შიმშილის თამაშები: Sunrise On The Reaping — ყველაფერი, რაც ვიცით
Sunrise On The Reaping შიმშილის თამაშების ცნობილი საგის ახალი ფილმია, რომელსაც ძალიან მალე ვიხილავთ ეკრანებზე — აი, ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცით.
ფოტო: Lionsgate
ცოტა ხნის წინ ვწერდით შიმშილის თამაშების ახალი ფილმში მონაწილე მსახიობების შესახებ, თუმცა ახლა მეტი დეტალი ვიცით.
გამომცემლობა Scholastic-ის მიხედვით, Sunrise On The Reaping კიდევ ერთი წიგნია, რომელიც პანემის სამყაროში გვამოგზაურებს შიმშილის თამაშების მოვლენებამდე 24 წლით ადრე. უკვე ვიცით, რომ სიუჟეტის მთავარი ფოკუსი ჰეიმიჩ აბერნათის პერსონაჟია, რომელიც აქამდე შიმშილის თამაშებში ქეთნის ევერდინის მწვრთნელად მოგვევლინა.
ვინ მონაწილეობს Sunrise on the Reaping-ში?
Lionsgate-მა 2025 წლის 23 აპრილს გაგვიმხილა ფილმის პირველი ორი მსახიობის ვინაობა:
ჯოზეფ ზადა ახალგაზრდა ჰეიმიჩ აბერნათის როლში

ფოტო: IMDB
ჯოზეფ ზადა ახალგაზრდა ჰეიმიჩ აბერნათის როლს შეასრულებს Sunrise On The Reaping-ში. თუ ზადას შესახებ არაფერი გსმენიათ, ის 2005 წელს დაიბადა და ავსტრალიის ქალაქ სიდნეიდანაა. ზადა მსახიობების ოჯახში გაიზარდა, თუმცა მას მხოლოდ რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ქვიარ დრამაში უხილავი ბიჭები და Prime Video-ს ახალ ფილმში We Were Liars. ასევე, მას მალე ვიხილავთ მაიკ ფეისტისა და ფლორენს პიუსთან ერთად ნეტფლიქსის ახალ სერიალში, რომლის გადაღებებიც 2025 წლის მარტში დასრულდა და ჯონ სტაინბეკის 1952 წლის რომანს – ედემის აღმოსავლეთით – ეფუძნება.
უიტნი პიკი ლენორ დოუვ ბერდის როლში
ფოტო: Getty Images
ზადას შეუერთდება ჭორიკანას მსახიობი უიტნი პიკი, რომელიც 50-ე შიმშილის თამაშების განმავლობაში ჰეიმიჩის ბავშვობის სიყვარულსა და შეყვარებულს, ლენორ დოუვ ბერდს განასახიერებს. თუ მისი პერსონაჟის გვარი გეცნობათ, ეს იმიტომ, რომ ლენორ დოუვ ბერდიც კოვეის ოჯახის წევრი იყო, ისევე როგორც ლუსი გრეი ბერდი ფილმიდან შიმშილის თამაშები: მგალობელი ჩიტებისა და გველების ბალადა. გარდა ამისა, ლენორი ლუსი გრეის ორმა ბიძაშვილმა გაზარდა.
უიტნი პიკმა პოპულარულობა 2021 წლიდან 2023 წლამდე ჭორიკანაში ზოია ლოტის განსახიერებით მოიპოვა. მას ასევე ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ნეტფლიქსის საბრინას შემაძრწუნებელ თავგადასავლებში, ჰოკუს პოკუს 2-ში და მოლის თამაშში.
"შიმშილის თამაშების ფრენჩაიზი დიდი ხანია შესანიშნავი ახალგაზრდა მსახიობების სასტარტო წერტილია და ჯო და უიტნი ამ მემკვიდრეობას წარმოუდგენელი სიღრმითა და სიმხურვალით აგრძელებენ", – განუცხადა Lionsgate Motion Picture Group-ის თანაპრეზიდენტმა ერინ ვესტერმენმა Deadline-ს მთავარი პერსონაჟების მსახიობების შერჩევის შესახებ. "ასობით ნიჭიერი შემსრულებლის ნახვის შემდეგ, ეს ორი მაინც ყველასგან გამოირჩეოდა, არა მხოლოდ მათი ნიჭით, არამედ იმ ემოციური სინამდვილით, რომელიც მათ ამ როლებში შემოიტანეს" , — განაგრძო ვესტერმენმა — "ჰეიმიჩი ყოველთვის გულშემატკივრების საყვარელი პერსონაჟი იყო და მისი ისტორია ფრენჩაიზის ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ისტორიაა, შესაბამისად, მოუთმენლად ველით, როდის გაიცნობენ გულშემატკივრები იმ ამბავს, რომელმაც სერიალის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პერსონაჟი ჩამოაყალიბა".
პროდიუსერმა ნინა ჯეიკობსონმა დაამატა, რომ ქასთინგის პროცესი საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა — "ეს პროცესი ძალიან დამქანცველი იყო, ისეთი ახალგზარდა მსახიობის მოძებნა, რომელსაც ექნებოდა ახალგაზრდა ჰეიმიჩის განსახიერების ნიჭი და ფანტაზია. ჯო საოცრად მოემზადა და ჩვენი გულები დაიპყრო. შემდეგ, უიტნის შესრულებამ სუნთქვა შეგვიკრა. ეს ქასთინგის ის ჯადოსნური ნაწილია, როდესაც იცი, ძიებამ შედეგი გამოიღო".
ელ ფენინგი ეფი ტრინკეტის როლში
ფოტო: Getty Images
ბევრი სპეკულაციისა და გულშემატკივრების მიერ საოცნებო მსახიობების შერჩევის შემდეგ, ოფიციალურად დადასტურდა: ელ ფენინგი ეფი ტრინკეტის როლს შეასრულებს Sunrise On The Reaping-ში. ამ არჩევანს გულშემატკივრებიც ეთანხმებიან. ფენინგის ამ როლზე დამტკიცების შესახებ კი მანამდე თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები. 27 წლის მსახიობი ბოლოს ტიმოთი შალამესთან ერთად ვიხილეთ ფილმში ბობ დილანი: ყველასთვის უცნობი და Hulu-ს სერიალში დიადი, თუმცა მსახიობი ბავშვობიდან აქტიურია და კარიერის განმავლობაში უამრავი როლი შეასრულა.
ერინ ვესტერმენმა The Hollywood Reporter-თან თქვა, — "მას შემდეგ, რაც სუზანმა წიგნი გამოუშვა, მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებს შემდეგი კითხვა გაუჩნდათ: ვინ ითამაშებს ეფის როლს? ელიზაბეთ ბენკსმა ის დასამახსოვრებელ პერსონაჟად აქცია — ვის შეეძლო ამ მემკვიდრეობის პატივისცემა და ეფის ადრეულ დღეებში დაბრუნება? ჩვენთვის ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობდა. ელ ფენინგის კარიერა ტრანსცენდენტულია. მას იშვიათი გარეგნობა აქვს — თბილი და სიღრმით სავსე. ის თავიდანვე იყო გულშემატკივრების ფავორიტი და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ როლზე დაგვთანხმდა".
მაკენა გრეისი მეისილი დონერის როლში
ფოტო: Getty Images
მთავარი როლების შემსრულებლების გარდა, Lionsgate-მა ისიც გამოაცხადა, რომ Sunrise On The Reaping-ში მეისილი დონერის როლს მაკენა გრეისი შეასრულებს. თუ ეს პერსონაჟი არ გეცნობათ და წიგნი არ წაგიკითხავთ, გეტყვით, რომ მეისილი თამაშების ერთ-ერთი მონაწილეა მე-12 რაიონიდან, რომელიც ჰეიმიჩთან ერთად 50-ე შიმშილის თამაშებში მონაწილეობს. ის ასევე კაჭკაჭჯაფარას ძალიან ცნობილი სამკერდე ნიშნის მფლობელია, რომელიც მოგვიანებით ქეთნისს ერგო.
