ახლა მონიკა მქვია - ტრანსგენდერი ქალის ისტორია
ქალები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან თუ სოფლიდან, საჯაროდ, რეალურ ისტორიებს ჰყვებიან საკუთარ იდენტობაზე, ცხოვრებაზე, ბავშვობაზე, ოჯახსა თუ შვილებზე. მათ გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებამ უფრო ნათლად დაინახოს, თუ რა სოციალური, ან სხვა სახის პრობლემების წინაშე შეიძლება იდგნენ.
პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის ქალები საქართველოდან (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
საკუთარი თავის ძიებაში…
ზუსტად 5 თვის წინ ვაღიარე საკუთარ თავთან და ვთქვი ხმამაღლა მეგობრებთან, რომ მე ტრანსგენდერი ქალი ვარ და სხვაგვარად ცხოვრება არც შემიძლია და არც მიღირს. თუმცა ამ ძიების პროცესში 22 წელი გავატარე. 6 წლიდან იწყება ჩემი მეხსიერება და ამ პერიოდიდან მოყოლებული, ვაცნობიერებდი, რომ არ ვიყავი იმ ნორმების მატარებელი, რასაც საზოგადოება ბიჭს უწესებს.
ეს ისეთი რაღაცაა, ბავშვობიდან იცი – ან აცნობიერებ, ან ფიქრი გჭირდება. ისე გავიზარდეთ მე და ჩემი და, რომ თავად ჩამოვყალიბდით. არ ყოფილა ნორმები, რის მიხედვითაც გვზრდიდნენ. ავტომატურად ვიზრდებოდით და ვაცნობიერებდით რაღაცეებს. რაც მინდოდა იმას ვაკეთებდი, როგორი სათამაშოებიც მაინტერესებდა, იმით ვთამაშობდი. ძალიან ამოუცნობი ემოციები მქონდა იმ დროისთვის: აი, როცა ხედავ ჰეტერონორმატიულ თანატოლს, რომელიც მანქანებით თამაშობს და ვერაფრით ვერ ხვდები რა არის ამაში საინტერესეო. მერჩივნა დახუჭობანა ან წრეში ბურთი მეთამაშა, ან თუნდაც კომპიუტერში გოგოებისთვის ჩამეცვა ტანსაცმელი. პატარა დეტალებია, მაგრამ ეს დეტალები გიწყობს ხელს გააცნობიერო, რომ განსხვავებული ხარ. მაგრამ გიჭირს სახელის დარქმევა, სარჩულს ვერ უძებნი ამ ქცევას, იმიტომ რომ ჯერ პატარა ხარ, ჯერ ვერ გაგიაზრებია, რა ხდება შენს თავს.
ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს ოჯახში ძალადობას არ ქონდა ადგილი. მშობლებს არ აუკრძალავთ ჩემთვის იმ თამაშებით თამაში, რაც მაინტერესებდა. სამოსიც კი არ მცმია ტიპური ბიჭისთვის დამახასიათებელი, ყოველთვის უნისექსი სამოსი მეცვა. არც ამას მიკრძალავდნენ ოჯახში. ამიტომაც არ მახსენდება ჩემი ბავშვობა და თინეიჯერობა ტრაგიკულად და მტკივნეულად.
თუმცა მტკივნეული იყო საკუთარი თავის ძიების პროცესი. ეს იყო უდიდესი დაპირისპირება საკუთარ თავთან, სადაც არ არსებობდა მხოლოდ ერთი ადამიანი. ყველას ეშლებოდა ჩემი გენდერი. განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდა ეს უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას. ტაქსის მძღოლებს ყოველთვის ქალი ვეგონე და ქალბატონოთი მომმართავდნენ. რადგან ჩემი გენდერი მეც არ მქონდა გააზრებული, ასეთი მომართვა არა თუ მსიამოვნებდა, პირიქით, ძალიან მაწუხებდა. მახსოვს, ერთხელ წვერი მოვუშვი შეგნებულად, რომ ქალი არ ვგონებოდი ვინმეს. მაგრამ წვერიც ალაგ-ალაგ ამომდიოდა და ამ მომენტშიც წვერიან ქალად აღმიქვამდნენ. ხმაც ასეთი მქონდა, ქალური. მე კიდევ პასუხი არ მქონდა, ქალი ვიყავი თუ კაცი.
