საბჭოთა ჰიპები: კონტრკულტურა რკინის ფარდის ქვეშ
ვეტერანი მემარცხენეები ალბათ აღშფოთდებიან, მაგრამ პოპულარულ აღქმაში, ჰიპური კულტურა კვლავ პოლიტიკურ პროტესტთან ასოცირდება. 1960-იან წლებში, როდესაც სტუდენტურმა პროტესტმა პიკს მიაღწია, ახალი თაობის მემარცხენეებზე დიდი გავლენა იქონია ჰიპების მოძრაობასთან ასოცირებულმა მუსიკამ, ჩაცმის სტილმა და ვიზუალურმა ესთეტიკამ. მსგავსი სურათი დღემდე რჩება მემარჯვენეების მთავარ კარიკატურულ იარაღად.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კულტურული ამბოხება კაპიტალისტური დასავლეთის ფორდისტული საზოგადოებებისთვის იყო დამახასიათებელი, მან მაინც მოახერხა რკინის ფარდის გადალახვა და ლეონიდ ბრეჟნევის სტაგნაციურ და დახშულ საბჭოთა კავშირში, უნიკალურ ფორმად გარდაისახა. აქ, ათასობით უკმაყოფილო ახალგაზრდამ, რომლებიც საკუთარ თავს ჰიპებად აღიქვამდნენ, მიწისქვეშა ქსელი სახელად „სისტემა“ შექმნა.
სწორედ ეს მივიწყებული მოძრაობა აღმოჩნდა ესტონელი რეჟისორისა და ანთროპოლოგის, ტერიე ტოომისტუს დოკუმენტური ფილმის „საბჭოთა ჰიპები“ შექმნის საფუძველი. ფილმში ცივი ომის პერიოდის უნიკალური კულტურის ფრაგმენტებია აღბეჭდილი, რომელიც აღწერს ახალგაზრდების ანტიავტორიტარულ განწყობებს რკინის ფარდის ორივე მხარეს. რეჟისორს ჟურნალ Jacobin-ის რედაქტორი, ლორენ ბალჰორნი ესაუბრა.
ლბ: შენი ფილმი აღწერს ჰიპების ცხოვრებას და ქსელს სახელად „სისტემა“, რომელიც თავდაპირველად ბალტიის ქვეყნებში იყო კონცენტრირებული, თუმცა მოგვიანებით სრულიად საბჭოთა კავშირში გავრცელდა. როგორ დაერქვა მას „სისტემა“ და რატომ გახდა იგი გრძელთმიანი და მეამბოხე საბჭოთა ახალგაზრდების მეტსახელი?
ტტ: ჰიპების თქმით, ეს ყველაფერი, 1960-იანი წლების ბოლოს, ერთი ქარიზმატული მოსკოველი ჰიპის გარშემო დაიწყო, რომელსაც ზედმეტასახელად „სონცეს“ ეძახდნენ, რაც მზეს ნიშნავს. დროთა განმავლობაში, ისე მოხდა, რომ მასთან დაკავშირებულ ადამიანების წრეს „მზის სისტემა“ დაერქვა, რაც სავარაუდოდ გარდაიქმნა უკვე ჩვენთვის ნაცნობ „სისტემად“. თუმცა, იმ პერიოდისთვის, სისტემა ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებდა იმ დონეზე რასაც მოგვიანებით მიაღწია, როდესაც გარკვეული ღირებულებებისა და იდეალების მქონე ადამიანთა თვითმყოფად და თვითორგანიზებულ ქსელად ჩამოყალიბდა, რომლებიც ქვეყნის გარშემო მოგზაურობდნენ, სტუმრობდნენ ერთმანეთის სახლებს ან/და დიდ ბანაკებად იკრიბებოდნენ ბუნებაში.
ლბ: როდის ჩამოყალიბდა ეს ქსელი?
ტტ: კონკრეტული ქსელი 70-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. ძრაობას საფუძველი ცალკეულმა ინდივიდებმა ჩაუყარეს, რომლებიც საბჭოთა კავშრის დიდ ქალაქებში ცხოვრობდნენ და დასავლურ მუსიკასთან ჰქონდათ წვდომა. გარკვეული დროის შემდეგ, რა თქმა უნდა დაინტერესდნენ მათი მსგავსი ადამიანების არსებობით და მალევე დაუკავშირდნენ საერთო ხედვის სხვა გრძელთმიან ახალგაზრდებს. სწორედ აქედან დაიწყო „სისტემამ“ კულტურად ჩამოყალიბება. ჰიპებმა დაიწყეს მოგზაურობა და ერთმანეთთან სტუმრობა ან თუ გნებავთ “couch serfing”-ი. სისტემის წევრებმა საერთო სატელეფონო ბლოკნოტები შექმნეს, რაც საშუალებას აძლევდათ გაეცნოთ თანამოაზრეები და ემოგზაურათ კაუნასში, ტალინში ან სხვა ადგილებში.
ლბ: რაც შეეხება ჰიპების მოძრაობის პოლიტიკას; მეჩვენება, რომ მათი აჯანყება, დასავლური კონტექსტის მსგავსად, კონსერვატული შეხედულებებსა და სოციალური ნორმების წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა განსხავებული სოციო-ეკონომიკური სისტემისა და პოლიტიკური ინსტიტუტების პირობებში მიმდინარეობდა. საინტერესოა, რომ 1960-იან წლებში, როდესაც ბევრი ამერიკელი მეამბოხე, მაოს მიერ ჩინეთში გატარებულ კულტურული რევოლუციის იდეალიზაციას ახდენდა, შენ ფილმში, უამრავი რამ მიუთითებს ყოველივე ამერიკულის გაიდეალებაზე. თუმცა, როგორც ფილმიდან ჩანს, მოძრაობის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ჰიპების უმეტესობა საბჭოთა ელიტის ოჯახებიდან იყვნენ. რა ფაქტორებმა ან პრობლემებმა განაპირობა მათი [საბჭოთა ჰიპების] საბჭოთა საზოგადოებასთან გაუცხოვება?
ტტ: აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ნამდვილად იყო გარკვეული მსგავსებები, თუმცა იყო განსხავებებიც. საბჭოთა კავშირში პაციფიზმი არ იყო წმინდად პოლიტიკური მოვლენა - იგი გავლენას ყოველდღიურ, მიწიერ დონეზეც ახდენდა. იმ პერიოდის საბჭოთა საზოგადოება ღრმად ავტორიტარული და ძალიან მილიტარისტული იყო. ჰიპების უმეტესობამ უარყო მსგავსი შეხედულებები და საკუთარი ყოველდღიური ცხოვრების მორგება, ისეთი ღრებულებების გარშემო სცადეს, როგორებიცაა „მშვიდობა“ და „სიყვარული“.
როგორც უკვე აღვნიშნე, საბჭოთა ჰიპების მოძრაობა, დაიწყო იქ, სადაც ადამიანებს დასავლურ მუსიკასთან და ჟურნალებთან ჰქონდათ წვდომა. მსგავსი შესაძლებლობა კი, მხოლოდ ელტებს გააჩნდათ - ეს იყო ერთადერთი ჯგუფი რომელსაც დასავლურ სიკეთეებზე მიუწვდებოდა ხელი. მაღალი თანამდებობის პირებს, კომუნისტური პარტიის წევრებს, კა-გე-ბეს აგენტებს და ა.შ. შეეძლოთ დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობა, საიდანაც ხშირად ეგზოტიკური საჩუქრები ჩამოჰქონდათ თავიანთი შვილებისთვის. ამ ელიტის შვილებსაც, რა თქმა უნდა, მეტი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნდათ პირატულად ჩაწერელი ფირფიტების შესაძენად, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირდა. ხშირად მსმენელები ერთიანდებოდნენ და საზიაროდ ყიდულობდნენ ჩანაწერებს, რომელსაც ამრავლებდნენ.
გარკვეული გაგებით, ეს ყველაფერი სოციალურ უთანხმოებას შეიცავდა, თუმცა, ასევე კავშირში იყო სტატუსსთან - თუკი კარგი ჩანაწერების კოლექცია გქონდა, ბევრი მეგობარიც გეყოლებოდა. ამის გამო, საწყის ეტაპზე, ჰიპები ძირითადად ძლიერი საბჭოთა ოჯახების შვილები იყვნენ. ხოლო, რაც შეეხება იდეოლოგიებს, რა თქმა უნდა, ხდებოდა დასავლეთის, როგორც „თავისუფალი სამყაროს“, იდეალიზაცია, რაც თავისუფალი ბაზრის შესახებ ნაკლებად შეიძლება ითქვას.
ლბ: თუმცა მაინც არსებობდა გარკვეული სიმპათია თავისუფალი ბაზრის მიმართ?
ტტ: დიახ, რადგან ისინი თავისუფალ ბაზარს კარგ მუსიკასთან და ჯინსებთან აიგივებდნენ, თუმცა ეს არ იყო კაპიტალიზმის, როგორც ასეთის, მხარდაჭერა - მხოლოდ მოხმარების თავისუფლების იდეა ხიბლავდათ. ეს უკანასკნელი კი, მეტ-ნაკლებად, საბჭოთა საზოგადოებასაც ეხებოდა: მოხმარება რეპრესირებული იყო, შესაბამისად ხდებოდა მისი იდეალიზაცია. ძნელია განსაჯო ამ წარმოდგენებისთვის ადამიანები, რომლებიც ჯინსების ჩაცმით გამოხატავდნენ თავისუფლების წყურვილს. გასაგებია, რომ იმ საზოგადოებაში, სადაც შეზღუდულია სამომხმარებლო საქონელზე წვდომა, მოხმარება ასეთ მნიშნველობას იღებს.
ლბ: ფილმში საერთოდ არ არის ნახსენები 1979 წლის საბჭოთა კავშირის შეჭრა ავღანეთში. როგორ ფიქრობ, იქონია ავღანეთის ომმა რაიმე გავლენა ჰიპების მოძრაობაზე? გააძლიერა ის? ან თუ იყო რაიმე სახის ანტი-საომარი განწყობები?
ტტ: დიახ, ფილმი ავღანეთის თემას არ ეხება, რადგან იგი ჰიპების მოძრაობის დაბადებაზეა კონცენტრირებული, რომელიც საზოგადოებისთვის ხილულ ერთობად 1971 წელს იქცა, როდესაც ჰიპებმა ვიეტნამის ომი გააპროტესტეს მოსკოვში. ეს მომენტი იმიტომ შეირჩა, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიცია და ჰიპებს შორის გავრცელებული პაცეფიზმი ერთმანეთს დაემთხვა. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო თავად ჰიპების მოძრაობისთვისაც, რადგან ყველა მათგანი დაიჭირეს და აღრიცხვაზე აიყვანეს - რის შემდეგაც ჰიპობა საბჭოთა კავშირში საშიში გახდა.
ამ გზით, ხელისუფლებამ მოძრაობის პოლიტიკური შემადგენელი მოკლა, რის შედეგადაც იგი უფრო ანდერგრაუნდ, შიგნით მიმართულ და შესაძლოა სპირიტუალურ მოძრაობად იქცა, რომელიც უფრო მეტად დაუკავშირდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. სოციალური და პოლიტიკური ასპექტები მთლიანად გამოირიცხა. როდესაც ძველ ჰიპებს ვეკითხები, იყვნენ თუ არა პოლიტიკურები, როგორც წესი, მპასუხობენ, რომ ისინი პოლიტიკას სტაგნაციად აღიქვამენ. ისინი გრძნობდნენ, რომ მათთვის საბჭოთა საზოგადოების შეცვლის არანაირი გზა არ არსებობდა და რომ ნებისმიერი მცდელობა ციხემდე მიიყვანდათ. გარკვეულწილად, ვფიქრობ, რომ მათი ეს შიგნით მიმართული ხედვა და პოლიტიკის უარყოფა - თავისთავად არის პროტესტის ფორმა.
ლბ: არსებოდა რაიმე კავშირი სისტემას, იგივე ჰიპი მოძრაობასა და ლენინგრადის ინტელიგენციას ან საბჭოთა დისიდენტურ ავანგარდს შორის? თუ ეს სრულიად განსხვავებული სოციალური წრეები იყო?
ტტ: კავშირები ნამდვილად არსებობდა. მაგალითად, ესტონეთში, სადაც საზოგადოება, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, შედარებით თავისუფალი იყო - მუსიკაში, ლიტერატურასა და ხელოვნების სხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები, ყოველთვის რჩებოდნენ ოფიციალური და არაოფიციალური სფეროების შუალედში, ახერხებდნენ რა თავისუფალი და რადიკალური ხელოვნების შექმნას ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭების გარეშე. ბევრი ახალგაზრდა, სანამ თავს დაიმკვიდრებდა და აღიარებას მოიპოვებდა "ოფიციალური" საბჭოთა ხელოვანების მხრიდან, ჩართული იყო ჰიპი კულტურაში. მე განზრახ ვამახვილებ ყურადღებას სისტემაზე, უფრო რადიკალურ ჰიპების დაჯგუფებაზე, რომლებიც მართლაც განუდგნენ საბჭოთა საზოგადოებას და მოგზაურობდნენ ქვეყნის გარშემო როგორც თავისუფალი ადამიანები. თუმცა, რა თქმა უნდა, ხელოვანებსა და ინტელიგენციას შორის გადაკვეთის წერტილები არსებობდა.
ლბ: რა შეგიძლია თქვა გენდერის შესახებ, არსებობდა თუ არა ფემინისტური შემადგენელი ამ წრეში? ფილმში ამ თემაზე აქცენტი თითქმის არ კეთდება, თუმცა, რამდენიმე ინტერვიუში ჩანს, რომ ამ ჯგუფის გენდერული შეხედულებები არცთუ პროგრესული იყო.
ტტ: საბჭოთა ჰიპებში სექსუალური რევოლუცია არ მომხდარა იმ გაგებით, როგორც ეს გვესმის დასავლეთის ჰიპებთან მიმართებაში - კომუნები, თავისუფალი სიყვარული და ა.შ. საბჭოთა ჰიპებს უყვარდებოდათ ერთმანეთი, მოგზაურობდნენ წყვილებად, იცლიდნენ პარტნიორებს და ა.შ. თუმცა, "თავისუფალი სიყვარულის" ელემენტი არ არსებობდა. რა თქმა უნდა, სექსი დიდი რაოდენობით იყო, თუმცა ძირითადად საბჭოთა კავშირის გარშემო მოგზაურებს შორის. ამ მხრივ ეს საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თუმცა ბევრად უფრო ლიბერალური სახის, ვიდრე დანარჩენ საბჭოთა საზოგადოებაში.
მე რამდენიმე ჰიპი ქალს ვკითხე, თვლიდნენ თუ არა ისინი თავს ფემინისტებად. ისინი, როგორც წესი, მპასუხობდნენ, რომ ეს მათ ცხოვრებას არ ეხებოდა (გამონაკლისების გარდა, რა თქმა უნდა). თუმცა, მოვისმინე ერთი ამბავი, ქალზე, სახელად ოფელია, ჰიპების ჯგუფის ლიდერზე მოსკოვში, რომელიც ფსიქოდელიური ნივთერებებით იყო გატაცებული. მას ერთდროულად რამდენიმე მეგობარ მამაკაცთან ჰგონდა ურთიერთობა და რეალობაში ახორციელებდა "თავისუფალი სიყვარულის" იდეას. ბევრი სხვა ძლიერი ქალიც იყო ამ წრეში, თუმცა ზოგადად, ასე ვთქვათ "ქალი ქალია და კაცი კაცია" შეხედულება რჩებოდა. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგი ქალი ამ წრეში, მხოლოდ მას შემდეგ ხვდებოდა რაც ჰიპი მამაკაცი უყვარდებოდათ.
ლბ: სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, გარკვეული თანხვედრა მოხდა პრო-დემოკრატიულობასა და ნაციონალიზმის აღზევებას შორის. თუ არსებობდა ანალოგიური დინამიკა საბჭოთა ჰიპი საზოგადოებაში? მაგალითად, ფილმში, ერთ-ერთი უკრაინელი ჰიპი საუბრობს რუსეთის სიძულვილზე.
ტტ: თან კი, თან არა. ზოგი ჰიპი ნამდვილად გაუთამამდა ნაციონალიზმს, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში, სადაც ადამიანები საბჭოთა ეპოქას ოკუპაციად განიხილავდნენ და შესაბამისად, პატარაობიდანვე ნაციონალისტური ელფერით იზრდებოდნენ. ამის მიუხდავად, სისტემა მულტიკულტურული და მულტინაციონალური იყო, სადაც რუსული ხშირად სასაუბრო ენად გამოიყენებოდა. ის ჰიპები, რომლებიც ჩაუღრმავდნენ სპირიტუალიზმს, არ იყვნენ დაკავშირებული 80-იანი წლების ნაციონალიზმის ზრდასთან, თუმცა ფილმის რამდენიმე მთავარი გმირი, განსაკუთრებით უკრაინელები, ცოტათი უფრო ურევდნენ ერთმანეთში ნაციონალიზმსა და ჰიპი კულტურას.
ფილმში, როგორც თავად ნახეთ, პოსტ-საბჭოთა ჰიპების ნაწილი პაციფიზმის ერთგული დარჩა და მაგალითად, აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების საწინააღმდეგო აქციის ორგანიზებაც კი სცადეს. მოსკოვის ყოველწლიური ჰიპების შეკრება, სადაც ფილმის ფინალური სცენა გადავიღეთ, 1971 წლის იმ ანტისაომარი პროტესტის უკვდავყოფაა, რის შემდეგაც შეიტყო საზოგადოებამ ჰიპების შესახებ. ბევრმა ადამიანი, ვისაც იქ ვესაუბრეთ, გარკვეულ კავშირს გრძნობს იმ დროის პაციფიზმსა და თანამედვეობას შორის.
ლბ: ფილმში ერთი ძალიან საინტერესო სცენაა, სადაც ასაკით უფროსი ორი ჰიპი, გაოცებულ ახალგაზრდებს, ოპიუმისა და მარიხუანას კულტივაციის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ამ მცენარეების რეკრეაციული მიზნით მოხმარების პრაქტიკა დასავლეთიდან შემოვიდა თუ ადგილობრივი ტრადიციებს ეყრდნობოდა?
ტტ: ეს ნარკოტიკები უკვე არსებობდა. ისე არ მომხდარა, რომ ერთ დღესაც, საბჭოთა ჰიპებმა გაიფიქრეს "დასავლეთში ჰიპები პლანს ეწევიან? მოდი, მაშინ ჩვენც მოვნახოთ სადმე მარიხუანა!". რუსეთში, ცენტრალურ აზიასა და უკრაინაში არსებობდა კანაფის მდელოები, რომელსაც ძირითადად ინდუსტრიული მიზნებისთვის იყენებდნენ. ძველი ჰიპები იხსენებენ ამბებს თუ როგორ დარბოდნენ შიშველი ჰიპი ქალები ამ მდელოებში და თუ როგორ აგროვებდნენ გაოფლილ სხეულზე მიკრულ მარიხუანას მტვერს, ჰაშიშის გასაკეთებლად.
მეც გაოცებული დავრჩი იმით თუ რა რაოდენობის ნარკოტიკი ბრუნავდა მაშინ. მარიხუანას რაოდენობის ყველაზე მცირე საზომი ერთეული ასანთის კოლოფი იყო, შემდეგ მოდიოდა ჩაის ჭიქა, რის შემდეგაც, ხშირად მთელი კალათი იგულისხმებოდა. ბოლოს და ბოლოს ხელისუფლებაშიც მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა კანაფის გარშემო, თუმცა მათი უკმაყოფილება მეტწილად კომერციულმა ნაწილმა გამოიწვია.
ხელისუფლება მოქალაქეების "სპეკულაციაში" ჩართვას უფრო განიცდიდა, ვიდრე მარიხუანას მოხმარებას. ვფიქრობ, რომ ჩინოვნიკების უმეტესობა ვერც კი ხვდებოდა რასთან ჰქონდათ საქმე. უამრავი ისტორია არსებობს იმის შესახებ თუ როგორ ეძებდნენ პოლიციელები აკრძალულ ლიტერატურას ჰიპების სახლებში, თუმცა საერთოდ არ იმჩნევდნენ სამზარეულოს მაგიდაზე მიყრილ მარიხუანას გროვას. ბევრი ძველი ჰიპი იხსენებს თუ როგორ თავისუფლად ეწეოდნენ მარიხუანას კაფე მოსკოვში, ტალინის ცენტრში, რადგან სუნზეც კი ვერავინ ხვდებოდა თუ რა იყო ეს. ოპიუმის მოხამარებისთვის კი ხშირად ოპიუმის ჩაის აყენებდნენ, თუმცა რაოდენობის განსაზღვრა რთული იყო, რის გამოც ზოგჯერ ადამიანები ზედოზირებით იღუპებოდნენ.
ლბ: შევამჩნიე, რომ საბჭოთა ეპოქის როკ მუსიკა ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანია და ზოგადად დასავლური პოპ-როკის მიმდინარეობების ნაზავს წარმოადგენს, რომელსაც საკუთარი შემოქმედებაც ემატება, რაც საკმაოდ მოულოდნელი და საინტერესოა ამერიკული ან ბრიტანული მუსიკის მსმენელისთვის. რამდენად შესაძლებელი იყო ამ მუსიკოსებისთვის თავიანთი შემოქმედების სახელმწიფო არხებით გავრცელება? ფილმში ნაჩვენები ზოგიერთი მუსიკალური კლიპი, საკმოდ მაღალი ხარისხით არის შესრულებული. ქონდათ კი მათ შესაძლებლობა, რომ გამოეყენებინათ ტელევიზია ან რადიო, თუ მთლიანად ანდერგრაუნდში იყვნენ გადასული?
ტტ: ძირითადად მაინც ანდერგრაუნდში არსებობდნენ. მუსიკის პროფესიონალურ დონეზე ჩაწერა ნამდვილი "სასწაული" იყო. მაგალითად, 1976 წელს, ესტონურმა მუსიკალურმა ჯგუფმა Suuk, სახელმწიფოს ხმისჩამწერ სტუდიაში, თავიანთი ალბომის ჩაწერა ერთ დღეში მოახერხა. ეს, რა თქმა უნდა, ესტონეთის შემთხვევაში იყო შესაძლებელი, სადაც ადამიანები შედარებით უფრო მეტი თავისუფლებით სარგებლობდნენ, ვიდრე დანარჩენ საბჭოთა კავშირში. სწორედ ამიტომ იყო ესტონური სცენა უფრო გამოკვეთილი. მიუხედავად ამისა, ეს ბენდები თითქმის არასდროს ქვეყნდებოდნენ სახელმწიფო ხმისჩამწერი ლეიბლის "მელოდია"-ს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გამონაკლისი მაინც არსებობდა, ეს ძალიან იშვიათი და ბუნდოვანი შემთხვევები იყო. ძალიან რთულია რუსული ანდერგრაუნდის მაღალი ხარისხის ჩანაწერების პოვნა. ხმისჩამწერ აპარატურაზე შეზღუდული წვდომის გამო, ბენდები იძლებული იყვნენ იმპროვიზაციისთვიის მიემართათ, რაც კრეატიულობასა და გამომგონებლობას მოითხოვდა. სწორედ ამის გამო, მათი მუსიკა უნიკალური და სპეციფიური საუნდით ხასიათდება.
ლბ: ფილმში ნაჩვენებია ნაწყვეტი საბჭოთა კინოჟურნალიდან, რომელიც საბჭოთა ჰიპებს სატელეფონო ჯიხურების სადენების მოპარავაში ამხელს, რომლის მეშვეობითაც ისინი ელექტროგიტარებს აწყობდნენ. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ გავრცელებული ბრალდება იყო მათ მიმართ. რა ხდებოდა სინამდვილეში?
ტტ: საბჭოთა კავშირში ფართოდ იყო გავრცელებული ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში წარმოებული მუსიკალური ინსტრუმენტები, თუმცა ხშირად ადამიანები თვითონ აწყობდნენ ელექტროგიტარებს. 1960-იან წლებში, ახალგაზრდა ჰიპები, ტელეფონის ელექტრომაგნიტული სპირალების გამოყენებით, აკუსტიკურ გიტარების ელექტრონულ გიტარებად გადაკეთებას ახერხებდენ. რადგან მსგავსი გადამყვანი მოწყობილობის შოვნა შეუძლებელი იყო, ახალგაზრდები იძულებული იყვნენ იმპროვიზაციისთვის მიემართათ, რის გამოც აზიანებდნენ სატელეფონო ჯიხურებს.
ლბ: ფილმში ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ ჰიპი მოძრაობაში ყოფნის გამო, მშობლები ან სახელმწიფო სტრუქტურები, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში აგზავნიდნენ. რამდენად გავრცელებული იყო ეს პრაქტიკა?
ტტ: ფილმში, ერთ-ერთი ჰიპი ყვება თუ როგორ გაგზავნა დედამისმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რადგან მისმა აღფრთოვანებულმა რეაქციამ, ჯგუფ The Beatles-ის ალბომის, Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band პირატულ ჩანაწერზე, დედას აფიქრებინა რომ იგი შეიშალა. ეს შემთხვევა გვიჩვენებს თუ რამდენად ძლიერი სოციალური ნორმები არსებობდა საბჭოთა საზოგადოებაში და ასევე მიუთთებს არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ მოსახლეობის დიდი ნაწილის მოძველებულ და კონფორმისტულ კულტურაზე. პოლიციის გარდა, ჰიპები, რიგითი მოქალაქეების მორალურ წნეხსაც განიცდიდნენ, რომლებიც მათ "გრძელთმიანებად" მოიხსენიებდნენ, პოლიციაში ასმენდნენ ან შეურაცხყოფას აყენებდნენ ქუჩაში.
სწორედ ამიტომ, ის ჰიპები რომლებიც ლიდერებად იყვნენ აღქმული, ან უბრალოდ ზედმეტად ხვდებოდნენ თვალში ხელისუფლებას, ხშირად ჩვეულებრივი ციხის მაგივრად ფსიქიატრულ საავადმყოფოში იგზავნებოდნენ. ჰიპებისთვის, ყველაზე საშიში, განსაკუთრებით მკაცრ, კანისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ჰოსპიტალში მოხვედრა იყო. ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები ტილების არსებობას იმიზეზებდნენ, რათა დაკავებული ჰიპებისთვის იძულებით გადაეპარსათ გრძელი თმები. ბევრი მათგანისთვის ეს ძალიან მძიმე გადასატანი იყო, რადგან მაშინდელ საბჭოთა კავშირში, გრძელი თმა თავისუფლების გამოხატულებასა და ნონკონფორმიზმის სიმბოლოს წარმოადგენდა.
საინტერესოა, რომ ბევრი ჰიპი და დისიდენტი საკუთარი ნებით მიამრთავდა ფსიქიატრიულ კლინკიებს, რათა თავიდან აეცილებინათ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ასეთ კლინიკებში ისინი ხშირად ხვდებოდნენ იგივე მიზეზით მოხვედრილ სხვა ხელოვანებს, მუსიკოსებსა და ზოგადად "ბოჰემურ" ადამიანებს. დროთა განმავლობაში, ჰოსპიტალის თანამშრომლები მიხვდნენ მათ სტრატეგიას და მალევე უსვამდნენ დიაგნოზს, რათა დროულად გაეწერათ საავადმყოფოდან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჰიპისთვის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვედრა საშინელად ტრავმული გამოცდილება იყო, ზოგიერთი მათგანი მაინც ახერხებდა პოზიტიური სოციალური სარგებლის მიღებას.
ლბ: როგორ აფასებენ საბჭოთა ჰიპები განვლილ გზას, ოცდაათი და ორმოცი წლის შემდეგ? ამაყობენ იმით რასაც აკეთებდნენ? ენატრებათ ეს ყველაფერი?
ტტ: უკვე ექვსი წელია რაც ამ პროექტზე ვმუშაობ, რომლის ფარგლებშიც მოვაწყვეთ გამოფენა მუზეუმში, ფილმი კი, ესტონეთის კინოთეატრებში რამდენიმე თვის განმავლობაში გადიოდა. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰიპების ძველი ურთიერთობებისა და კონტაქტების აღდგენაში, რამაც, თითქოს გააცოცხლა ეს მოძრაობა - სულ მცირე მოგონებები მაინც. ბევრი შემორჩენილი ჰიპი იმედოვნებს, რომ ფილმი და მასში ასახული ისტორია, შთაგონების წყაროდ იქცევა თანამედროვე ახალგაზრდებისთვის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 1970-იანი წლების შემდეგ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, სოციალურ-პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა, ბრძოლა მილიტარიზმისა და სოციალური კონფორმიზმის წინააღმდეგ, დიდწილად იგივე დარჩა.
კომენტარები