შესაძლოა, ახალმა მიგნებამ არამიწიერი სიცოცხლის ძიება გაგვიმარტივოს
ფოტო: NASA
ახალი კვლევის თანახმად, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობა უჩვეულოდ ზუსტმა ქიმიურმა პირობებმა გახადა შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ამ გარემომ ჩვენს პლანეტას 2 მნიშვნელოვანი ელემენტის შენარჩუნების საშუალება მისცა: ფოსფორისა და აზოტის. ნაშრომის მიხედვით, ამ ელემენტების სრულყოფილი ბალანსის გარეშე სიცოცხლე არ იარსებებდა.
"პლანეტის ბირთვის წარმოშობის პროცესში აუცილებელია ჟანგბადი ზუსტი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი, რათა ფოსფორმა და აზოტმა პლანეტის ზედაპირზე შეძლოს გაჩერება", — განმარტა კრეგ უოლტონმა, კვლევის ავტორმა და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარმა (შვეიცარია).
ნაშრომის ავტორები ასევე დასძენენ, რომ დედამიწამ ამ ოქროს შუალედს დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ მიაღწია. ახალმა მიგნებებმა შეიძლება იმაზეც მოახდინოს ზეგავლენა, თუ როგორ ეძებენ მკვლევრები სხვა პლანეტებზე სიცოცხლეს.
ხშირად პლანეტები ჩამოყალიბების პროცესში ნაწილობრივ ან სრულადაა დამდნარი. პლანეტის სიღრმეში მძიმე მეტალების ჩაძირვა ბირთვს აყალიბებს, შედარებით მსუბუქი ელემენტები კი ზედაპირთან ახლოს რჩება. ამ ქაოსურ სტადიაზე, რომელიც ბირთვის ჩამოყალიბების სახელითაა ცნობილი, ჟანგბადის რაოდენობა გადამწყვეტ როლს თამაშობს იმაში, თუ სად აღმოჩნდება სხვა ელემენტები.
კვლევის მიხედვით, იმისთვის, რომ ფოსფორი და აზოტი პლანეტის მანტიასა და ქერქში დარჩეს, ჟანგბადის დონე ძალიან ვიწრო შუალედს არ უნდა გასცდეს. მაგალითად, თუ ჟანგბადის დონე არასაკმარისი იქნება, ფოსფორი რკინას გადაებმება და ბირთვისკენ ჩაიძირება. ეს სიცოცხლის წარმოშობისთვის არახელსაყრელია, რადგან ფოსფორი დნმ-ისა და უჯრედის მემბრანების მთავარი საშენი მასალაა. თუ პირიქით მოხდება და ჟანგბადის დონე ზედმეტად მაღალი აღმოჩნდება, აზოტი ატმოსფეროს გასცდება და კოსმოსში დაიკარგება.
მეცნიერებმა პლანეტების ჩამოყალიბებისა და გეოქიმიური თავისებურებების მოდელები გამოიყენეს. ამით დაადგინეს, რომ დედამიწაზე ჟანგბადის ზომიერი რაოდენობაა. ამას ქიმიური სასიცოცხლო ზონა დაარქვეს.
საინტერესოა, რომ ნაშრომის ავტორებმა მსგავსი მოდელები სხვა პლანეტებისთვისაც შექმნეს, მაგალითად, მარსისთვის. წითელი პლანეტის მანტიაში ფოსფორის დონე ბევრად მაღალი იყო, ვიდრე დედამიწაზე, თუმცა მარსზე საკმარისი აზოტი არ იყო, ამიტომ სიცოცხლე ვერ წარმოიშვა.
უმეტესად მიიჩნევა, რომ სიცოცხლის წარმოშობას ძირითადად ის განაპირობებს, თუ რამდენად ახლოსაა პლანეტა ვარსკვლავთან და რამდენადაა მასზე წყლის არსებობა შესაძლებელი. ახალი კვლევა სულ სხვა ფაქტორს უსვამს ხაზს. ნაშრომის ავტორების აზრით, პლანეტა შეიძლება სიცოცხლის წარმოშობისთვის ხელსაყრელი მანძილით იყოს ვარსკვლავისგან დაშორებული, თუმცა ზემოხსენებული ფაქტორების გამო მასზე სიცოცხლე მაინც ვერ აღმოცენდეს.
მნიშვნელოვანია, რომ პლანეტაზე არსებული ჟანგბადის დონე თავად ვარსკვლავის ქიმიურ შედგენილობასთანაა კავშირში. ამის მიზეზი ისაა, რომ პლანეტები და მათი ვარსკვლავი ერთი და იმავე მასალისგან შედგება.
თუ კვლევის ავტორები მართლები არიან, არამიწიერი სიცოცხლის ძიებაში კიდევ ერთი მინიშნება გვექნება: უნდა ვეძებოთ ის ვარსკვლავები (და, შესაბამისად, ეგზოპლანეტები), რომელთა ჟანგბადის დონეც ჩვენის მსგავსია.
კვლევა გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები