DeepSeek-მა, ჩინურმა სტარტაპმა, ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი მოდელი გამოუშვა. მისი სწრაფი აღმავლობა დონალდ ტრამპსა და თავის ტექნოლოგიურ მოკავშირეებს "უუნაროებად" წარმოაჩენს.

ასევე იხილეთ: ტრამპის თავის ტკივილი — ჩინური ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო სწრაფად ვითარდება

მოვლენებს ტრამპი ორშაბათს რესპუბლიკური პარტიის ღონისძიებაზე გამოეხმაურა:

"ჩინური კომპანიის მიერ DeepSeek AI-ის გამოშვება გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს ჩვენი ინდუსტრიებისთვის. სრულად უნდა ვფოკუსირდეთ კონკურენციაში გამარჯვებაზე."

ტრამპის ეს განცხადება შედარებით გაწონასწორებულია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მის ჩვეულ მკაცრ პოზიციას ჩინეთის მიმართ. ამასთანავე, ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი თავის განცხადებაში გადაკვრით მკაცრ მინიშნებას აძლევს შიდა ტექნოლოგიურ სექტორს.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მოდელის დაბალი ფასი პოზიტიურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს:

"იმედი მაქვს, მილიარდების დახარჯვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება იმავე შედეგზე უფრო ეკონომიურად გასვლა."

DeepSeek-ის ღია კოდის მქონე R1 მოდელი, რომელიც გასულ კვირას ჩაეშვა, დასავლეთის საუკეთესო AI მოდელებს სერიოზულ კონკურენციას უწევს. იგი Nivida-ს ძველი AI ჩიპებით შექმნეს სულ რაღაც $6 მილიონად. R1 ისეთ წამყვან ჩატბოტებს უტოლდება, როგორიცაა OpenAI-ის o1 მოდელი. მეტიც, გარკვეულ მაჩვენებლებით ის მათზე უკეთესადაც კი მუშაობს.

ტრამპისა და მისი ტექნოლოგიური მოკავშირეებისთვის, რომლებიც პრეზიდენტის პოლიტიკურ ბანაკს მხოლოდ ბოლო დროს შეუერთდნენ, ეს სიახლე მეტად არასახარბიელოა. ახალმა ადმინისტრაციამ სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა პროექტ Stargate-ის შესახებ. ამ ინიციატივის ფარგლებში $500 მილიარდი კერძო კაპიტალის მოზიდვაა გამიზნული, რომელიც AI ინფრასტრუქტურის შექმნას მოხმარდება. ამ ინიციატივის მხარდამჭერებს შორის არიან: OpenAI, Oracle, SoftBank და MGX, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია.

ასევე იხილეთ: ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში 500 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

ეს შთამბეჭდავი ინვესტიცია ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერებისთვის AI მოდელების განვითარება. ამ დრომდე ხელოვნური ინტელექტის გაძლიერების მთავარი სტრატეგია მასშტაბის ზრდა იყო, რაც მეტი მონაცემის გამოყენებასა და AI ჩიპების დამატებას გულისხმობდა. მიუხედავად ამისა, ფინანსური და ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება არ არის.

DeepSeek გაცილებით მცირე დაფინანსებით იმავე შედეგებამდე მივიდა. ამან Stargate-ის ნახევარტრილიონიანი ინვესტიცია ეჭვქვეშ დააყენა. გარდა ამისა, ჩინურმა AI მოდელმა ამერიკის საფონდო ბაზარზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. DeepSeek-ის წარმატების ფონზე აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიების აქციებიდან ტრილიონ დოლარზე მეტი დაიკარგა. აქედან დაახლოებით $600 მილიარდი კომპანია Nvidia-მ იზარალა.

მიუხედავად ამისა, ისეთი გავლენიანი ფიგურები, როგორებიც არიან OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი და Microsoft-ის ხელმძღვანელი სატია ნადელა, ცდილობენ სიმშვიდე შეინარჩუნონ და DeepSeek-ს წარმატება მიულოცონ.

"R1-ის გამოჩენით ნათელია, რომ AI რბოლა ძალიან კონკურენტული იქნება"— X-ზე დაწერა დევიდ საქსმა, ტრამპის AI და კრიპტო მრჩეველმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.