზიდენტის სპეციალური ჯილდო
გურამ კაშია არ ყოფილა ერთადერთი, ვისაც სპეციალური ჯილდო ერგო. UEFA-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა დევიდ ბექჰემი დააჯილდოვა.
ჩეფერინმა განაცხადა, რომ ბექჰემმა ფეხბურთის იმიჯი შეცვალა და გახდა მათი თაობის ნამდვილი კუმირი. მისი თქმით, ბექჰემმა ფეხბურთის პოპულარიზაცია კარიერის დასრულების შემდეგაც გააგრძელა, როცა ქველმოქმედება დაიწყო.
"ის იყენებს ფეხურთის ძალას, რომ დაეხმაროს ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობებით მთელ მსოფლიოში. ჩემი აზრით, მასზე მეტად ამ ჯილდოს არავინ იმსახურებდა", - განაცხადა ჩეფერინმა.
ჯილდოს მიღებისას კი თავად ბექჰემმა აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნო იყო იმ დაჯილდოებაზე ყოფნა, სადაც საუკეთესოები იყვნენ შეკრებილი.
კომენტარები