გონივრული არჩევანი თუ ახალი აკვიატება — როგორ შეცვალა აპლიკაციებმა ჩვენი კვება
ფოტო: gettyimages
მესამე ათასწლეულის დასაწყისში, ბევრისთვის სუპერმარკეტში შესვლა აღარ წარმოადგენს საკვების სპონტანურად ყიდვის პროცესს — ეს უკვე კარგად დაგეგმილ, გააზრებულ და ციფრებით გამოსახულ რიტუალად იქცა. მობილური აპლიკაციები, საყიდლების დეტალური სიები და ამონაწერების მიხედვით ხარჯებისა თუ კალორიების აღრიცხვა ბევრს ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია. კვების აპლიკაციები კი გვაიძულებს, შევიძინოთ ბუნებრივი ნაწარმი, რაც ბევრად უფრო ძვირი გვიჯდება.
ერთი შეხედვით, შენაძენების მკაცრი კონტროლი იდეალური გზაა საკუთარ ორგანიზმზე ზრუნვისთვის, თუმცა, რეალობა გაცილებით უფრო რთულია. რამდენად გამართლებულია ეს მეთოდი და სად უნდა გავავლოთ ზღვარი გონივრულ დაგეგმვასა და მავნე აკვიატებას შორის?
საფრანგეთში საკვები პროდუქტების კონტროლი და აღრიცხვა უკვე მასშტაბურ ფენომენად იქცა. ყველაფერი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, როცა ფრანგმა პროგრამისტმა, სტეფან ჟიგანდემ, ცნობილი შეფ-მზარეულის, ჯეიმი ოლივერის მიერ დაგეგმილი "კვების რევოლუციის დღის" ფარგლებში, შექმნა უფასო ონლაინ პლატფორმა Open Food Facts. ეს არის არა კერძო კომპანია, არამედ მოხალისეობრივად შექმნილი პროექტი, რომელიც დღეს უკვე მსოფლიოში არსებული ოთხ მილიონზე მეტი პროდუქტის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს.
მოგვიანებით, ამ ტენდენციას თავად საფრანგეთის მთავრობამაც დაუჭირა მხარი და შემოიღო სპეციალური მარკირების სისტემა — Nutri-Score. ამ იდეის ავტორი, სორბონის უნივერსიტეტის მკვლევარი, სერჟ ჰერცბერგი იხსენებს:
"ბრიტანული 'შუქნიშნის სისტემით' შთაგონებულს, მსურდა შემექმნა რაღაც უფრო მარტივი. Nutri-Score პროდუქტს მრავალმხრივ შეფასებას აძლევს. მომხმარებელს ეძლევა საშუალება, ერთი თვალის გადავლებითაც კი მიხვდეს, რამდენად სასარგებლო ან მავნეა ესა თუ ის საკვები მისი ჯანმრთელობისთვის."
ფოტო: foodtimes
მეორე მხრივ, ამ ქმედებამ გამოიწვია მათი დაპირისპირება ინდუსტრიის ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა Danone და Nestlé. მიუხედავად ამისა, ამ მარკირების სისტემამ მაინც ფართოდ მოიკიდა ფეხი. შედეგად, ის ბრენდები, რომელთა პროდუქციაც დაბალ შეფასებას იღებს, სისტემაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. სწორედ ასეთ დანაკლისს ავსებს ისეთი მობილური აპლიკაციები, როგორიცაა Yuka, რომელიც მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას აწვდის საკვების ქიმიურ დანამატებსა და კონსერვანტებზე.
აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია ტელეფონით დაასკანეროს Yuka-ს ბაზაში არსებული 6 მილიონი პროდუქტიდან ნებისმიერი (ბაზას ყოველდღიურად დაახლოებით 1 200 ახალი პროდუქტი ემატება). ის პასუხს დაუყონებლივ მიიღებს: მწვანე ნიშნავს, რომ პროდუქტი კარგია, წითელი — ცუდია, ხოლო ყვითელი — უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია აპლიკაციაში დამატებით ინფორმაციასაც გაეცნოს პროდუქციის შესახებ.
ფოტო: Yuka
Yuka-ს კონცეფცია თავდაპირველად საფრანგეთში ჩამოყალიბდა. ის მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ჯანსაღ საკვებთან ერთად, ასევე უსაფრთხო კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებებიც შეიძინოს. 2015 წლიდან, Yuka-ს 12 ქვეყნის მასშტაბით, 85 მილიონი მომხმარებელი ჰყავს: ევროპის მრავალი ქვეყანა, აშშ, კანადა და ავსტრალია.
მომხმარებელთა რაოდენობით, მესამე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს 5 მილიონი აქტიური მომხმარებლით, მეორეს — საფრანგეთი 6 მილიონით. ყველასთვის გასაკვირად, პირველ ადგილზე ასპარეზობას არ თმობს აშშ, 28 მილიონი მომხმარებლით.
წლების განმავლობაში აპლიკაციამ სახელი გაითქვა აშშ-ს მაღალჩინოსნებს შორისაც. მაგალითად, დონალდ ტრამპის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მინისტრი, რობერტ ფ. კენედი უმცროსი, ამბობს, რომ ეს მისი საყვარელი აპლიკაციაა. შედეგად, მისმა მფლობელმა და თანადამფუძნებელმა, ჯული ჩაპონმა, კომპანიის მთავარი ოფისი კვლავ საფრანგეთში დატოვა, თუმცა თავად გადავიდა აშშ-ში საცხოვრებლად.
რას ფიქრობენ ექსპერტები?
ლონდონის სენტ-ჯორჯის უნივერსიტეტის კვების პოლიტიკის მკვლევარი, კრისტიან რეინოლდსი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიები კარგია, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მას თავისი ლიმიტები აქვს:
"კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობას ყოველდღიურ ქაოსში უბრალოდ არ აქვს იმის დრო, ენერგია და სურვილი, რომ მაღაზიაში პროდუქტების სკანირებაზე დაკარგოს დრო. ისინი მაინც ჩვეულებისამებრ ყიდულობენ საკვებს."
ამ აზრს ეთანხმება თავად Nutri-Score-ის შემქმნელი, სერჟ ჰერცბერგიც. მისი თქმით, მსგავსი აპლიკაციებით ძირითადად მოსახლეობის მხოლოდ პრივილეგირებული ნაწილი სარგებობს, რომელიც ისედაც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე. შედეგად ისინი, რომლებიც არასწორი კვებით გამოწვეული დაავადებების რისკის წინაშე დგანან, კვლავ ამ საფრთხის ქვეშ რჩებიან. იგი მიიჩნევს, რომ მის მიერ შექმნილი კვებითი ღირებულების მარკირების სისტემა — Nutri-Score და ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა Yuka და Open Food Facts, ერთმანეთს სრულყოფილად ავსებენ და ერთიან, მძლავრ პროდუქტს ქმნიან.
სტატისტიკა საინტერესო შედეგებს გვიჩვენებს. 2024 წლის გამოკითხვით, მომხმარებელთა 94% პროდუქტს სუპერმარკეტის თაროებზე აბრუნებს, თუ აპლიკაცია მას "წითელ", ანუ მავნებელი პროდუქციის სიგნალს აუნთებს.
ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ ამ ტენდენციამ აიძულა თავად მწარმოებლები, შეეცვალათ საკვების შემადგენლობა. მაგალითად, საფრანგეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სუპერმარკეტების ქსელმა Intermarché-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ აპლიკაციებში დაბალი რეიტინგების გამო, მათ 3000-ზე მეტ საკუთარ რეცეპტში შეცვალეს ინგრედიენტები და წარმოებიდან 160-მდე მავნე დანამატი ამოიღეს.
საბოლოო ჯამში, საკვების აღრიცხვა და კონტროლი მძლავრი იარაღია, რომელმაც ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია გააჩინა. მთავარია, ეს პროცესი ჩვენი ცხოვრების მთავარ ახირებად არ იქცეს და მოვუსმინოთ სხეულის რეალურ მოთხოვნებს.
კომენტარები