ოთხშაბათს დილით ენტონი ფაუჩიმ სენატის კომიტეტის წინაშე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის საკითხებზე მუშაობს, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ელისუფლების საკანონმდებლო შტოსადმი ჩემი პატივისცემისა და კონგრესთან თანამშრომლობის ჩემი ათწლეულების გამოცდილების გამო, ამის გაკეთება მიმძიმს, ჩემი ადვოკატების რჩევით, გამოვიყენებ კონსტიტუციის მეხუთე შესწორებით მონიჭებულ უფლებას და თავს შევიკავებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემისგან", — განაცხადა ფაუჩიმ შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის წინაშე. სამსაათიან მოსმენაზე ფაუჩიმ ამ ფორმულირებას 100-ზე მეტჯერ მიმართა.

ენტონი ფაუჩი, რომელიც COVID-19 პანდემიის დროს ინფექციური დაავადებების მიმართულებით ქვეყნის მთავარი სპეციალისტი იყო, კენტუკის სენატორმა და კომიტეტის თავმჯდომარემ, რენდ პოლმა მოსმენაზე ოფიციალური უწყებით დაიბარა. ფაუჩიმ განაცხადა, რომ პოლი მისი ციხეში ჩასმის მცდელობით არის შეპყრობილი, ხოლო პოლი, თავის მხრივ, "შედეგებს" დაპირდა და მომავალ კვირას კომიტეტში ფაუჩის უპატივცემულობის (contempt of Congress) საკითხზე ხმის მიცემა გამოაცხადა.

ენტონი ფაუჩი კონგრესის შენობაში, სენატის შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის წინაშე ცხადდება, ოთხშაბათს, 2026 წლის 29 ივლისს, ვაშინგტონში

ფოტო: AP Photo/Allison Robbert

საიდან იწყება ეს დაპირისპირება

ფაუჩისა და პოლის დაპირისპირების ფესვები NIH-ის 2014 წელს გაცემულ გრანტს უკავშირდება, რომელიც ორგანიზაცია EcoHealth Alliance-ის მეშვეობით უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში მიდიოდა და ღამურას ბუნებრივი კორონავირუსების შესწავლას ისახავდა მიზნად — კონკრეტულად იმის გასაგებად, რამდენად შესაძლებელია მათი ადამიანზე გადასვლა. გრანტი 2019 წელს განახლდა და 2020 წლის აპრილში გაუქმდა.

2021 წლის მაისში პოლმა ფაუჩის პირველად დაუსვა საჯარო კითხვა, აფინანსებდა თუ არა NIH უხანში ე.წ. გეინ-ოფ-ფანქშენის (gain-of-function) კვლევას. ეს არის ტექნიკა, რომლის დროსაც მეცნიერები ვირუსს ლაბორატორიულად ცვლიან, რათა მან ახალი თვისება, მაგალითად მეტი გადამდებლობა ან საშიშროება, შეიძინოს. მიზანი, თეორიულად, თავდაცვითია: თუ წინასწარ გაირკვევა, რომელი მუტაცია აქცევს ვირუსს საშიშად, მეცნიერები უკეთ შეძლებენ ვაქცინის შემუშავებას ჯერ კიდევ მანამ, სანამ ეს მუტაცია ბუნებაში მოხდება. ფაუჩიმ პოლის ბრალდება მაშინ "აბსურდულად" შეაფასა და კატეგორიულად უარყო.

რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი გამოსვლისას, როცა ენტონი ფაუჩი კონგრესის შენობაში, სენატის შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის წინაშე ცხადდება, ოთხშაბათს, 2026 წლის 29 ივლისს, ვაშინგტონში

ფოტო: AP Photo/Allison Robbert

2021 წლის ოქტომბერში NIH-ის მაღალჩინოსანმა, ლორენს ტაბაკმა, კონგრესისთვის მიწერილ წერილში დაადასტურა, რომ მისი უწყების დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უხანში ჩატარდა ექსპერიმენტი — ღამურას ბუნებრივი კორონავირუსების შეცვლა იმის შესამოწმებლად, შეძლებდნენ თუ არა ისინი ადამიანის უჯრედებზე მიბმას. მოდიფიცირებული ვირუსით ინფიცირებული თაგვები უფრო მძიმედ დაავადდნენ. რესპუბლიკელებმა ეს წერილი "გეინ-ოფ-ფანქშენის" სრულფასოვან აღიარებად წარმოადგინეს, თუმცა FactCheck.org-ის მიხედვით, ეს გაზვიადებულია, წერილი მხოლოდ საანგარიშო დარღვევაზე საუბრობს და ტერმინის ფართო გაგებით კვალიფიცირება კვლავ სადავოა. პოლისთვის ეს წერილი ფაუჩის მანამდელი უარყოფის საწინააღმდეგო მტკიცებულება გახდა.

FactCheck.org-ის მიხედვით:

  • ჩატარებულ ექსპერიმენტში გამოყენებული ღამურას ვირუსები SARS-CoV-2-სგან ევოლუციურად ძალიან შორსაა. თუნდაც ყველაზე ახლო ნათესავი ვირუსები (რომლებიც ბუნებაში მოგვიანებით აღმოაჩინეს) მხოლოდ 96-97%-ით ემთხვევა SARS-CoV-2-ის გენომს — ეს გენეტიკაში საკმაოდ დიდი მანძილია;
  • ვირუსი ლაბორატორიაში "შექმნილი" არ ყოფილა — ექსპერიმენტი მხოლოდ ამოწმებდა, შეეძლო თუ არა უკვე არსებულ, ბუნებრივ ვირუსებს ადამიანის უჯრედის რეცეპტორთან შეკავშირება. მეცნიერები არ აწარმოებდნენ ახალ, აქამდე არარსებულ ვირუსს, მუშაობდნენ იმაზე, რაც ბუნებაში უკვე არსებობდა;
  • საკამათო გრანტი 2020 წლის აპრილში, ანუ პანდემიის დაწყებისთანავე, უკვე გაუქმდა. თავად ტაბაკის წერილში აღწერილი ექსპერიმენტი 2018-2019 წლებში ჩატარდა;
  • არ არსებობს მტკიცებულება, რომ SARS-CoV-2 ლაბორატორიიდან მოდის, და ბევრი ექსპერტის აზრით, პრაქტიკულად შეუძლებელია მისი ხელოვნურად შექმნა.

მომდევნო წლების განმავლობაში ორ მხარეს შორის დაძაბულობა არ განელებულა — პოლმა ფაუჩი ასევე დაადანაშაულა, რომ NIAID-ის თანამშრომლებს საჯარო ჩანაწერების კანონისთვის (FOIA) გვერდის ავლით პირად საკომუნიკაციო არხებზე გადასვლა უბრძანა. ფაუჩის ყოფილ მთავარ მრჩეველს, დევიდ მორენსს, მოგვიანებით საჯარო ჩანაწერების კანონისთვის გვერდის ავლისა და კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებული მიმოწერის დამალვის, ასევე ფედერალური დოკუმენტების განადგურების მცდელობის შეთქმულებაში, ბრალი წაუყენეს.

ფაუჩი NIAID-ის ხელმძღვანელის პოსტიდან 2022 წლის დეკემბერში გადადგა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თანამდებობის დატოვებამდე ის პრევენციულად შეიწყალა, რათა შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნისგან დაეცვა.

რატომ დაბრუნდა თემა ახლა

2026 წლის 18 ივნისს დაზვერვის ეროვნულმა დირექტორმა, თულსი გაბარდმა, წლიური გამოძიების მასალები გამოაქვეყნა, მათ შორის მამხილებელთა ჩვენებები. ჯანმრთელობის მდივანმა რობერტ ფ. კენედი უმცროსმა განაცხადა, რომ HHS-ში რვათვიანი ძიება ჩაატარა, სანამ, სამთავრობო სერვერზე დაცულ, ფაუჩის დღიურის ჩანაწერებს მიაკვლევდა.

ივლისის ბოლოს, ეს ჩანაწერები, 1000-ზე მეტი გვერდი, რომელიც ფაუჩის ყოველდღიურ ცხოვრებას 2019 წლის დეკემბრიდან 2022 წლამდე ეხება, პოლმა გამოაქვეყნა. მან დოკუმენტები შაბათ-კვირას გაასაჯაროა, ორშაბათ საღამოს წაშალა და სამშაბათ დილით რედაქტირებული სახით ხელახლა ატვირთა. ცალკე გამოქვეყნდა 465-გვერდიანი "პრიქველი" — ფაუჩის დოკუმენტების კრებული 2001-2015 წლების ჩანაწერებითა და ელექტრონული მიმოწერით.

