წვეულება ნულოვანი გრავიტაციის პირობებში — "კოსმოსი" დედამიწაზე
ტურისტული კომპანია Zero-G, როგორც მისი სახელწოდება გვეუბნება ნულოვან გრავიტაციას გვთავაზობს. საინტერესოა, რომ ის ამას კოსმოსში გასვლის გარეშე აკეთებს. ახლა კი, კომპანიას მორიგი საინტერესო წამოწყება აქვს — წვეულებები ნულოვანი გრავიტაციის პირობებში.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათ კონცეპტი უკვე გამოცადეს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შესაბამისად, მოვიდა დრო, ის მომხმარებლებს შესთავაზონ.
"არტისტების პერსპექტივიდან, ეს არის საშუალება, გადალახონ საზღვრები. თუმცა, ეს ასევე წვეულების მონაწილეებისთვისაც გასაოცარი გამოცდილება იქნება", — განუცხადა Space.com-ს Zero-G-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა, გრეგ მელონმა.
და თუ საცდელი ღონისძიების კადრებს გავითვალისწინებთ, ეს ნამდვილად საინტერესოა. მონაწილეები უწონადობაში ტრიალებენ, ხოლო დიჯეი ჰაერში სრიალებს და ეს ყველაფერი მუსიკის ფონზე.
"ნულოვანი გრავიტაციის წვეულება დაუვიწყარ გამოცდილებას გვთავაზობს. წარმოიდგინეთ ჰაერში ლივლივებთ და ამის პარალელურად ერთობით. ეს უნდა გამოცადოთ და მერწმუნეთ, ნამდვილად არ დაგავიწყდებათ", — ნათქვამია Zero-G-ის განცხადებაში.
საინტერესოა, რომ წვეულება არ იქნება უწყვეტი ნულოვანი გრავიტაციით გაფორმებული. უწონადობის დონე შეიცვლება ხოლმე და ის ზოგჯერ მოიმატებს და ზოგჯერ დაიკლებს.
ეფექტის მისაღწევად, Zero-G-ის თვითმფრინავი ცაში სპეციალურ მანევრებს ასრულებს, რაც მკვეთრი დაშვებისას დროებით უწონადობას იწვევს. 90 წუთიანი ფრენის დროს, მგზავრებს შეუძლიათ მსგავსი ეფექტი მინიმუმ 15-ჯერ გამოცადონ.
რაც შეეხება წვეულებაზე დასასწრებ ბილეთის ფასს, კომპანიაში ამბობენ, რომ ის 9 000 დოლარი ეღირება.
ორგანიზატორების თქმით, ისინი ამით ადამიანებს დედამიწაზე კოსმოსის შეგრძნების საშუალებას აძლევენ.
კომენტარები