ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ალკოჰოლის მოხმარება კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული
მკვლევრების თქმით, ალკოჰოლსა და კიბოს შორის სახიფათო კავშირია.
კიბოს კვლევის ამერიკული ასოციაციის ახალი მოხსენების თანახმად, ალკოჰოლის მოხმარებასა და კიბოს განვითარებას შორის საკმაოდ დიდი კავშირია. მოხსენებაში ხაზია გასმული, რომ მიუხედავად ამისა, ეს საკითხი უგულებელყოფილია.
საერთო ჯამში, კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აშშ-ში 1991-იდან 2021 წლამდე 33-პროცენტით შემცირდა. ეს დაახლოებით 4.1 მილიონი ადამიანის სიცოცხლეა. ამ შემცირებას მოწევის დაბალმა მაჩვენებელმა და კიბოს ადრეული გამოვლენის, პრევენციისა თუ მკურნალობის გაუმჯობესებამ შეუწყო ხელი.
თუმცა, კიბოს გარკვეული ფორმები, როგორებიცაა სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნოს სიმსივნე, გახშირდა. მატება არის 50 წლამდე ადამიანებშიც.
რატომ? ამის ზუსტი მიზეზი ჯერ არ ვიცით. მიუხედავად ამისა, თეორიები მრავლადაა. ახალი კვლევის თანახმად, აშშ-ში კიბოს ყველა შემთხვევის დაახლოებით 40% ცხოვრების სტილთანაა დაკავშირებული, კერძოდ თამბაქოს მოხმარება, დიეტა და ფიზიკური აქტივობა.
რაც შეეხება ალკოჰოლს: რეალურად, კიბოს გავრცელებასთან ალკოჰოლიც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული, თუმცა ამაზე ბევრს არ საუბრობენ. მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით, ყოველი თვრამეტი შემთხვევიდან ერთი ალკოჰოლთან იყო დაკავშირებული. ეს დაახლოებით 5.4%-ია.
და მაინც, კვლევის ავტორები გვაფრთხილებენ, რომ საზოგადოების ცნობიერება ალკოჰოლსა და კიბოს შორის კავშირის შესახებ ჯერ კიდევ დაბალია.
"ადამიანების ორმოცდათერთმეტმა პროცენტმა არ იცის, რომ ალკოჰოლი კიბოს რისკს ზრდის. ეს შემაშფოთებელია", — ამბობს ჯეინ ფიგეირდო, ლოს-ანჯელეს სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი.
ხსენებული მონაცემები მხოლოდ ევროპას მოიცავს. ექსპერტების თქმით, ევროკავშირის მიღმა საზოგადოების ინფორმირება კიდევ უფრო დაბალია.
ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ამ ყველაფერს განაპირობებს, ეს ალკოჰოლთან დაკავშირებული მითებია. ფართოდ გავრცელებული მითია, რომ წითელი ღვინის მცირე რაოდენობით მოხმარება გულის ჯანმრთელობისთვის კარგია.
ალკოჰოლის მონელებისას ჩვენი დნმ ზიანდება და სწორედ ეს ზრდის კიბოს წარმოქმნის რისკებს. მეტიც, ალკოჰოლმა შეიძლება დააზიანოს ის ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს ნაწლავებშია და კიბოს განვითარებას უშლის ხელს. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ადრეულ ასაკში ალკოჰოლის მოხმარება ხანდაზმულობაში კიბოს განვითარების რისკებს ზრდის.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ცნობიერების ასამაღლებლად საჭიროა ალკოჰოლის ბოთლებზე კიბოსთან დაკავშირებული გამაფრთხილებელი ნიშნები დავურთოთ, დაახლოებით ისე, როგორც ეს სიგარეტზეა.
კომენტარები