თავის ვებგვერდზე პოლმა ყურადღება გაამახვილა ფაუჩის 2020 წლის 1-ლი თებერვლის ჩანაწერზე, სადაც აღწერილია საკონფერენციო ზარი მეცნიერებთან. ფაუჩი წერს, რომ ზარის დროს ვირუსის წარმოშობის შესახებ "სრული თანხმობა არ ყოფილა". მოგვიანებით ჩანაწერებში ფაუჩი წერს, რომ ვირუსის ბუნებრივად, სახეობათაშორისი გადაცემის შედეგად განვითარებაში "თითქმის დარწმუნებულია", თუმცა ლაბორატორიიდან გაჟონვის შესაძლებლობის მიმართაც ღიად რჩება. პოლის თანახმად, ეს იმის დასტურია, რომ ფაუჩი კერძოდ სხვას წერდა, ვიდრე ქვეყანას უცხადებდა.

ფაუჩის სპიკერმა გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც პოლის მტკიცებების ფაქტობრივ სიზუსტეს ამოწმებს, და წერილი, სადაც ფაუჩის ადვოკატები პოლს "წლობით მიმდინარე საჯარო ჯვაროსნულ ლაშქრობაში" ადანაშაულებენ. "თქვენ მიზანმიმართულად ხართ შეპყრობილი იმით, რომ დოქტორი ფაუჩი წარმოსახვითი დანაშაულებისთვის გასამართლდეს", — წერს ფაუჩის გუნდი წერილში. გაურკვეველია, როგორ მოიპოვა პოლმა ეს დოკუმენტები, თუმცა კენედის ვიდეოში "11 სხვადასხვა სერვერიდან" მათი ამოღებაა ნახსენები.

რას ამბობდნენ მოსმენაზე

სენატორმა ჯოშ ჰოულიმ ფაუჩის სტრატეგიის კონსტიტუციური საფუძველი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და განუცხადა, რომ ბაიდენისეული შეწყალების გამო მას მეხუთე შესწორების (დუმილის) უფლება საერთოდ არ ეკუთვნის. სენატორმა რონ ჯონსონმა ფაუჩის უთხრა, რომ გასაკვირი არ იყო მისი ეს გადაწყვეტილება, რადგან "თითქმის შეუძლებელი იქნებოდა, გულწრფელად გეპასუხათ იმის დემონსტრირების გარეშე, თუ რა გააკეთეთ". პოლმა კითხვები უხანში დაფინანსებულ კვლევასა და ფორტ დეტრიკში მაიმუნის ჩუტყვავილაზე ჩატარებულ სავარაუდო გეინ-ოფ-ფანქშენის კვლევაზე დაუსვა. ფაუჩიმ ორივე კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

რესპუბლიკელი სენატორი რონ ჯონსონი ფაუჩის მოსმენაზე პლაკატს აჩვენებს, სადაც COVID ვაქცინები სხვა წამლებთან შედარებით ყველაზე მეტ "არასასურველ მოვლენასა" და გარდაცვალებას უკავშირდება — მონაცემები აღებულია VAERS-ის ნედლი, დაუდასტურებელი მოხსენებებიდან, რომლებიც მიზეზობრივ კავშირს არ ადასტურებს და მეცნიერული კონსენსუსით გაზიარებული არ არის

ფოტო: AP Photo/Allison Robbert

დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა მოსმენა 1950-იან წლებში მიმდინარე მაკარტისტულ მოსმენებს შეადარა (1950-იან წლებში სენატორ ჯოზეფ მაკარტის მიერ კომუნისტური გავლენის შესახებ წარმართული საგამოძიებო მოსმენები, რომლებიც შემდეგ პოლიტიკური დევნისა და დაშინების სიმბოლოდ იქცა) და განაცხადა, რომ ეს "მეცნიერების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაა", რომელმაც ქვეყანა ნაკლებად უსაფრთხო გახადა. მოსმენის ბოლოს პოლმა ფაუჩის ადვოკატი, დევიდ შერტლერი, დარბაზიდან გააძევებინა, მას შემდეგ, რაც მან რამდენჯერმე სიტყვის გარეშე გამოსვლა სცადა.

რას ამბობს მეცნიერება

ამჟამინდელი სამეცნიერო კონსენსუსია, რომ SARS-CoV-2-ს, ვირუსს, რომელიც COVID-19-ს იწვევს, სავარაუდოდ, ბუნებრივი წარმოშობა აქვს. 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ჯანმომ განაცხადა: "ხელმისაწვდომი მტკიცებულებების ერთობლიობა... მიუთითებს ზოონოზურ გადაცემაზე... პირდაპირ ღამურებიდან ან შუალედური მასპინძლის მეშვეობით". ეს დასკვნა ახალი პათოგენების წარმოშობის შემსწავლელი ჯანმოს სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფის 27 წევრის სამწლიან კვლევას დაეყრდნო. 2024 წელს გამოქვეყნებულმა, მეცნიერთა ჯგუფის ანალიზმა, რომელშიც შედიოდნენ მაიკლ ვორობეი და ანჯელა რასმუსენი, რეცენზირებად ჟურნალ Cell-ში აჩვენა, რომ კორონავირუსის მიმართ მგრძნობიარე გარეული ცხოველები და SARS-CoV-2 ვირუსი ადამიანებთან ერთად უხანის ბაზრობის კონკრეტულ ნაწილში ირეოდა.

