პუტინსა და სი ძინპინს ორგანოების გადანერგვით სიცოცხლის გახანგრძლივება სურთ — უკვდავების გეგმა?
ფოტო: Politico
ცოტა ხნის წინ ჩინეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩატარდა. თიენანმენის მოედანზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ჩინელი კოლეგა, სი ძინპინი, კამერამ უცნაური საუბრისას დააფიქსირა.
მმართველების ლაპარაკის თემა უკვდავების მიზნით ორგანოების გადანერგვა იყო. ორივე მათგანმა პრეზიდენტობის ვადების შეზღუდვის მოსახსნელად სულ ახლახან შეცვალა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია. როგორც ჩანს, ახლა მათი ერთადერთი დაბრკოლება, რომ სახელმწიფო უსასრულოდ მართონ, ასაკია. ლოგიკურია, რომ ასეთ ავტორიტარ მმართველებს მსგავსი საკითხები აინტერესებთ, თუმცა არის თუ არა ეს მართლა შესაძლებელი?
"ადამიანის ორგანოების მუდმივად გადანერგვა შეიძლება. რაც უფრო დიდხანს ცოცხლობ, მით უფრო ახალგაზრდავდები და საბოლოოდ უკვდავებასაც აღწევ", — უთხრა პუტინმა ძინპინს.
ისინი ორივე 72 წლის არიან. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული ცოდნით არცერთი მათგანი გამოირჩევა, ჩინელი ლიდერი თანამოსაუბრეს აღტაცებით ეუბნებოდა, რომ "როგორც ვარაუდობენ, შესაძლოა, ამ საუკუნეში ადამიანებმა 150 წლამდე იცოცხლონ".
წაიკითხეთ: 1939 წლის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს 100 წლამდე მიღწევის ნაკლები შანსი აქვთ
არსებული თეორიის მიხედვით, ადამიანებს მართლა გვაქვს 150 წლამდე სიცოცხლის უნარი. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. პირველ რიგში, ამისთვის უნდა შეიქმნას სიმსივნისა და სხვა მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალებები.
ერთადერთი ადამიანი, რომელმაც 122 წლამდე იცოცხლა, იყო ფრანგი ქალი — ჟანა კალმანი. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მის ასაკამდე ვეღარავინ მიაღწევს. არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანის ორგანოებს მაქსიმუმ დაახლოებით 120 წელი შეუძლია ფუნქციონირება.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია დარწმუნებით თქმა, შეძლებს თუ არა ვინმე უსასრულოდ ცხოვრებას საკუთარი ორგანოების მუდმივად ახლით შეცვლით. მსგავსი რამ აქამდე ჯერ არავის უცდია.
ეს გეგმა საკმაოდ რთულია განსახორციელებლად. პირველ რიგში იმიტომ, რომ ორგანოები რთულად მოსაპოვებელია მათთვისაც კი, ვისაც სასიცოცხლოდ სჭირდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად მკვლევრებმა ცხოველების ორგანოების გამოყენება დაიწყეს.
ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული ან თირკმელი გადაუნერგეს. სამწუხაროდ, რამდენიმე თვეზე მეტხანს ყველა მათგანმა ვერ იცოცხლა. ზოგჯერ მიმღები უცხო სხეულს ვერ გუობს.
ცხოველების ორგანოების გადანერგვის იდეა ახალი არაა. მსგავსი აზრი მე-17 საუკუნეში ფრანგ ექიმს ჟან-ბატისტ დენისს გაუჩნდა. მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, ეს ტექნოლოგია ისე სწრაფად განვითარდეს, რომ პუტინს ან სის უკვდავების მიღწევაში დაეხმაროს.
ცხოველებისა თუ ადამიანების ორგანოების გადანერგვის ნაცვლად სიცოცხლის გახანგრძლივება, ალბათ, დაბერების პროცესის შეჩერებით უფრო შეიძლება. კერძოდ, მეცნიერები იამანაკის ფაქტორების გამოყენებას ცდილობენ. მისი დახმარებით გენები დაბერებულ უჯრედებს ახალგაზრდა ღეროვან უჯრედებად გადააქცევს.
ამ ეტაპზე ეს კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. სიცოცხლის გასახანგრძლივებლად კი საუკეთესო გზად რჩება ჯანსაღი კვება, ვარჯიში და მოწევაზე უარის თქმა.

კომენტარები