მაინც როდის გაქრება ბოლო მცენარე დედამიწაზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერებმა სამგანზომილებიანი მოდელი გამოიყენეს, რათა მომდევნო 2 მილიარდი წლის განმავლობაში პლანეტის მოსალოდნელი კლიმატი განესაზღვრათ. ყურადღება მზის სიკაშკაშესა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობაზე გაამახვილეს.

მათ ნახშირბადის სუსტი და ძლიერი ციკლის სიმულაციები შექმნეს. მეორე მოდელში დედამიწაზე ტემპერატურამ სტაბილურობა შეინარჩუნა, თუმცა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია მკვეთრად შემცირდა. ამ სცენარის მიხედვით, მცენარეებს ნახშირორჟანგი მოაკლდება, ამიტომ დაახლოებით 1.84 მილიარდ წელში ისინი განადგურდება.

სუსტი ციკლის მოდელში ამ ნაერთის შემცველობა არ შეცვლილა, მაგრამ ტემპერატურა 65 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. ასეთ პირობებში მცენარეთა სიცოცხლის დარჩენილ ხანგრძლივობად 1.87 მილიარდი წელი განისაზღვრა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე სხვა კვლევების უმეტესობაში დაუდგენიათ.

თუ მართლაც ასე მოხდება, ფოტოსინთეზური ბიოსფერო იმ დრომდე შენარჩუნდება, როცა დედამიწა წყლის დაკარგვას დაიწყებს. ისიც საგულისხმოა, რომ სიმულაციებში მცენარეთა ევოლუცია ან რაიმე ტექნოლოგიური წინსვლის პოტენციალი არ გაუთვალისწინებიათ. ამ ფაქტორებმა კი, შესაძლოა, მომავალში მცენარეთა ბედი შეცვალოს — მათ შორის უკეთესობისკენ.

2.

იცოდით, რომ შაქარი კოსმოსშიცაა? დიახ, მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში სწორედ შაქარი აღმოაჩინეს.

მას ვარსკვლავთაშორის სივრცეში მიაგნეს, 26 700 სინათლის წლით დაშორებულ მოლეკულურ ღრუბელში. ეს ქიმიურად მდიდარი რეგიონია, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან ახლოს მდებარეობს.

მეცნიერთა მიერ დაფიქსირებული შაქარი ერითრულოზაა. ის 16 ატომისგან შედგება და ვარსკვლავთაშორის სივრცეში მიგნებული პირველი შაქარი, უდიდესი არაციკლური ნაერთი და ჟანგბადის 4 ატომის შემცველი მოლეკულაა.

მეცნიერთა ვარაუდით, ერითრულოზა კოსმოსში მტვრის ნაწილაკებზე არსებული უფრო მარტივი მოლეკულებიდან წარმოიქმნება და შემდეგ რთული ქიმიური სისტემების ნაწილი ხდება.

უნდა აღინიშნოს, რომ შაქრები ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დნმ-სა და რნმ-ში გვხვდება. ასევე, ისინი მეტაბოლური საწვავის ფუნქციასაც ასრულებს და დედამიწაზე საკმაოდ ადრეულ პერიოდში უკვე უხვად არსებობდა.

ბოლო მიგნება კი მიანიშნებს, რომ შეიძლება მომავალში ასეთ რეგიონებში სხვა შაქრებიც აღმოაჩინონ. მათ შორისაა რიბოზა, რომელიც რნმ-ის შემადგენელია და სიცოცხლის წარმოშობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.