ეკრანების გათიშვის გამო ინგლისის მთავარი აეროპორტი დაფებსა და მარკერებზე გადავიდა
ლონდონის გეტვიკის აეროპორტში მიმავალ მგზავრებს ორშაბათს ფრენებზე ინფორმაციის მისაღებად ეკრანების ნაცვლად გორგოლაჭებიანი დაფები და ფერადი მარკერებით შეიარაღებული აეროპორტის თანამშრომლები დახვდნენ.
აეროპორტის წარმომადგენლის ტვიტში ახსნილია, რომ ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებამ აეროპორტის საინფორმაცია ეკრანების გათიშვა გამოიწვია. ადმინისტრაციამ რეაგირება სწრაფად მოახდინა და აეროპორტში დაფები განალაგა, რომლებსაც აეროპორტის ოფიცრები მუდმივ რეჟიმში ანახლებდნენ. მათი თქმით, ათი ათასობით მგზავრი აეროპორტიდან დროულად გაფრინდა და ამ შეფერხებას პრობლემები არ გამოუწვევია.
მგზავრები ამბობენ, რომ აეროპორტის წარმომადგენლები თვითმფრინავების აფრენისა და დაჯდომის დროებს ერთმანეთს შეძახილებითა და ტელეფონით აგებინებდნენ.
გეტვიკი ინგლისში ჰითროუს შემდეგ ყველაზე დაკავებული აეროპორტია და წელიწადში 45 მილიონ მგზავრს ემსახურება. ცნობილია, რომ აგვისტო აეროპორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული თვეა, ამის მიუხედავად, ორშაბათს დღის 5 საათზე ეკრანები კვლავ გათიშული იყო.
კომენტარები