მესამე ათასწლეულის დასაწყისში, ბევრისთვის სუპერმარკეტში შესვლა აღარ წარმოადგენს საკვების სპონტანურად ყიდვის პროცესს — ეს უკვე კარგად დაგეგმილ, გააზრებულ და ციფრებით გამოსახულ რიტუალად იქცა. მობილური აპლიკაციები, საყიდლების დეტალური სიები და ამონაწერების მიხედვით ხარჯებისა თუ კალორიების აღრიცხვა ბევრს ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია. პოპულარული გახდნენ კვების ტრენერები, რომლებიც აქტიურად გვთავაზობენ "დათვლილი კალორიების" საუზმისა თუ ვახშმის რეცეპტებს. კვების აპლიკაციები კი გვაიძულებენ, შევიძინოთ ბუნებრივი ნაწარმი, რაც უფრო მეტი გვიჯდება.

ერთი შეხედვით, შენაძენების მკაცრი კონტროლი იდეალური გზაა საკუთარ ორგანიზმზე ზრუნვისთვის, თუმცა, რეალობა გაცილებით უფრო კომპლექსურია. რამდენად გამართლებულია ეს მეთოდი და სად უნდა გავავლოთ ზღვარი გონივრულ დაგეგმვასა და მავნე აკვიატებას შორის?

საფრანგეთში საკვები პროდუქტების კონტროლი და აღრიცხვა უკვე მასშტაბურ ფენომენად იქცა. ყველაფერი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, როცა ფრანგმა პროგრამისტმა, სტეფან ჟიგანდემ, ცნობილი შეფ-მზარეულის, ჯეიმი ოლივერის მიერ დაგეგმილი "კვების რევოლუციის დღის" ფარგლებში, შექმნა უფასო ონლაინ პლატფორმა Open Food Facts. ეს არის არა კერძო კომპანია, არამედ მოხალისეობრივად შექმნილი პროექტი, რომელიც დღეს უკვე მსოფლიოში არსებული ოთხ მილიონზე მეტი პროდუქტის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს.

მოგვიანებით, ამ ტენდენციას თავად საფრანგეთის მთავრობამაც დაუჭირა მხარი და შემოიღო სპეციალური მარკირების სისტემა — Nutri-Score. ამ იდეის ავტორი, სორბონის უნივერსიტეტის მკვლევარი, სერჟ ჰერცბერგი იხსენებს:

"ბრიტანული "შუქნიშნის სისტემით" შთაგონებულს, მსურდა შემექმნა რაღაც უფრო მარტივი. Nutri-Score პროდუქტს მრავალმხრივ შეფასებას აძლევს. მომხმარებელს ეძლევა საშუალება, ერთი თვალის გადავლებითაც კი მიხვდეს, რამდენად სასარგებლო ან მავნეა ესა თუ ის საკვები მისი ჯანმრთელობისთვის."

მეორე მხრივ, ამ ქმედებამ გამოიწვია მათი დაპირისპირება ინდუსტრიის ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა Danone და Nestlé. მიუხედავად ამისა, ამ მარკირების სისტემამ მაინც ფართოდ მოიკიდა ფეხი. შედეგად, ის ბრენდები, რომელთა პროდუქციაც დაბალ შეფასებას იღებს, სისტემაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. სწორედ ასეთ დანაკლისს ავსებს ისეთი მობილური აპლიკაციები, როგორიცაა Yuka, რომელიც მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას აწვდის ქიმიურ დანამატებსა და კონსერვანტებზე.

Yuka-ს კონცეფცია თავდაპირველად საფრანგეთში ჩამოყალიბდა. ის მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ჯანსაღ საკვებთან ერთად, ასევე უსაფრთხო კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებებიც შეიძინოს. 2015 წლიდან, Yuka-ს 12 ქვეყნის მასშტაბით, 85 მილიონი მომხმარებელი ჰყავს: ევროპის მრავალი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ავსტრალია.

წლების განმავლობაში აპლიკაციის პოპულარობა იზრდებოდა და მან სახელი გაითქვა აშშ-ს მაღალჩინოსნებს შორისაც. შესაბამისად, მისმა მფლობელმა და თანადამფუძნებელმა, ჯული ჩაპონმა, კომპანიის მთავარი ოფისი აშშ-ში გადაიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა დიდმა წარმატებამ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის მასშტაბით.

რას ფიქრობენ ექსპერტები?

ლონდონის სენტ-ჯორჯის უნივერსიტეტის კვების პოლიტიკის მკვლევარი, კრისტიან რეინოლდსი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიები კარგია, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მას თავისი ლიმიტები აქვს:

"კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობას ყოველდღიურ ქაოსში უბრალოდ არ აქვს იმის დრო, ენერგია და სურვილი, რომ მაღაზიაში პროდუქტების სკანირებაზე დაკარგოს დრო. ისინი მაინც ჩვეულებისამებრ ყიდულობენ საკვებს."

ამ აზრს ეთანხმება თავად Nutri-Score-ის შემქმნელი, სერჟ ჰერცბერგიც. მისი თქმით, მსგავსი აპლიკაციებით ძირითადად მოსახლეობის ის პრივილეგირებული ნაწილი სარგებობს, რომელიც ისედაც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, და არა ისინი, რომლებიც არასწორი კვებით გამოწვეული დაავადებების რისკის წინაშე დგანან.

სკეპტიციზმის მიუხედავად, სტატისტიკა საპირისპიროზე მეტყველებს. 2024 წლის გამოკითხვით, მომხმარებელთა 94% პროდუქტს სუპერმარკეტის თაროებზე აბრუნებს, თუ აპლიკაცია მას "წითელ", ანუ მავნე სიგნალს აუნთებს.

ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ ამ ტენდენციამ აიძულა თავად მწარმოებლები, შეეცვალათ საკვების შემადგენლობა. მაგალითად, საფრანგეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სუპერმარკეტების ქსელმა Intermarché-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ აპლიკაციების დაბალი რეიტინგების გამო, მათ 3000-ზე მეტ საკუთარ რეცეპტში შეცვალეს ინგრედიენტები და წარმოებიდან 160-მდე მავნე დანამატი ამოიღეს.

საბოლოო ჯამში, საკვების აღრიცხვა და კონტროლი მძლავრი იარაღია, რომელმაც ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია გააჩინა. მთავარია, ეს პროცესი ჩვენი ცხოვრების მთავარ ახირებად არ იქცეს და მოვუსმინოთ სხეულის რეალურ მოთხოვნებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.