27 ოქტომბერს EventHub-ის სივრცეში NEXT.On.ge-ის ორგანიზებული საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ბიოლოგი ვასო გაბუნია უძღვებოდა.

საჯარო ლექციის თემა სიცოცხლის 4.6-მილიარდწლიანი თავგადასავალი იყო. ვასო გაბუნიამ ისაუბრა, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე და როგორი ისტორია გამოიარა მან დღევანდელ დღემდე.

ლექცია განკუთვნილი იყო ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია მეცნიერებით, დედამიწის ან მასზე სიცოცხლის გაჩენის ისტორიით და სურს გაიგოს მეტი უზარმაზარ სამყაროში საკუთარი ადგილის შესახებ.

ლექციაზე მისულმა აუდიტორიამ შეიტყო თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლის პირველი ფორმები და როგორ მოხდა მათი შემდგომი განტოტვა. ამის შემდეგ ვასო გაბუნიამ ისაუბრა სიცოცხლის გამრავალფეროვნებაზე, წყლიდან ხმელეთზე ამოსულ პირველ ორგანიზმებზე და საბოლოოდ დინოზავრების ჩამოყალიბებაზე.

აუდიტორიამ ასევე შეიტყო, თუ როგორ გადაშენდნენ დინოზავრები და რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა ეს მოვლენა ძუძუმწოვრებისთვის — სწორედ ძუძუმწოვრები დომინირებენ დღეს დედამიწაზე.

ლექციის ბოლოსკენ ვასო გაბუნიამ პრიმატების ისტორიაზეც ისაუბრა და განიხილა, თუ როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სახეობა — ჰომო საპიენსი.

შეხვედრის დასასრულს ლექციაზე მოსულმა ადამიანებმა ვასო გაბუნია პირადად გაიცნეს და მასთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

NEXT.On.ge მომავალშიც ეცდება მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას, რა დროსაც ჩვენს მკითხველს სხვა ქართველ მეცნიერებთან შეხვედრის საშუალებაც მიეცემა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.