თუმცა, მახსოვს, რომ განუწყვეტლივ მქონდა ერთი ოცნება – თვალს რომ დავხუჭავდი, წარმოვიდგენდი, რომ ვიყავი ბიოლოგიურად ქალი, მყავდა შვილები და მეუღლე. ეს ოცნება იყო, ის რაც დამეხმარა გადამეფარა საკუთარ თავთან დაპირისპირების ურთულესი პროცესი. ეს ოცნება დამეხმარა იმაში, რომ საკუთარ თავთან კონფლიქტს არ მიეღო უმწვავესი ფორმები.
ყველა ტანსგენდერი ქალის სასკოლო ისტორიები ერთმანეთს გავს. მეც არ ვიყავი გამონაკლისი და ურთულესი ბულინგის ობიექტი ვიყავი სკოლაში. რას არ მეძახდნენ – პიდარასტო, ქალაჩუნა, ქეთო. ახლა სასაცილოდ არ მყოფნის ეს, მაგრამ იმ პერიოდში, როცა 13-14 წლის ხარ, ემოციურად უმძიმესი გადასატანი იყო. აი, ახლაც კი მბურძგლავს ტანში, ამას რომ გიყვებით.
თუმცა, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანს ვერ ნახავდით რომ არ ვუყვარდი. რა კარგი ბავშვია, როგორ გვიყვარსო, ამბობდნენ ჩემზე. ადამიანებს ვუყვარდი და ჩემს ადამიანობას ხედავდნენ.
ქამინგაუთი
5 თვის წინ მოვახდინე თვითაღიარება და ქამინგ აუთი გავაკეთე ახლობელ ადამიანებთან.
რას ნიშნავს თვითაღიარება? ერთი წინადადადებით შემიძლია გადმოვცე ეს ემოცია – ეს არის საკუთარ თავში ერთი პიროვნების პოვნა. ქამინგაუთის შემდეგ რომ დავიძინე და გავიღვიძე, ვიგრძენი, რომ ვიყავი ერთი პიროვნება, ერთი ადამიანი. ყველა დარდი, გაურკვევლობა და უბედურება გაქრა. იცით, თითქოს პეპელა ვიყავი, ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი. ამ სიმსუბუქისგან, ბედნიერების ტირილი ამივარდა. ვერც კი აღვწერ სიტყვებით ეს რა იყო, რამხელა ბედნიერება იყო.
პირველად დედას ვუთხარი, რომელიც საბერძნეთშია და მესინჯერით მოვუყევი. დედამ ვერ გაიგო და დამკარგა. მერე მეგობრბებს მოვუყევი და რამდენიმემ დამკარგა. სხვათა შორის რაღაც ტიპის დანაშაულის განცდა დამეუფლა მშობლების მიმართ. რადგან მათ არასდროს უძალადიათ და ყოველთვის გვერდით მედგნენ, დამეწყო ფიქრები იმაზე, რომ თითქოს მე მათი იმედები ვერ გავამრთლე და საკუთარი იდენტობის მოძებნით, დანაშაული ჩავიდინე მათ წინაშე. თუმცა მერე რომ გავაცნობიერე, მივხვდი, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და არ მიღირს არავის ფასად, დავთმო ის, რაც ჩემია და რაც მაბედნიერებს.
მიმაჩნია, რომ ვინც ქამინგაუთს აპირებს, ჯობია ფსიქოლოგს მიმართოს. ახლა ტრანსგენდერებს შეუძლიათ უფასოდ გაიარონ ეს მომსახურება. თუ არამდგრადი ფსიქიკა გაქვს, განადგურდები, ვერ გაუძლებ ზიზღს, თითის გამოშვერებს, დაცინვას. ჩემს გვერდში გამიმართლა რომ აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც გამიგო და გადავრჩი.
