4000-კილოგრამიანმა კოსმოსურმა ხომალდმა მთვარის ზედაპირს სამი ტონა TNT-ის ტოლი ენერგიით დაარტყა, რამაც მტვრის ღრუბელი და ახალი კრატერი დატოვა. ანალოგიური სიმძლავრის ბუნებრივი მეტეორიტი მთვარეს, საშუალოდ, ექვს დღეში ერთხელ ეჯახება, თუმცა ხელოვნური ობიექტების შეჯახება გაცილებით იშვიათია. მკვლევრების გამოთვლით, რაკეტა მთვარეს თბილისის დროით 10:35 საათზე დაეჯახებოდა.

მეცნიერების ვარაუდით, შეჯახებისას შეიძლებოდა შესამჩნევი ყოფილიყო სუსტი ციმციმი, თუმცა ტელესკოპებით დამკვირვებელმა მოყვარულმა ასტროფოტოგრაფებმა დედამიწიდან შეჯახების ვერანაირი ნიშანი ვერ დაინახეს. ამერიკის სახმელეთო ტელესკოპები აფეთქების ნიშნებს აკვირდებოდა, თუმცა შედეგების დანახვას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, ხოლო მთვარის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური ხომალდები მომდევნო დღეებში, შეჯახების ადგილის თავზე გავლისას, გადაღებულ კადრებს გამოგზავნის.

რაკეტის ეს ნაწილი Falcon 9-ის ხომალდის ნაწილია, რომელიც 2025 წლის იანვარში გაუშვეს და მთვარის ზედაპირზე სადესანტო აპარატი მიჰქონდა.

SpaceX-ის Falcon 9-ის რაკეტა კენედის კოსმოსური ცენტრიდან, კეიპ-კანავერალიდან, 2025 წელს, ძირითადი და დამატებითი ტვირთით, იაპონური კომპანია ispace-ის სადესანტო აპარატით Resilience, გაეშვა

ფოტო: Reuters

ჩვეულებრივ, SpaceX-ის ზედა საფეხურები დედამიწის ატმოსფეროში უბრუნდება და შემდეგ იწვის ან ოკეანეში ვარდება. თუმცა მთვარეზე სადესანტო აპარატის მისიას დედამიწასთან ახლოს არსებულ მისიებზე მეტი ბიძგი სჭირდებოდა, რის გამოც რაკეტის ზედა საფეხური კოსმოსში, თავისუფალ ფრენაში დარჩა.

SpaceX-ს რაკეტის მთვარესთან შეჯახება არ განუზრახავს, თუმცა წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ ის მთვარის ზედაპირისკენ მიემართებოდა, და, რადგან მთელი საწვავი უკვე დახარჯული ჰქონდა, კურსის შეცვლა არ შეეძლო.

"რაც მოხდა, არსებითად, მზის აქტივობისა და გრავიტაციული ძალების კომბინაციაა, რამაც ის მთვარისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე დააყენა", — თქვა SpaceX-ში NASA-ს სამეცნიერო და Dragon-ის პროგრამების დირექტორმა ჯულიანა შაიმანმა, რომელიც ჟურნალისტებს ორშაბათს ესაუბრა.

NASA-ს წარმომადგენლებმაც ხაზი გაუსვეს, რომ შეჯახება დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

შეჯახებამ მეცნიერებში დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ იმედი აქვთ, რომ ამის შესწავლით უკეთ გაიგებენ, ამგვარი შეჯახებები მთვარეს როგორ ცვლის, და იმ საფრთხეებს შეაფასებენ, რომლებიც შეიძლება მომავალში იქ მცხოვრებ ასტრონავტებს შეექმნათ. მთვარის ზედაპირს კოსმოსური საგნები რეგულარულად ეჯახება, თუმცა ამგვარი შეჯახებების პროგნოზირება უფრო რთულია და, შესაბამისად, დეტალურად დაკვირვებაც გაცილებით რთულდება.

ექსპერტების გაფრთხილებით, ეს ინციდენტი ასევე კოსმოსში რაკეტების გაშვების შედეგად დაგროვილი ნარჩენების მზარდ რაოდენობას უსვამს ხაზს.

"ამას, შესაძლოა, გარკვეული, ალბათ მინიმალური, სამეცნიერო მნიშვნელობა ჰქონდეს, და შესაძლოა, აქედან რაღაცის სწავლაც შევძლოთ. ეს არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ცხადყოფს გარკვეულ დაუდევრობას იმასთან დაკავშირებით, როგორ განკარგავენ კოსმოსური ტექნიკის ნარჩენებს (კოსმოსურ ნაგავს)", — თქვა ფართოდ გამოყენებული საასტრონომიო პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელმა ბილ გრეიმ, რომელმაც აპრილში ამ საფეხურის შეჯახებაზე ანგარიში გამოაქვეყნა.

მთვარეზე კოსმოსური ნაგვის შეჯახება იშვიათია.

მთვარეს 2022 წლის მარტში, ჩინური რაკეტის საფეხური მთვარის სატესტო მისიის დასრულების შემდეგ დაეჯახა. 2009 წელს NASA-მ განზრახ ჩამოაგდო რაკეტის საფეხური მთვარეზე, რათა შეჯახებით ატყორცნილი მთვარის მასალის ღრუბელი შეესწავლა.

ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე კოსმოსურ ხომალდს დაუგეგმავს მთვარეზე რბილი დაშვება, თუმცა ამის ნაცვლად ავარიულად დაეშვა. რუსეთის ბირთვული ენერგიით მომუშავე მისია "ლუნა-25" კონტროლიდან 2023 წელს გამოვიდა და ავარიულად დაეშვა. მისი მცირე, პლუტონიუმ-238-ზე მომუშავე ენერგომოწყობილობა, სავარაუდოდ, უვნებლად რჩება მთვარის ზედაპირზე.

ინდოეთის მისია "ჩანდრაიან-2"-ის სადესანტო აპარატი 2019 წელს ავარიულად დაეშვა. იმავე წელს ავარიულად დაეშვა ისრაელის სადესანტო აპარატი "ბერეშითიც". ისრაელური აპარატის ტვირთს შორის წყლის დათვების მცირე ეგზემპლარებიც იყო. ეს მიკროსკოპული ორგანიზმებია, რომლებიც რადიაციისა და სხვა მკაცრი გარემო პირობების გადატანით არიან ცნობილი და, შესაძლოა, ჯერ კიდევ ზედაპირზე იმყოფებოდნენ.

NASA-მ თავისი "სატურნ V" მთვარის რაკეტის საფეხურები 1970-იან წლებში მთვარეზე განზრახ ჩამოაგდო, რათა შეჯახებით გამოწვეული სეისმური ეფექტები შეესწავლა.

შაიმანის თქმით, SpaceX და NASA მთვარეზე მომავალი შეჯახებების თავიდან აცილების გზებზე მსჯელობს. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს გეგმებში მთვარეზე ბაზის აშენება და, ამ ათწლეულის ბოლოდან დაწყებული, მრავალმილიარდიან პროგრამა "არტემისის" ფარგლებში ასტრონავტების რეგულარული მისიების გაგზავნა შედის. შესაბამისად, სააგენტოს არ სურს, რომ კოსმოსური ნაგვის შემთხვევითმა ნაწილებმა ამ ინფრასტრუქტურას ზიანი მიაყენოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.