"დღეს ჩემი სიტყვა განათლების რეფორმაზე უნდა შეხებოდა, რომელიც "ნაცების" დროს ციხეების უფროსმა, მიქანაძემ და Eagle Hills-ის გაყიდვების მენეჯერმა, კობახიძემ წარადგინეს ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ გუშინ თქვენი გუნდის წევრების კომენტარები მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი თურმე აღარ არსებობს BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით, რადგან თურმე თქვენ თვითონვე გამოიძიეთ ობიექტურად და დაასკვენით, რომ მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს წყალში "კამიტი" კი არა, სხვა ნივთიერება გაურიეს. თქვენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომ გვერდით გადავდოთ, ჯერ სანქცირებულმა გომელაურმა, შემდეგ თქვენმა პრემიერმინისტრმა, კობახიძემ, შემდეგ კი სუს-მა თავისი ბრიფინგით აღიარეს, რომ წყალში ნივთიერების გარევა მოხდა მშვიდობიანი აქციის დარბევისთვის, რაც უკვე დანაშაულია და როგორც ვხვდები, ეს თქვენმა დეპუტატებმა არ იციან. თქვენივე პირით აღიარებული ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას კი ახლა იმით ცდილობთ, რომ თითქოს ეს ნივთიერება "კამიტი" არ იყო. არც მე ვამბობ, რომ ეს იყო "კამიტი".
მაგრამ თქვენც და ჩვენც ვთანხმდებით იმაში, რომ ნივთიერების გარევა მოხდა, ანუ დანაშაული უკვე ჩადენილია და რა ნივთიერება იყო გამოყენებული ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ ჩვენ ვერ ვენდობით თქვენს გამოძიებას, იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები ნიღბიან ზონდერებს აცემინეთ, ახალგაზრდები ძვლებში დატეხეთ, ჟურნალისტებს კისერი მოტეხეთ და სასიკვდილოდ გაიმეტეთ, დაკავებულ ადამიანებს, დაკავების შემდეგ სცემდით, ახალგაზრდებს ჯერ სახლებში ტელეფონებზე ურეკავდით და აგინებდით და შემდეგ სადარბაზოებთან ხვდებოდით და სცემდით. არ ინდობდით არც ბავშვებს, არც ქალებს. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც არცერთი მსგავსი ფაქტი არ გამოიძია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხალხის ცემისთვის დააჯილდოვა. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც შინაგან საქმეთა მაღალჩინოსნები მაგნიცკის სიაში არიან მოხვედრილები. თუ თქვენ გგონიათ, რომ დრო გავიდა და ეს ძალადობრივი აქტები ხალხს დაავიწყდება, გეშლებათ, რადგან ხალხს არაფერი ავიწყდება და ეს "ნაცების" მაგალითზე მაინც უნდა გაგეთვალისწინებინათ. ქართველ ხალხს არაფერი არ ავიწყდება და ამ ყველაფრის მერე, თქვენ გინდათ, რომ სიტყვაზე გენდოთ, თუ რა ნივთიერება გაურიეთ წყლის ჭავლს და როგორ დაარბიეთ მშვიდობიანი მოქალაქეები მოწამლეთ? თან მას შემდეგ, როცა თქვენ თვითონვე აღიარებთ დანაშაულს, რომ წყალში ნივთიერება მართლაც იყო გარეული? ამას თქვენ ვერ გამოიძიებთ.
ამიტომ დავაინიციირეთ ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს პარლამენტში, რადგან საქმე მოქალაქეების ჯანმრთელობას ეხება და უნდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს არ მოაწერს, გადაინაწილებს იმ პასუხისმგებლობას, რაც წყლის ჭავლში დამატებითი ნივთიერების გარევას ეხება. და ვინც გეუბნებათ, რომ წყალში "კამიტი" არ იყო გარეული, ის უბრალოდ გატყუებთ. ხოლო თქვენს პრემიერმინისტრს ოდნავი პოლიტიკური ალღო რომ ჰქონოდა უკვე უნდა დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ უმუშავებდეს, თუნდაც მისი გადადგომის ტექსტი, ისევ სხვისი წასაკითხი ყოფილიყო."
კომენტარები