მარსზე კვადრატული ფორმის წარმონაქმნი დააფიქსირეს — რა ჰგონიათ და რა არის ის რეალურად

ფოტო: NASA/JPL
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა სურათს, რომელიც ზონდმა Mars Global Surveyor გადაიღო. მისმა კამერამ წითელი პლანეტის ზედაპირზე კვადრატული ფორმის წარმონაქმნი აღბეჭდა, რომელსაც X-ზე პოდკასტერი ჯო როგანი და ილონ მასკიც კი გამოეხმაურნენ.
"მის შესასწავლად მარსზე ასტრონავტები უნდა გავუშვათ!", — დაწერა მასკმა პოსტში.
დამუშავებულ ფოტოებში ეს უჩვეულო სტრუქტურა მართლაც საინტერესოდ მოჩანს. ერთი შეხედვით, ის უწყვეტ ოთხკუთხედს ქმნის და შენობის საძირკველს მოგვაგონებს. სწორედ ასეთმა მოსაზრებებმა გაიჟღერა საზოგადოების ნაწილში, რომელმაც ის არამიწიერი ცივილიზაციის საცხოვრებლადაც კი მიიჩნია.
ამის მიუხედავად, თუ ქვემოთ წარმოდგენილ დაუმუშავებელ სურათს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ხაზები უწყვეტი სულაც არაა. სივრცეებს ჩვენი გონება ავსებს, როგორც ოპტიკური ილუზიების შემთხვევაში ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არეალი მარსის ზედაპირზე დაახლოებით 3 კილომეტრს იკავებს.
როგორც ფოტოზე ჩანს, კვადრატული ფორმის აღქმას სხვადასხვა გეოლოგიური წარმონაქმნი უწყობს ხელს, რომლებიც ჩრდილებს ქმნის. დანარჩენი ჩვენივე ტვინის "შემოქმედებაა". ამ ფენომენს პარეიდოლია ეწოდება, რაც ჩვენთვის ნაცნობი ობიექტების დანახვას გულისხმობს ისეთ საგნებში, რომლებსაც მათთან კავშირი არ აქვს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, როცა ღრუბლებში ცხოველების (ან სხვა რამის) ფორმებს ვხედავთ ხოლმე.
პარეიდოლიას თვითგადარჩენის ინსტინქტთან აკავშირებენ, რის გამოც ჩვენი წინაპრების გონება გარემოში ნაცნობი ობიექტების სახით ყოველთვის პოტენციურ საფრთხეს ეძებდა. ამის შესახებ ასტრონომი კარლ სეიგანი თავის წიგნში The Demon-Haunted World – Science as a Candle in the Dark წერს. ის ამბობს, რომ ეს ადრეული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან თუ, მაგალითად, ნანახს ბუჩქებში დამალულ ლომს მიამსგავსებდნენ, გარბოდნენ. ამის გამო, პოტენციურად, გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე იმათ, ვინც შესაძლო საფრთხეს ვერ ამჩნევდა.
ამის მიუხედავად, მსგავსმა სიფრთხილემ, რომელიც ევოლუციურად გადმოგვეცა, შესაძლოა, არასწორი ინტერპრეტაციებიც გამოიწვიოს, რისი დასტურიც უკანასკნელი შემთხვევაა.
წარსულში მარსთან დაკავშირებით პარეიდოლიის ფენომენმა შეცდომაში მეცნიერებიც კი შეიყვანა. მეცხრამეტე საუკუნეში ასტრონომმა ჯოვანი სკიაპარელიმ წითელ პლანეტაზე "არხების" სისტემა დააფიქსირა, რომელიც მისმა კოლეგა პერსივალ ლოუელმა ხელოვნურად შექმნილად მიიჩნია. მეცნიერმა ახალი სურათების გადასაღებად საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა, მაგრამ ამ მონაცემებმა მისი ჰიპოთეზა, საბოლოოდ, უარყო.
კომენტარები