18 წლის ასაკში გრეისს შესანიშნავი კარიერა აქვს, რომელიც მოიცავს ისეთ ფილმებსა და სერიალებს, როგორებიცაა მე, ტონია; საბრინას შემაძრწუნებელი თავგადასავლები; ფულერის სახლი; მხევლის წიგნი; ახალგაზრდა შელდონი და სხვა.
ჯესი პლემონსი ახალგაზრდა პლუტარქ ჰევენსბის როლში
ფოტო: Getty Image
შიმშილის თამაშების სოციალურ ქსელში ჯესი პლემონსის ქასთინგის ვიდეო გამოაქვეყნეს. ჩვენთვის ნაცნობ ტრილოგიაში თამაშების მთავარი შემქმნელის და შემდგომში ამბოხებულთა მეთაურის, ჰევენსბის როლს, დღეისათვის გარდაცვლილი, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი ასრულებდა. ჯესი პლემონსი ემის ნომინაციაზე სამჯერ იყო წარდგენილი და, ალბათ, ყველაზე ცნობილია მისი როლებისთვის მძიმე დანაშაულში და შავ სარკეში.
კევინ ჰარისონ უმცროსი ახალგაზრდა ბიტი ლატიეს როლში
ფოტო: DIA DIPASUPIL
2025 წლის 13 მაისს გამოცხადდა, რომ კევინ ჰარისონ უმცროსი Sunrise On The Reaping-ის მსახიობებს შეუერთდა და ბიტი ლატიეს როლს შეასრულებდა. ბიტი აუცილებლად გემახსოვრებათ შიმშილის თამაშების სერიებიდან, რომლებშიც მის პერსონაჟს ჯეფრი რაიტი განასახიერებდა. მესამე რაიონის მაცხოვრებელი ბიტი 34-ე შიმშილის თამაშების გამარჯვებული და 75-ე შიმშილის თამაშების მონაწილეა.
30 წლის კევინ ჰარისონ უმცროსი ბოლოს სეიდი სინკთან ერთად გამოჩნდა ფილმში ო'დესა. მას ასევე გახმოვანებული ჰყავს ტაკა ფილმში მუფასა: მეფე ლომი და ცნობილია მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის როლისათვის National Geographic-ის სერიალში გენიოსი.
მაია ჰოუკი ახალგაზრდა უაირესის როლში
ფოტო: Getty Images
14 მაისს გამოცხადდა, რომ დანარჩენ მსახიობებს მაია ჰოუკიც უერთდებოდა და უაირესის როლს მოირგებდა. მესამე რაიონის მაცხოვრებელი უაირესი 49-ე შიმშილის თამაშების გამარჯვებული იყო და მისი როლი ფილმში შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში ამანდა პლამერმა შეასრულა.
ცნობილი მსახიობების, ეთან ჰოუკისა და უმა თურმანის შვილი, მაია ჰოუკი, ყველაზე ცნობილია რობინ ბაკლის როლის შესრულებით ნეტფლიქსის სერიალში უცნაური ამბები. მის ნამუშევრებში ასევე შედის ერთხელ ჰოლივუდში, შურისძიება, თავდაყირა 2 და სხვა.
ლილი ტეილორი მაგს ფლანაგანის როლში
ფოტო: Getty Images
ჰოუკის როლზე გამოცხადების დღესვე, Lionsgate-მა ასევე გაამხილა ლილი ტეილორის კანდიდატურა მაგს ფლანაგანის როლზე. მაგსი შიმშილის თამაშების ფრენჩაიზის მნიშვნელოვანი პერსონაჟია. ის მე-11 შიმშილის თამაშებში იბრძოდა. 50-ე შიმშილის თამაშების დროს კი მაგსი ჰეიმიჩის მენტორის როლს ასრულებდა. ჩვენთვის უკვე ნაცნობ ფილმებში მისი როლი ლინ კოენმა მოირგო.
