ისტორიული დღე ქართული კრეატიული ინდუსტრიისთვის — ლივინგსტონი ICOM-ის წევრი გახდა
ქართული კრეატიული სააგენტო ლივინგსტონი პირველი სააგენტოა საქართველოში, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც ICOM-ის ოფიციალური წევრი გახდა.
ICOM დამოუკიდებელი სააგენტოების ერთ-ერთი უმსხვილესი გაერთიანებაა მსოფლიოში, რომელიც შემოქმედებით, მარკეტინგული კომუნიკაციების, მედიის, რეკლამის, ციფრული კომუნიკაციების და მათთან დაკავშირებულ სერვისებს მოიცავს. ICOM 75 წელია ბაზარზეა და 50-ზე მეტი ქვეყნის 70-ზე მეტ სააგენტოს აერთიანებს.
ლივინგსტონს ICOM-ის წევრობა საერთაშორისო ბაზარზე განვითარების და უცხოურ სააგენტოებთან ერთობლივი პროექტების კეთების შესაძლებლობას მისცემს.
ლივინგსტონის ICOM-ში ოფიციალურ მიღებასთან დაკავშირებით თბილისში ICOM-ის პრეზიდენტი, ემა კინანი ჩამოვიდა. ICOM-ის პრეზიდენტი იხსენებს, რომ ლივინგსტონის წარმომადგენლებს, Cannes Lions-ის ღონისძიებაზე, 18 თვის წინ შეხვდა და მათ საერთო ღირებულებები აღმოაჩნდათ. საბოლოოდ, კი თანამშრომლობა გადაწყვიტეს, რადგან ლივინგსტონი საუკეთესო სააგენტოა ბაზარზე.
"პირველი შეხვედრისთანავე ვიგრძენით, რომ თანხვედრა გვქონდა ღირებულებებსა და კრეატიულობის ხარისხში და იმაში, თუ როგორ სურდათ გეოგრაფიულად გაფართოება. ქართულ სააგენტოსთან თანამშრომლობა გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ის საუკეთესოა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენი ქსელის წევრი ქართული სააგენტო გახდა და ამით ძალიან ვამაყობთ", — გვითხრა ემა კინანმა.
მისი აზრით, ლივინგსტონისთვის ICOM-ის წევრობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ საერთაშორისო ბაზარსა და საერთაშორისო ბრენდებზე გაუხსნის წვდომას.
"ეს თანამშრომლობა არის ცოდნის, ინსტრუმენტების, იდეების გაზიარების შესაძლებლობა, რაც ქართულ სააგენტოს განვითარებასა და ამ დარგის პროფესიონალებთან დაკავშირებაში დაეხმარება. იმ ადამიანებთან კავშირის დამყარება, რომელიც იგივე საქმეს აკეთებს, რასაც შენ, გაძლიერებს და გაგრძნობინებს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ლივინგსტონს წვდომა ცოდნასა და განათლებაზე", — განაცხადა ემა კინანმა.
ემა კინანმა ისიც გვითხრა, რომ მომავალი წლის სექტემბერში თბილისში ICOM-ის ევროპის რეგიონული კონფერენციის ჩატარება იგეგმება, რომელიც წელს პორტუგალიაში ჩატარდა.
"ჩვენი ქსელი ყოველწლიურად აწყობს გლობალურ ღონისძიებებს, რომელშიც ICOM-ის შემადგენლობაში შემავალი სააგენტოების მფლობელები მონაწილეობენ. ასევე ვატარებთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ კონფერენციებს. წელს ევროპული კონფერენცია პორტუგალიაში გაიმართება. მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ ეს ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ", — განაცხადა ემა კინანმა.
ლივინგსტონის აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე ზურმუხტაშვილის თქმით, ICOM-ის წევრობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ სჯერა, რომ სანაცვლოდ ლივინგსტონსაც შეუძლია ამ საერთაშორისო ქსელისთვის დიდი სარგებლის მოტანა.
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ლივინგსტონისთვის. ჩვენ ვართ პირველი ICOM-ის წევრი სააგენტო კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რაც სხვადასხვა სააგენტოებთან ერთობლივი პროექტების კეთების შესაძლებლობას მოგვცემს და დაგვეხმარება, რომ საერთაშორისო ბაზარზე მოვიკიდოთ ფეხი. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენც სანაცვლოდ ICOM-ისთვის ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეგვიძლია", — განაცხადა ერეკლე ზურმუხტაშვილმა.
ლივინგსტონის თანადამფუძნებლისა და კრეატიული თავმჯდომარის, ლევან ლეფსვერიძის თქმით, ICOM დამოუკიდებელი კრეატიული სააგენტოების მსოფლიო გაერთიანებაა და ამ ქსელის წევრობა დაახლოებით იგივეა, რაც საქართველოსთვის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება.
"ICOM-ის წევრობა უდიდესი წინსვლაა ჩვენნაირი სააგენტოსთვის. ეს საშუალებას მოგვცემს, კოლაბორაციით ვიმუშაოთ სხვა სააგენტოებთან, ერთობლივი ძალით შევიდეთ მსოფლიო ტენდერებზე, სადაც ზომის გამო აქამდე ვერ შევიდოდით. აქ გაქვს შესაძლებლობა დაამტკიცო, რომ შეგიძლია ქართული კრეატივით მსოფლიო დონის ბრენდი მართო. რატომაც არა?" — განაცხადა ლევან ლეფსვერიძემ.
ლივინგსტონი საქართველოში 2010 წელს დაარსდა და ემსახურება კლიენტების მრავალფეროვან ასორტიმენტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის არის ბორჯომი (ქართული მინერალური წყლის ბრენდი, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაშია გაყიდვაში), Royal Swinkels' Bavaria, B52 Beers დაVISA Inc. ლივინგსტონს სხვადასხვა ევროპული სარეკლამო ფესტივალიდან მრავალ სხვა ჯილდოსთან ერთად მოგებული აქვს ორი კანის ლომი.
კომენტარები