ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია.

ქალების თითქმის მეხუთედს (22%) და კაცების მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. ქალების თითქმის მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.

რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევა 2017 წელს ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6 006 ქალი და 15-64 წლის 1 601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა.