"ინტერნეტში ძებნას AI არ სჭირდება" — სასამართლო განჩინება Google-ის წინააღმდეგ
ფოტო: Getty Images
გერმანიის სასამართლოს წინასწარმა განჩინებამ დაადგინა, რომ Google პასუხისმგებელია AI Overview-ებში გაკეთებული ცრუ განცხადებებზე. ამ გადაწყვეტილებას, შესაძლოა, AI-ზე დაფუძნებულ ყველა საძიებო სისტემასა და ჩატბოტზე გლობალური გავლენა ჰქონდეს.
AI Overview არის Google-ის ფუნქცია, რომელიც ძიების შედეგების ნაცვლად, ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას აერთიანებს და მოკლე, მზა პასუხს იძლევა.
საქმე ეხება ორ გერმანულ საგამომცემლო კომპანიას, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში აღმოაჩინა, რომ Google-ის AI Overview მათ საქმიანობას თაღლითობასა და საეჭვო ბიზნეს-პრაქტიკებს უკავშირებს. კერძოდ, AI-ს გენერირებული ტექსტი ამბობდა "დიახ, [კომპანია] ცნობილია საეჭვო ბიზნეს-პრაქტიკებით და ხშირად აღიქმება, როგორც თაღლითობა". თებერვალში კომპანიებმა Google-ს გაფრთხილება და ინფორმაციის შესწორების მოთხოვნა გაუგზავნა, თუმცა Google-მა შეცდომა არ გაასწორა. საქმე მიუნხენის სასამართლომ განიხილა და მაისში წინასწარი განჩინება გამოიტანა.
სასამართლო განჩინებით დადგინდა, რომ AI Overview ჩვეულებრივი საძიებო სისტემისგან განსხვავდება: ის არ აჩვენებს მხოლოდ ბმულებს, არამედ დამოუკიდებელ, ახალ ინფორმაციას ქმნის, მათ შორის ისეთს, რომელიც არცერთ წყაროშია. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა Google-ის არგუმენტი, რომ მომხმარებლები AI-ის ისედაც ყოველთვის ეჭვით უდგებიან: ასე რომ იყოს, AI Overview-ს სარგებლიანობა ნულამდე დაეცემოდა. გარდა ამისა, სასამართლომ განაცხადა, რომ ინტერნეტში ძებნისთვის AI სულაც არ არის აუცილებელი, ის მხოლოდ დამატებითი ფუნქციაა, ამიტომ მისი გამოყენება Google-ს პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს.
ასევე ნახეთ: 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
ისტორიულად, საძიებო სისტემების მიერ გავრცელებული, პოტენციურად მავნე კონტენტი, პირდაპირი პასუხისმგებლობისგან დაცული იყო, რადგან, ინტერნეტში გიგანტური მოცულობის ინფორმაციაში ნავიგაციისას, ეს გავრცელება, პრაქტიკულად გარდაუვლად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, გერმანიის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ AI საძიებო სისტემები იმავე დაცვით ვერ სარგებლობს, რადგან AI Overview ძებნისთვის მხოლოდ დამატებით და არა აუცილებელ ფუნქციას ასრულებს. სასამართლომ თქვა, რომ საძიებო სისტემის გამოყენება მის გარეშეც შესაძლებელია და მომხმარებლებს ზღვა ინფორმაციაშიც შეუძლიათ შედეგების პოვნა.
ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ AI კომპანია AI-ის მეშვეობით გაკეთებული განცხადებებისთვის პირდაპირ პასუხისმგებლად სცნო. Pew-ის გამოკითხვის მიხედვით, მომხმარებელთა უმრავლესობა AI Overview-ის წყაროს ბმულებს არ ამოწმებს, ხოლო The New York Times-ის მაისის ანალიზი აჩვენებს, რომ Gemini 3-ზე დაფუძნებული AI Overview-ები შემთხვევათა 9%-ში არაზუსტია, ხოლო 56%-ში — არაზუსტ წყაროებს ციტირებს. ეს ნიშნავს, რომ Google-ის AI ყოველდღიურად მილიონობით მცდარ პასუხს ქმნის. თუ სხვა სასამართლოებიც ამ პრეცედენტს გაიზიარებს, AI კომპანიებს თავზე სარჩელების ტალღა დაატყდება.
Google სავარაუდოდ წინასწარ განჩინებას გაასაჩივრებს. კომენტარის თხოვნაზე Google-ის წარმომადგენელმა განაცხადა: "ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ AI Overview-ების ხარისხში, რომ პასუხების დიდი უმრავლესობა ზუსტ ინფორმაციას შეიცავდეს. ამ გადაწყვეტილებას ყურადღებით ვიხილავთ, ის საბოლოო არ არის".
კომენტარები