დღევანდელობაში, შემოქმედობა მუდმივ შიშში ყოფნას ნიშნავს — რადგან არავინ იცის, როდის შეგექმნება პრობლემა მუშაობისას, როდის დაგიხურავენ თეატრს ან როდის მოგიწევს სამსახურის დატოვება მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი აზრი დააფიქსირე.

ასეთ ვითარებაში, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების მხრიდან წუხილის საჯაროდ გამოხატვა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ამ დროს, დამოუკიდებელი თეატრი რჩება იმ ერთადერთ სივრცედ, სადაც ხელოვანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ღიად ისაუბრონ და საზოგადოებას საკუთარი იდეები გაუზიარონ.

ამის აღსანიშნავად, 22 დეკემბერს, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმში პრემია "თავისუფალის" რიგით მესამე დაჯილდოება გაიმართა. წლევანდელი გამოშვება ღირებულებებისთვის მებრძოლ ადამიანებს ეძღვნებოდა.

ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB

ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB

უკვე მესამე წელია, რაც პრემია "თავისუფალი" აგრძელებს დამოუკიდებელი სათეატრო ორგანიზაციებისა და მსახიობების მხარდაჭერას. მათი მიზანი პროფესიული აღიარების მინიჭებაა იმ სახელოვნო გაერთიანებებისა თუ არტისტებისთვის, რომლებიც კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობენ.

წელს პრემიები ტრადიციულად სამ ნომინაციაში გაიცა — საუკეთესო სპექტაკლი, მსახიობი და სცენოგრაფი.

ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB

საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში პრემია "თავისუფალის" პრიზი მათე ხიდეშელმა მიიღო, სპექტაკლისთვის — ბერსერკები შინ: არლეკინის ანდერძი, ხოლო საუკეთესო სპექტაკლის პრიზის მფლობელი გახდა თეატრი "ათონელზე", სპექტაკლით იოსები.

ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები

წლევანდელი პრემია ღირებულებებისთვის მებრძოლ ადამიანებს ეძღვნებოდა. სწორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახურები და თეატრებიც კი დაკარგეს, რათა თავისუფლების დასაცავად ქვეყნის სადარაჯოზე მდგარიყვნენ.

პრემია "თავისუფალის" დაჯილდოების ცერემონიამ ყველა ადამიანს მისცა შესაძლებლობა, აუდიტორია და პლატფორმა აზრის დაფიქსირებისთვის გამოეყენებინა. დრამატურგმა პაატა ციკოლიამ თავის გამოსვლაში სწორედ ამ ღირებულებებისთვის მებრძოლ ადამიანებზე ისაუბრა.

"სამსახურები, თეატრები დაკარგა ხალხმა და ეს ფასია, რომელსაც ბრძოლისთვის ვიხდით", — აღნიშნა პაატა ციკოლიამ — "ეს მხოლოდ დამოუკიდებელმა თეატრმა შეძლეს. როცა მართლა დამოუკიდებელი ხარ, მხოლოდ მაშინ აცნობიერებ, თუ რამდენად ძვირფასია შენთვის პრინციპები, იდეალები და თავგანწირვით ბრძოლა".

დრამატურგმა ახალი დიდი, ციფრული გლობალური ბარტერი დააანონსა, რომლის მიხედვით ემიგრანტებს შეეძლებათ — ისევე როგორც ტიპურ თეატრის მაყურებელს — სპექტაკლების მაღალ ხარისხში ნახვა. შესაბამისად, ისინიც შეძლებენ დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციებისა და მსახიობების მხარდაჭერას.

ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB

რაც შეეხება საუკეთესო სცენოგრაფიულ ნამუშევარს, ამ ნომინაციაში პრემია თათა თავდიშვილმა და ტატო გელიაშვილმა მიიღეს, მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლისთვის, სახელად ჰაიდე. როგორც ტატომ On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რთულია რამის ზეიმი, როდესაც მათი კოლეგები და ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები უსამართლო რეჟიმის მსხვერპლები არიან.

"ამის მიუხედავად, გვიწევს ამ საქმის ყოველდღიურად კეთება", — აღნიშნა ტატომ — "იმ საქმით, რომლითაც ელემენტარული საზრდოობა გვაქვს...შეუძლებელია ამ საქმის შეწყვეტა, რომ შევწყვიტოთ, შეიძლება უფრო ღრმა უფსკრულში აღმოვჩნდეთ, ვიდრე ახლა ვართ".

თათა თავდიაშვილმა დასძინა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეჟიმის გამო, ძალიან რთულია მისთვის მსახიობების წახალისებაზე საუბარი. მისი აზრით, პრემია "თავისუფალი" პროფესიული ზრდისთვის და მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB

"ისეთ ქვეყანაში, სადაც მთავრობა მარწუხებში აქცევს თავისუფალ ხმას, სიტყვას, შემოქმედებით პლატფორმებს. ამ დროს, მსახიობებისთვისაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის წახალისება და მათთვის მოტივაციის მიცემა რომ გააგრძელონ თავიანთი საქმის კეთებადა", — ამბობს On.ge-სთან თათა თავდიაშვილი — "ეს საქმე უნდა იყოს ხმამაღლა საუბარი ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ადამიანებს გვაწუხებს".

აღსანიშნავია, რომ წელს პრემიაზე წარდგენილები იყვნენ რეგიონის დამოუკიდებელი ნამუშევრები, მათ შორის, მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლი ჰაიდე — რომელმაც პრემია მოიპოვა. აგრეთვე, ბათუმის დამოუკიდებელი არტისტების გაერთიანების სპექტაკლი ჰიტლერი და თეატრი ლიანდაგის სპექტაკლი ფილოკტეტე.

ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB

როგორც პრემიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თეა კახიანმა, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რეგიონები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას, თუმცა ამ წლამდე რეგიონის თეატრს არასდროს გაუმარჯვია. მისი თქმით, ამ მხრივ, მათ წელს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი ჰქონდათ.

"როცა ვამბობთ, რომ პრემია ღირებულებებისთვის მებრძოლ ადამიანებს ეძღვნება, ვგულისხმობთ, რომ პრემია და ეს პროცესი საქართველოში უწყვეტი და ერთიანი პროცესია", — აღნიშნა მან — "სწორედ ამას აჩვენებს ეს შემთხვევა...სპექტაკლებიც რომ ნახოს მაყურებელმა, თუ რა თემებზე ესაუბრებიან ხელოვანები მაყურებელს, მიხვდება, რომ ზუსტად ეს არის ღირებულებების მატარებელი შემოქმედებითი პროცესი".

თეამ აღნიშნა, რომ რთულ ვითარებაში ხელოვანების წახალისება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამავდროულად, მისთვის წარმოუდგენელია როგორ შეუძლია რეჟიმს დაატყვევოს მსახიობები და, პარალელურად, ორიენტირებული იყოს კულტურის სფეროს წარმოჩენაზე.

"თუ სახელმწიფო ზრუნავს კულტურაზე მაშინ შეუძლებელია მან დაატყვეოს და განვითარების გზები მოუჭრას დამოუკიდებელ თეატრს, არტისტებს და ისეთ თეატრებში ჩადოს მილიონები, რომლებიც უშედეგოდ მუშაობენ, ეს წარმოუდგენელია", — თქვა თეა კახიანმა.

რაც შეეხება პრემია "თავისუფალის" მესამე გამოშვების ჟიურის წევრებს, პრემიაზე წარდგენილ სპექტაკლებს თვალი ადევნეს — ნინო ბურდულმა, დავით ბუხრიკიძემ და თამარ ცაგარელმა.

"მე გაოგნებული ვიყავი თქვენი სითამამით. მშურს თქვენი, რომ თქვენს თაობას არ ვეკუთვნი, მაგრამ თქვენ გვერდით მიგულეთ მუდამ. მე ვარ თავისუფალი და დამოუკიდებელი, ისევე როგორც თქვენ", — აღნიშნა დაჯილდოებაზე მსახიობმა ნინო ბურდულმა — "ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და ვქმნით ხელოვნებას, რომელიც ყოველდღე იფერფლება და აღდგება როგორც ფენიქსი...გზას დაგილოცავთ".

პრემია "თავისუფალის" მესამე გამოშვების ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, დავით ბუხრიკიძემ On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამარჯვებულები რამდენიმე კომპონენტის შეფარდებით შეირჩა.

ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB

"მნიშვნელოვანია სათქმელი, ტექსტის ხარისხი, რეჟისურა, მსახიობები და სცენოგრაფიული გადაწყვეტილება", — აღნიშნა მან.

დავით ბუხრიკიძემ პრემია "თავისუფალის" არსებობაზე და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციებისა და თავად მსახიობების წახალისება ხელს უწყობს ახალი დრამატურგიის ჩამოყალიბებას.

"ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც პრემია დაარსდა, თანდათან იზრდება გავლენა. ეს აისახება არა მხოლოდ სპექტაკლების რაოდენობაში, არამედ ხარისხში. მზარდია ხარისხი, კონცეფცია, რეჟისორები უფრო მეტი ენთუზიაზმით ერთვებიან ამ საქმეში, არტისტული გამოცდილებაც მეტია, ხალხსაც მეტი ინტერესი უჩნდება", — თქვა მან.

ფოტო: პრემია "თავისუფალი"/FB

გარდა ამ გამარჯვებულებისა, წელს პრემია "თავისუფალმა" საორგანიზაციო ჯგუფის რჩეულებიც დაასახელა — ნოდარ ძოწენიძე, სპექტაკლისთვის პოლიცია და თამარა ჩუმაშვილი სპექტაკლისთვის ფილოკტეტე.

შეგახსენებთ, რომ პრემია "თავისუფალი" უკვე მესამე წელია, რაც დამოუკიდებელი სათეატრო ორგანიზაციებისა და მსახიობების მხარდაჭერაზე ზრუნავს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გააგრძელებს პრემია მომდევნო წლებში მოღვაწეობას. დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ ისინი მომავალ წელსაც შეძლებენ არტისტების წახალისებას.

თავისუფლება და სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმარს!

პრემია "თავისუფალის" საინფორმაციო მხარდაჭერია On.ge