თავისუფლების უსასრულო პერიოდი
ახლა ქალის სამოსში დავდივარ. მე არ ვთვლი რომ ლამაზი ვარ. მე ვარ ერთი ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც უყვარს სადად ჩაცმა. გამომწვევად არასდროს მაცვია. 24/7-ზე ქუჩაში დავდივარ, იზოლაციაში არასდროს მიცხოვრია, ახალ ადამიანებს ვიცნობ და ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს. თავისუფლება, იმდენად ჩემია, რომ ყველა ხარკს გადავიხდი მისი შენარჩუნებისთვის. ცხადია, იმ გარემოში, სადაც სიძულვილი ჭარბობს სიყვარულს, მიდგას ფიზიკური საფრთხის პრობლემა, მაგრამ ვრისკავ, მიყვარს ცხოვრება, კომუნიკაცია და თავს ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ იზოლაციაში მოვექცე. ახლა მონიკა მქვია.
ყველა კარს თავისი გასაღები აქვს
მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. მამაჩემი იქ მძღოლად მუშაობდა და იცოდა ჩემი ოცნების შესახებ, რომ ჟურნალისტობა მინდოდა. დამეხმარა, რომ სწორ ადგილას მოვხვედრილიყავი. თავიდან, მამის დაჟინებული მოთხოვნით, ოპერატორის ხელოვნება შევისწავლე და ერთი წელის ოპერატორად ვმუშაობდი, თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტი გავხდი და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების „მოამბე“ რეპორტიორი ვიყავი. მოგვიანებით ბაკალავრის დიპლომიც ავიღე საოპერატორო, სამონტაჟო და ჟურნალისტის პროფესიის განხრით.
კიდევ ერთი ოცნებაც ავიხდინე – ვოკალის სკოლა გავიარე ვალერიან შიუკაშვილთან, სადაც სოფო ნიჟარაძე მასწავლიდა სპეციალობას. ახლა მზად ვარ, რომ სიმღერა ჩავწერო და ამას ძალიან მალე გავაკეთებ.
ზოგადად, ტრანსგენდერ ქალებს დასაქმება უჭირთ. ეს ერთი მხრივ გამოწვეულია ჰომოფობიური დამოკიდებულებებით და სამუშაო ადგილებზე მტრული განწყობებით, თუმცა, ბევრ ტრანსგენდერ ქალს შესაფერისი კვალიფიკაცია არ აქვს. ხშირად ამის მიზეზი ისაა, რომ 13 წლის ასაკიდან მათზე ოჯახი და გარემო ძალადობს, რის გამოც უწევთ სახლიდან გამოქცევა და შესაბამის განათლებას ვერ იღებენ. მერე უწევთ თვითგადარჩენისთვის ბრძოლა, რომ ელემენტარულად საკვების ფული ქონდეთ და თავშესაფარში იცხოვრონ. ასეთი სამუშაო ტრანსგენდერებისთვის სექს-სამუშაოა, რომელიც არ არის მათი არჩევანი და ყოველდღე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ მუშაობა.
სხვათა შორის, მეც მომიწია რაღაც პერიოდი სექს მუშაკად მუშაობა. გადარჩენისთვის მჭირდებოდა. დაახლოებით 3-4 თვე ვიმუშავე.თუმცა ჩემი ბუნების წყალობით არ ყოფილა მძიმე პერიოდი, რადგან ვიცოდი, რომ დროებითი იყო. მარტივი ფული მჭირდებოდა, რომ ცოტა დამეგროვებინა, ენების ცოდნაც გამეღრმავებინა და მერე დამეწყო მუშაობა სხვაგან.
სულ ორი კვირაა რაც არასამთავრობო ორგანიზაციის თანასწორობის მოძრაობა თელავის ფილიალის მენეჯერი ვარ. უკვე რამდენიმე მოწვევაც მაქვს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე. ამსტერდამში მივდივარ აივ-ვირუსის შესახებ სემინარში მონაწილეობის მისაღებად.
ალბათ გაგიკვირდებათ, როგორი თამამი ვარ, რომ ჩემი იდენტობის მქონე ადამიანმა, თბილისიდან თელავში გადავწყვიტე გადმოსვლა. მე ჩემი თავის იმედი მაქვს, ჩემი ადამიანობით, კეთილგანწყობით ვფიქრობ, რომ დამინახავენ ისეთს როგორიც ვარ.
აქ მაინცდამაინც მტრული გარემო არ შემხვედრია. როცა ხედავენ, რომ თავის დაცვა შემიძლია, თან კორექტულად, ბოდიშებსაც კი მიხდიან, თუ რამე ზედმეტი მაკადრეს.
საერთოდ ადამიანები ვერ ხვდებიან ჩემს შეცვლილ იდენტობას. იმდენად ბუნებრივად და სადად გამოვიყურები, რომ ზედმეტ შეკითხვებს არც კი ვიწვევ. ერთხელ ორი ხანშისესული ქალი შემხვდა ქუჩაში, თელავში, სახლში მეპატიჟებოდნენ, რომ „ვახუნა“ (ალბათ შვილი) გამეცნო. უარი რომ ვუთხარი, ხმამაღლა თქვა ერთ-ერთმა, დაანებე თავი, ვერ ხედავ ისეთი ჩანს, ვახუნას გაამწარებსო. ძალიან გავერთე ამ ამბავზე.
ჩემი მომავალი
აუცილებლად ვგეგმავ სქესის შეცვლას. ერთადერთი რა წინააღმდეგობაც მაქვს, თანხებთან არის დაკავშირებული. საქართველოში ეს ოპერაცია კეთდება ჯანმრთელობის უდიდესი რისკის ფასად. ყველაზე საიმედო ქვეყანა ტაილანდია, სადაც ოპერაცია 23 000-იდან 100 000-მდე და ზემოთ ღირს. ჩემი მიზანიც ფუტკარივით შრომაა, რომ თანხა დავაგროვო. სულ ვამბობ, რომ საფლავში მაინც ისე ჩავალ, რომ მექნება ქალის სხეული.
ვიბრძვი და მოვითხოვ, რომ პასპორტში სქესის გრაფაში მეწეროს ჩემი იდენტობის შესაბამისი სიტყვა, რადგან ამით გამიადვილდება ცხოვრება. აღარ ვიქნები დამცირებისა და ირონიის მსხვერპლი. საბუთში ცვლილება შემმატებს თავდაჯერებულობას და გამხდის უფრო ბედნიერს. ახლა იუსტიციის სამინისტრო გვაყენებს სტერილიზაციის აუცილებლობის წინაშე, რაც პირადად ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, დაუშვებელია.
ახლა სრულიად მარტო ვარ. ჯერ არავინ მყვარებია. როგორც ბავშვობაში, ახლაც ხშირად ვოცნებობ ოჯახზე, საყვარელ ადამიანსა და ბევრ შვილზე. 4-5 შვილი მაინც მინდა მყავდეს, როგორც საკუთარი, ასევე აყვანილი.
კაცთან შეხვედრისას ყველაზე მტკივნეული საკუთარი იდენტობის აღიარებაა. ამ დროს გულს მიკლავს ხოლმე იმის დანახვა, ან როგორ მაქცევენ ზურგს, ან ჩემთან მხოლოდ ეროტიული ურთიერთობა სურთ. ამიტომ ვარ მარტო
მე ადრე მიშო მერქვა, და არ მიტყდება ამის თქმა. არასდროს გამიტყდება, რადგან ამ ადამიანმა ამ სახელით ბევრი რამე გამოიარა, და ნახა. ამ ადამიანმა გამხადა მე ასეთი ძლიერი და ამიტომ ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
კომენტარები