10 დღეზე მეტი გავიდა, რაც ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის, შესახებ ნიუ-იორკ ტაიმსმა სტატია გამოაქვეყნა, თუმცა ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან ქალების სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი ამით არ დასრულებულა.

კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდი სკანდალს ყოველდღიურად ახალ-ახალი ისტორიები ემატება. სხვადასხვა სიტუაციებში დაზარალებული ქალების სია ყოველდღიურად იზრდება. საკუთარ გამოცდილებაზე ალაპარაკდნენ რიზ უიზერსპუნი და ბიორკიც.

აგორდა კამპანიაც, #MeToo, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს, ქალს თუ კაცს, შეუძლია თავისი ამბავი მოყვეს და ამით მსოფლიოს დაანახოს არსებული პრობლემის სიდიდე.

თუმცა, გამოჩნდნენ ქალები, რომლებმაც ვაინშტაინის სკანდალში კვლავ ის ქალები დაადანაშაულეს, რომლებმაც შეძლეს, რომ საკუთარ გამოცდილებაზე ხმამაღლა ესაუბრათ.


დონა კარანი

დონა კარანი.

ფოტო: Jamie McCarthy / Getty Images

ამერიკელი დიზაინერი, 69 წლის დონა კარანი პირველი იყო, რომელიც ვაინშტაინს გამოესარჩლა და შევიწროების უამრავ ისტორიაში დამნაშავეებად კვლავ ქალები გამოიყვანა:

"მემგონი [ქალებმა] ჩვენს თავებს უნდა შევხედოთ... ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია ამის [ქალების მიმართ არსებული საფრთხის] დანახვა. როგორ წარმოვაჩენთ თავებს? რას ვითხოვთ? ჩვენი სექსუალურობითა და გამომწვევი ქცევით რისი მიღწევა გვინდა? როგორ უნდა გვეცვას?"

მან დასძინა, რომ ვაინშტაინი და მისი [აწ უკვე ყოფილი] ცოლი, ჯორჯიანა ჩეპმენი "საოცარი ადამიანები" იყვნენ.

ამ განცხადებების შემდეგ, საზოგადოებამ დიზაინერის ბრენდს ბოიკოტი გამოუცხადა. უარყოფითი სახის გამოხმაურებების გამო, დონა კარანმა თავისი შეფასებისთვის რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში.


ლინდსი ლოჰანი

ლინდსი ლოჰანი.

ფოტო: MATT BARON/BEI / SHUTTERSTOCK

ამერიკელი მსახიობი, 31 წლის ლინდსი ლოჰანი ამ ბოლო დროს არასასიამოვნო სიურპრიზებით გვანებივრებს. დონა კარანის განცხადებების შემდეგ, მან ინსტაგრამზე ვიდეო დადო, რომელშიც ქალებს მოუწოდა, რომ "არასწორად იქცევიან" და "უნდა გაჩერდნენ":

"გამარჯობა, დუბაიში ვარ, სახლში, ძალიან მაწუხებს ჰარვი ვაინშტაინის ამბავი, არასწორია ის რაც ახლა ხდება. თავისი ცოლი ჯორჯიანა მას გვერდით უნდა დაუდგეს. ჩვენ [ლოჰანი და ვაინშტაინი] რამდენიმე ფილმი გადავიღეთ ერთად და მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია, მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა გაჩერდეთ. არასწორია რასაც ახლა აკეთებთ. ასე რომ, წამოდექით".

ლოჰანმა ვიდეო, რომელიც ინსტაგრამის ამბებში ედო, მალევე წაშალა.


პოლინა პოპოვა

მის რუსეთი 2017 პოლინა პოპოვა.

ფოტო: Mikhail Pochuyev / TASS

მის რუსეთი 2017-ის წარმომადგენლები, პოლინა პოპოვა და ქსენია ალექსანდროვა ამბობენ, რომ ამერიკისგან განსხვავებით, რუსეთში ქალებს სექსუალურად არ ავიწროებენ და ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, დამსახურებაა.

პოპოვა და ალექსანდროვა მის მსოფლიო 2017-ზე და მის სამყარო 2017-ზე რუსეთს წარადგენენ.

"მე მგონი ყველაფერი ქალზეა დამოკიდებული, როცა კაცების გარემოცვაში ხარ. დისტანციას თუ დაიცავ, ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიცი როგორ მოიქცა ანჯელინა ჯოლი, ბოლოს და ბოლოს, ის [ვაინშტაინი] ხომ მისი დამსაქმებელი იყო?!" - თქვა პოპოვამ და დასძინა, რომ მისთვის არასდროს შეუთავაზებია კაცს არასასურველი რამ.

"მე მგონია, რომ ასეთი რამეები რუსეთში არ მოხდებოდა, ამისთვის კი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს უნდა მოვუხადოთ მადლობა. ჩვენს ქვეყანაში ასეთ ამბებზე ძალიან იშვიათად გაიგებთ და ამის გამო ბედნიერი ვარ" - დასძინა ალექსანდროვამ.


ჰოლივუდი ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ

ჰარვი ვაინშტაინი

ფოტო: Getty Images

ჰარვი ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი იყო, თუმცა მისი კარიერა იმ ქალებმა დაასრულეს, რომლებზეც ის წლების განმავლობაში ძალადობდა.

ვაინშტაინი პირველად მსახიობმა ეშლი ჯადმა, ნიუ-იორკ ტაიმსის საშუალებით ამხილა. მისი წერილის მიხედვით, ვაინშტაინმა, 90-იან წლებში, ის სასტუმროს ნომერში კონტრაქტის პირობებზე სასაუბროდ დაიბარა, შემდეგ კი დიალოგი სააბაზანოში შესთავაზა და მასთან ერთად შხაპის მიღება მოსთხოვა.

ეშლი ჯადის გარდა, ჰარვის სექსუალური შევიწროვების ბრალდებით უამრავი ქალი ადანაშაულებს, მათ შორის მისი ყოფილი ასისტენტები და ჰოლივუდის ისეთი გავლენიანი მსახიობები, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ, ლინა ჰიდი და ა.შ.

ჰარვი ვაინშტაინს ქალები გაუპატიურებაშიც ადანაშაულებენ. მათგან ერთ-ერთი იტალიელი მსახიობია, რომლის თქმითაც, ვაინშტაინს მასთან ძალადობით ჰქონდა ორალური და ვაგინალური სექსი. სხვები ამბობენ, რომ ვაინშტაინი მათ მათი ნების საწინააღმდეგოდ შეეხო. ქალების ნაწილის თქმით, ვაინშტაინი მათ წინაშე მასტურბირებდა.

ნიუ-იორკერმა გამოაქვეყნა 2015 წლის ჩანაწერი, რომელშიც ვაინშტაინი იტალიელ მოდელს, ამბრა გუტიერესს, აბაზანაში შეყოლას დაჟინებით სთხოვს.

ბრალდებების შემდეგ, ჰარვი ვაინშტაინის ცოლმა, ჯორჯიანა ჩეპმენმა, განქორწინებაზე შეიტანა საბუთები, ხოლო ამერიკულმა კინოაკადემიამ ის ორგანიზაციიდან გარიცხა. ვაინშტაინს საკუთარმა ძმამ ავადმყოფი და მსოფლიო დონის მატყუარა უწოდა, თუმცა სექსუალურ შევიწროებაში მოგვიანებით ბობ ვაინშტაინიც დაადანაშაულეს.