სხვადასხვა სეზონის ფოტოდღიური: საქართველოს კუთხეების შთამბეჭდავი პეიზაჟები
სეზონები-ფოტოდღიური ორი ახალგაზრდა ფოტოგრაფი მოგზაურის ერთობლივი პროექტია. ცოლ-ქმარმა, ეკატერინე მამამთავრიშვილმა და დავით ხელაშვილმა, პროექტი ერთი წლის წინ დაიწყეს.
ფოტოგრაფ მოგზაურებს, ამ დროის განმავლობაში, საკმაოდ მრავალფეროვანი ფოტოჩანაწერები დაუგროვდათ.
"ეს ფოტოები ჩემი და ჩემი ქმრის ერთობლივი შემოქმედებაა. ყველაფერი ერთი წლის წინ, ბახმაროში დაიწყო. სწორედ იქ დაგვებადა იდეა, გვეწარმოებინა ფოტოდღიური და სეზონების მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი თუ სოფელი დაგვეფიქსირებინა.
სეზონების მიხედვით, იცვლებოდა გადასაღები ადგილები და ფოტოგმირები - ადგილობრივები, რომლებიც ჩვენი ფოტოგმირები ხდებოდნენ და კამერის წინ გულწრფელად გვიზიარებდნენ საკუთარ ემოციებსაც" - ამბობს ეკატერინე On.ge-სთან საუბრისას.
ეკატერინეს თქმით, პროექტის მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისთვის მაღალი ხარისხის საიმიჯო ფოტოების შექმნაა.
"ვცდილობთ კამერით ნაკლებად ათვისებულ ადგილებს ვესტუმროთ. გვეამაყება, რომ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც ბახმარო მთელი თავისი მრავალფეროვნებით აღვბეჭდეთ.
პროექტს ძალიან კარგი გამოეხმაურება აქვს. ფოტოები ზოგს მათთვის უცნობი ადგილების მიმართ უღვიძებს ინტერესს, ზოგიც უკვე ნამყოფია, საკუთარ შთაბეჭდილებებს იხსენებს და განმეორებით ვიზიტს გეგმავს".
ფოტოგრაფებს კითხვებით ხშირად მიმართავენ:
"აინტერესებთ სად შეიძლება გაჩერება, რის მონახულებას ვურჩევთ კიდევ და ა.შ. ჩვენც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვაკვალიანებთ, რადგან საბოლოოდ ეს ყველაფერი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე აისახება დადებითად.
ჩვენი მიზანიც ხომ ესაა - გვინდა ქართველებმა საკუთარ ქვეყანაში აქტიური მოგზაურობა დაიწყონ. უამრავი ჯადოსნური ადგილია საქართველოში, რომლის შესახებაც ცოტამ იცის".
კომენტარები