1997 წელს მეცნიერებმა ბაყაყი ჰაერში აალივლივეს — როგორ
ფოტო: Lijnis Nelemans/Wikimedia, CC 3.0
1997 წელს უჩვეულო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ფიზიკოს ანდრე გაიმის გუნდმა ბაყაყი, ჭრიჭინა და რამდენიმე მცენარე მაგნეტიზმის საშუალებით ჰაერში აალივლივა. 3 წლის შემდეგ ამან მეცნიერს "შნობელის პრემია" მოუტანა — ნამდვილი ჯილდოს სატირული ანალოგი. მოგვიანებით მან რეალური ნობელის პრემიაც მიიღო, თუმცა, თავისთავად, სულ სხვა აღმოჩენისთვის.
ასევე, იხილეთ: ტესტი: გამოიცანი, რისთვის გადაეცათ მეცნიერებს "შნობელის პრემია"
რაც შეეხება ცხოველის ალივლივებას, უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერ საგანს მცირეოდენი მაგნიტურობა მაინც ახასიათებს. ეს ფაქტი აუცილებელია იმის გასაგებად, თუ როგორ შეუძლია დიამაგნეტიზმს ბაყაყის (თეორიულად, ადამიანისაც) ჰაერში აწევა.
მაგნიტურ ობიექტებზე ფიქრისას ძირითადად რკინა და კობალტი გვახსენდება. ეს ლოგიკურიცაა, რადგან მათ ძლიერი მაგნეტიზმი ახასიათებს. მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაგნიტური ველი ყველაფერს აქვს, თუმცა ზოგ საგანს — სხვებზე ძლიერი.
ატომები და ელექტრონები ველს წარმოქმნის, რომელსაც მსოფლიოში უძლიერეს ელექტრომაგნიტში მოთავსებისას საპირისპირო ძალების განზიდვა შეუძლია. ეს კვანტურ-მექანიკური ეფექტი დიამაგნეტიზმის სახელითაა ცნობილი და შეიძლება ნებისმიერ საგანში გამოვლინდეს: როგორც ცოცხალში, ისე არაცოცხალშიც.
გაიმმა და მისმა კოლეგებმა სწორედ ამ თეორიის შემოწმება გადაწყვიტეს. მათ ბაყაყი მაღალი ველის მქონე მაგნიტის "ყელში" მოათავსეს, საიდანაც ამფიბია ჰაერში ალივლივდა.
ცნობისთვის, ექსპერიმენტის შედეგად არც ბაყაყი და არც სხვა ცოცხალი არსება არ დაშავებულა. საინტერესოა, რომ დიამაგნეტიზმს უამრავი სხვა გამოყენებაც აქვს, მაგალითად, ნულოვანი გრავიტაციის კვლევაში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ცოცხალი არსებების დედამიწაზე ალივლივება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე კოსმოსში.
ასევე იხილეთ: წვეულება ნულოვანი გრავიტაციის პირობებში — "კოსმოსი" დედამიწაზე
თუ ჰაერში ადამიანის ალივლივების შესაძლებლობამ დაგაინტერესათ, გეტყვით, რომ ეს თეორიულად დასაშვებია, მაგრამ, ჩვენი ზომის გამო, მსგავსი ტექნოლოგიის შექმნა გაცილებით რთული იქნება.
კომენტარები