"კობახიძემ "იმედზე" განაცხადა, რომ "იგლ ჰილზიდან" დივიდენდის სახით 2 მილიარდ ლარს მივიღებთ ათი წლის განმავლობაშიო. ეს 740 მილიონი დოლარია დღევანდელი კურსით, ათი წლის შემდეგ კი ლარი რამდენი ეღირება, არავინ იცის. ათი წლის შემდეგ არაბული კომპანიაში ჩადებული ჩვენი მიწების ღირებულება რომ მეტი იქნება, ვიდრე დღეს, ეს ყველამ ვიცით.
უცბად, 6 წლიანი პროექტი გადაიქცა 10 წლიანად. ესეც ბლეფია. ორჯერ პატარა პროექტი ბელგრადში გათვლილია 30 წელიწადზე, 11 წელია მიდის მშენებლობა და ნახევარიც არაა დამთავრებული. ბიუჯეტში დივიდენდის ანუ სახელმწიფოს წილის სახით შესულია მხოლოდ 12 მილიონი ევრო. იქაც ასეულ მილიონებს ჰპირდებოდნენ ყოველწლიურად.
გამოდის, რომ საქართველო ორი ქალაქის მშენებლობისათვის საჭირო მიწისა და მომსახურების სახით ჩადებული წილის სანაცვლოდ ამ 2 მილიარდ ლარს მიიღებს. ეს მიწის ფასიც კი არ არის. აქვე მინდა ვთქვა, რომ ესეც ბლეფია, ისევე როგორც მთელი ეს პროექტი, რომელიც 30 წელი გაიწელება და რომლის ერთადერთი ინვესტორი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქართული მხარეა და ისეთი პირი უჩანს, ასე იქნება მომავალშიც. როგორც ირკვევა, მშენებლობა განხორციელდება წინასწარ გაყიდვებიდან შემოსული ფულით და მიწების დაგირავებით ბანკებიდან აღებული სესხებით. არცერთი ჩამოთვლილი არ განეკუთვნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას. მიწა რომ ეყიდა არაბ "ინვესტორს", მაშინ სხვა საკითხია. კაპიტალში არაბული მხარის ფულადი შენატანი არის ჯერ-ჯერობით ნული. თუ სერბულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, სამომავლოდ ეს შეიძლება იყოს 100-200 მილიონი დოლარი ან სულაც ნაკლები. 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია არის ბლეფი და ჩვენი ტერიტორიის ფაქტობრივად მუქთად გადაცემის გასამართლებლად იყო მოგონილი. მუქთად იმიტომ, გაცხადებული 200 მილიონი ლარის ოდენობის ქართული მხარის კუთვნილი დივიდენდი წელიწადში, რაც ისედაც ძალიან მცირეა, არის ბლეფი. ამას სულ მალე ვნახავთ.
ამ პროექტიდან საბოლოო ჯამში მივიღებთ დაუმთავრებელ, რამდენიმე ათეულ წელიწადის განმავლობაში მიმდინარე მშენებლობას, რომლიდანაც ნაღებს აიღებს არაბული კომპანია, ისე, რომ საკუთარ ფულსაც კი არ ჩადებს მასში.
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია თუ რას ნიშნავს, ეს დღეს ყველამ კარგად იცის. ამიტომ, ნელ-ნელა ამ ტერმინის ჩანაცვლებაც დაიწყეს. რაღაც ახალი სიტყვებით მანიპულირებენ-პროექტის საერთო ღირებულება, ეკონომიკის ზრდაში წილი, ბიუჯეტში ირიბი შენატანები, დასაქმება და ა.შ. მასე, ერთი პატარა ჯიხურის აშენებასაც აქვს თავისი პირდაპირი და ირიბი ეფექტი.
"ემაარის", დიდი არაბული სახელმწიფო კომპანიის ხსენება რომ შეწყვიტეს, ამას კი ვხედავთ. არაკეთილსინდისიერი რეკლამა იყო და კლიენტების მოტყუება. არავითარი "ემაარი" ქვეყანაში ფულს არ დებდა, "ინვესტორი" პატარა არაბული სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც "ემაართან" მხოლოდ ის აკავშირებს, რომ მისი დამფუძნებელი ერთ დროს იქ მუშაობდა.
და ბოლოს, ეს პროექტი იმ მასშტაბით, რასაც გვიყვებიან და რასაც ქაღალდზე დახატულს გვაჩვენებენ, არასდროს განხორციელდება. ესეც ილუზიების შესაქმნელად და მყიდველების მოსატყუებლად სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, რაც აშენდება, ესეც მრავალი რისკის შემცველია. საქართველო არ უნდა გახდეს ცივი და ცხელი ქვეყნებიდან ადამიანთა გადმოსახლების ადგილი. ეს არ არის მხოლოდ ტურისტებზე გათვლილი ინფრასტრუქტურა. არავინ იცის აჭარაში საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრწანისის ტყე-პარკში მხოლოდ საცხოვრებელი დასახლება შენდება, სადაც მობინადრეთა უდიდესი უმრავლესობა უცხოელები იქნებიან. ორასამდე წინასწარ გაყიდული ბინიდან ქართველები რომ სჭარბობენ, ესეც პროპაგანდისთვის კეთდება, ოცნების ფულიანებს ჩაადებინეს ალბათ ფული. მყიდველები ძირითადად რუსეთიდან და აზიური ქვეყნებიდან იქნებიან."
კომენტარები