"ხვალიდან ვარჯიშს ვიწყებ" — ეს ფრაზა ალბათ ბევრ ჩვენგანს არაერთხელ უთქვამს. ხშირად ვარჯიშის დაწყება კიდევ ერთ უსიამოვნო ვალდებულებასთან ასოცირდება. თუმცა, ფიზიკური აქტივობა მხოლოდ სასურველი შედეგის მისაღწევად საჭირო ამბავი არაა, ის შეიძლება ენერგიის, უკეთესი განწყობისა და საკუთარ თავზე ზრუნვის სასიამოვნო ნაწილიც გახდეს. იმისთვის, რომ ვარჯიში ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილი გახდეს, რამდენიმე მარტივი რჩევის გათვალისწინება დაგეხმარებათ.

1. იპოვე ის აქტივობა, რაც მართლა გსიამოვნებს

ვარჯიში მხოლოდ მძიმე ტრენაჟორების აწევას ან სარბენ ბილიკზე საათობით დგომას არ ნიშნავს. თუ დარბაზში სიარული არ მოგწონს, თავს ნუ დააძალებ. სცადე ცეკვა, ცურვა, იოგა, ველოსიპედით სეირნობა, პილატესი ან უბრალოდ სწრაფი სიარული პარკში. მთავარია, იპოვო ფიზიკური აქტივობა, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და რომლისთვისაც დროის გამოყოფა არ დაგეზარება.

2. დაიწყე ძალიან მცირედით — 5-10 წუთით

პირველივე დღეს საათნახევრიანი მძიმე ვარჯიშის დაგეგმვა შეიძლება "კარგ მოტივატორად" მოგეჩვენოს, მაგრამ ხშირად ამას კუნთების ძლიერი ტკივილი და მოტივაციის დაკარგვა მოჰყვება, ამიტომ თავიდანვე თავის გადატვირთვა საჭირო სულაც არაა. დაიწყე დღეში 5-10 წუთით და შემდეგ, სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით, ნელ-ნელა დრო გაზარდე. როცა ვარჯიში ზედმეტად რთულ დავალებად არ აღიქმება, მისი ჩვევად ქცევაც უფრო მარტივი ხდება.

3. დააკავშირე ვარჯიში სასიამოვნო რიტუალთან

ვარჯიში უფრო სასიამოვნო რომ გახდეს, შეგიძლია ის სხვა საყვარელ აქტივობას დაუკავშირო. ჩართე შენი საყვარელი ფლეილისთი, საინტერესო პოდკასტი, აუდიოწიგნი ან სერიალი, რომელსაც მხოლოდ ვარჯიშის დროს უყურებ. ასე შენს ტვინს ექნება რაღაც, რასაც ყოველი ვარჯიშისას დაელოდება.

4. ყურადღება მიაქციე შეგრძნებებს და არა მხოლოდ შედეგს

თუ ვარჯიშს მხოლოდ სასწორზე ნაჩვენები ციფრის ან სარკეში სწრაფი ცვლილების მოლოდინით იწყებ, შედეგის დაგვიანებამ შესაძლოა მოტივაცია შეგიმციროს. ყურადღება მიაქციე იმასაც, როგორ გრძნობ თავს ვარჯიშის შემდეგ. უკეთესი განწყობა, მეტი ენერგია, ნაკლები დაძაბულობა ან ხარისხიანი ძილი ის ცვლილებებია, რომლებიც შესაძლოა ბევრად ადრე შეამჩნიო. სწორედ ეს პატარა ცვლილებები შეიძლება გახდეს გაგრძელების ყველაზე კარგი მოტივაცია.

5. იპოვე პარტნიორი ან ჯგუფი

მეგობართან ერთად ვარჯიში პროცესს უფრო სახალისოს ხდის და დაწყებასაც ამარტივებს. გარდა ამისა, როცა იცი, რომ ვიღაც გელოდება, ვარჯიშის გადადების ან გაცდენის შანსიც მცირდება. ასევე, შეგიძლია შეუერთდე ჯგუფურ აქტივობას ან იპოვო თუნდაც ფეისბუქ ჯგუფი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მსგავსი მიზნები ან ინტერესები აქვთ.

გახსოვდეს, რომ ვარჯიშის დაწყება საკუთარ თავთან ბრძოლას არ უნდა ჰგავდეს. დაიწყე მცირე ნაბიჯებით, იპოვე ის, რაც ნამდვილად გსიამოვნებს და მიეცი საკუთარ თავს დრო, რომ მოძრაობა ნელ-ნელა ყოველდღიურობის ბუნებრივ ნაწილად იქცეს.