ამავდროულად, აშშ-ის ზოგიერთი უწყება, მათ შორის ენერგეტიკის დეპარტამენტი და FBI, ლაბორატორიულ წარმოშობას უჭერს მხარს, თუმცა დაბალი დამაჯერებლობით — ანუ, ფედერალური განმარტებით, ანალიზში გამოყენებული ინფორმაცია მწირი ან ფრაგმენტულია. ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ მეცნიერთა ანალიზები ჩინეთის მთავრობის მიერ მიწოდებულ არასრულ მონაცემებს ეყრდნობოდა.

დევიდ შერტლერს, ენტონი ფაუჩის ადვოკატს, სენატის სხდომათა დარბაზიდან აძევებენ

ფოტო: AP Photo/Allison Robbert

დარტმუთის კოლეჯის ვირუსოლოგმა ფელისია გუდრუმმა NPR-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პანდემიის ადრეულ დღეებში ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ კითხვების დასმა "ჩვეულებრივი სამეცნიერო კითხვების დასმა" იყო, როდესაც მეცნიერებმა ვირუსის გავრცელების შესახებ ძალიან ცოტა იცოდნენ. ბიოუსაფრთხოების ექსპერტმა ჯიჯი გრონვალმა დასძინა, რომ სხვადასხვა თეორიის განხილვა და მათში ხარვეზების ძიება "მეცნიერების არსია".

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, განაცხადა: "არსებული მდგომარეობით ყველა ჰიპოთეზა განხილვის საგნად უნდა დარჩეს, მათ შორის ზოონოზური გადაცემა და ლაბორატორიიდან გაჟონვა". პანდემიის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგაც დებატი ჯერ არ დასრულებულა.

COVID-19 პანდემია ოფიციალურად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2020 წლის მარტში გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ოფიციალურად დადასტურებული გარდაცვლილთა რიცხვი 7 მილიონს აღემატება, თუმცა ჭარბი სიკვდილიანობის შეფასებები, რომლებიც დაუდასტურებელ და გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც მოიცავს, გაცილებით მაღალია. აშშ-ში, CDC-ის მონაცემებით, კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1.1 მილიონს გადააჭარბა — ეს ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევითა და გარდაცვლილით გამოირჩევა. საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) 2022 წლის 1 ივლისისთვის 16 844 გარდაცვლილი დააფიქსირა.

რა ელის ფაუჩის მომავალში

მოსმენის დასრულებისთანავე რენდ პოლმა განაცხადა, რომ კომიტეტი მომავალ კვირას ფაუჩის უპატივცემულობის (contempt of Congress) საკითხზე ხმას მისცემს — ეს პროცედურა, თეორიულად, დამატებითი გამოძიებისთვის შეიძლება იუსტიციის სამინისტროს გადაეცეს. სენატორმა ჯოშ ჰოულიმ დამატებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავად ის იურიდიული საფუძველიც, რომლითაც ფაუჩიმ მეხუთე შესწორებას მიმართა: მისი აზრით, 1896 წლის უზენაესი სასამართლოს პრეცედენტის (Brown v. Walker) მიხედვით, პრეზიდენტის მიერ უკვე შეწყალებულ პირს აღარ შეუძლია თვითინკრიმინაციისგან თავის დაცვის უფლებით ისარგებლოს. პოლმაც განმეორებით განაცხადა, რომ ბაიდენის შეწყალება ფაუჩის კონგრესის მუშაობის დაბრკოლებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ვერ დაიცავს.

იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი მაღალი რანგის თანამშრომლების თქმით, ბაიდენის პრევენციული შეწყალების იურიდიული მოქმედების გასაქარწყლებლად რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის ახალი ბრალდების წაყენება, რომელიც სასამართლოს აიძულებდა, თავად შეწყალების ფარგლები შეემოწმებინა.

ფაუჩის ადვოკატმა, დევიდ შერტლერმა, CBS News-ისთვის განაცხადა, რომ მათი გუნდი "სრულიად დარწმუნებულია", რომ ფაუჩის მეხუთე შესწორების უფლება ამ შემთხვევაში ძალაშია და "მყარი იურიდიული საფუძველი" აქვს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.