58 წლის ლილი ტეილორი საკმაოდ ცნობილი და აღიარებული მსახიობია, რომელსაც მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ პროექტებში, როგორიცაა წყევლა, ექვსი ფუტის სიღრმეში და სხვა.
რეიფ ფაინზი პრეზიდენტი სნოუს როლში
ფოტო: Getty Images
16 მაისს, Lionsgate-მა მნიშვნელოვანი სიახლე წარმოადგინა — სხვა ვინ, თუ არა რეიფ ფაინზი, რომელიც ცნობილია ჰარი პოტერში ლორდ ვოლდემორის განსახიერებით — პანემის ბოროტმოქმედის, პრეზიდენტი სნოუს როლში. გულშემატკივრები ამ განცხადებას სიხარულით შეხვდნენ. "ვოლდემორი, როგორც სნოუ. ეს შემადგენლობა უბრალოდ სრულყოფილია", — დაწერა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ინსტაგრამის ოფიციალური ვიდეოგანცხადების ქვეშ.
გლენ კლოუზი დრუსილა სიკლის როლში
ფოტო: Getty Images
2025 წლის 16 ივნისს გაირკვა, რომ ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი გლენ კლოუზი დრუსილა სიკლის როლს შეასრულებს ფილმში შიმშილის თამაშები: Sunrise On The Reaping. კლოუზი ჰოლივუდში ხუთ ათწლეულზე მეტია მუშაობს და ყველაზე მეტად ცნობილია ფილმებიდან ფატალური მიზიდულობა, მარსი გვიტევს, 101 დალმატინელი და სხვა.
კაპიტოლის მკვიდრი დრუსილა სიკლი 25-ე შიმშილის თამაშებიდან მოყოლებული, მათ შორის 50-ე შიმშილის თამაშებზე, მე-12 რაიონიდან მიმავალი თამაშის მონაწილეების ესკორტის როლს ასრულებს, მოგვიანებით კი მას ეფი ტრინკეტი ცვლის.
ბილი პორტერი მაგნო სტიფტის როლში
ფოტო: Getty Images
კლოუზის როლის გამოცხადებიდან მალევე გაირკვა, რომ მსახიობების სიას ბილი პორტერიც შეუერთდა. ბროდვეის ვარსკვლავი და პოზის ყოფილი შემსრულებელი განასახიერებს მაგნო სტიფტს, მე-12 რაიონის თამაშის მონაწილეების სტილისტს, რომელმაც ჰეიმიჩს და მის თანამოაზრეებს სტილისტობას დიდი ხნის განმავლობაში უწევს.
სინას, ქეთნისის და პიტას სტილისტის მსგავსად, მაგნოც ცნობილი იყო მოდის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებით და 50-ე შიმშილის თამაშებამდე რისკიანი არჩევანის გამო სასჯელიც კი მიუსაჯეს. ის ცნობილია ქვეწარმავლებისადმი გატაცებით და კანზე გველის ტყავის ნიმუშიც კი აქვს ტატუირებული.
მსახიობთა დამატებითი შემადგენლობა ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ გადაღებები 2025 წლის ივლისში დაიწყება.
როდის გამოვა ფილმი შიმშილის თამაშები: Sunrise On The Reaping?
შიმშილის თამაშები: Sunrise On The Reaping 2025 წლის 20 ნოემბერს, ამერიკაში გამოვა.
ფოტო: Courtesy of Lionsgate
არსებობს თუ არა ფილმის ტრეილერი?
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ოფიციალური ტრეილერი ჯერჯერობით არ არსებობს, Lionsgate-მა 2025 წლის 1-ელ აპრილს გამოუშვა შიმშილის თამაშები: Sunrise On The Reaping-ის თიზერი. "ვფიქრობ, ეს თამაშები განსხვავებული იქნება" — ხმა, რომელსაც თიზერში გაიგონებთ, ვუდი ჰაერლსონს, ჩვენთვის ცნობილი ჰეიმიჩის როლის შემსრულებელს ეკუთვნის.
იხილეთ თიზერი:
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები