ზაზა ფაჩულია NBA-ს ტროფი ტურის ფარგლებში პროექტ ბიზნესდაჯილდოების ნომინაციის, წლის სტარტაპერის, მონაწილეებს Impact Hub-ში შეხვდა და მათ საკუთარი წარმატების ისტორია გაუზიარა.

"მადლობელი ვარ ამ ღონისძიების. მიხარია, რომ აქ ვარ და შევხვდები ამ ხალხს, იმედი მაქვს, რომ ისინი მომავალში ძალიან წარმატებული ადამიანები იქნებიან. ჩვენ ვმეგობრობთ თიბისისთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ წარმატება. საბოლოო ჯამში ეს ჩვენს ქვეყანას დაეხმარება", უთხრა ცნობილმა კალათბურთელმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე.

ბიზნესდაჯილდოება თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკა ქურდიანის თქმით, ზაზა ფაჩულია ბიზენსდაჯილდოებაზე ნომინაცია "წლის სტარტაპერის" წარმდგენი იქნება:

"მაგარი დღე გვაქვს, რადგან ზაზასთან ერთად შეხვედრას ვმართავთ დამწყებ ბიზნესმენებთან. ზაზასთან დიდი ხანია ვმეგობრობთ და ამ ჯერზე დავამეგობრეთ პროგრამა სტარტაპერთან".

ზაზა ფაჩულიამ დამწყებ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ლარი ობრაიანის სახელობის ჩემპიონის თასიც მოიტანა.

ზაზა ფაჩულიას წარმატების ისტორია

NBA-ის ჩემპიონმა და ღირსების ორდენის მფლობელმა, თავის წარმატების ისტორიის მოყოლა მეგობრობის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო. მან სტარტაპერებს უთხრა, რომ მათთან ძალიან ბევრი საერთო აქვს:

"ძალიან ბევრი საერთოა ჩემს, როგორც სპორტსმენს შორის და თქვენს, როგორც სტარტაპერებს, მომავალ ბიზნესმენებს, შორის. მინდა რაღაცეები გაგიმხილოთ. მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ერთ-ერთი თემაა, რაც მინდა აღვნიშნო. წარმატების გაზიარებაც.

მე რასაც დღეს განვიცდი ეს არის ძალიან მაგარი და მინდა, ყველა ქართველმა განიცადოს ეს თავის სფეროში".

ფოტო: თიბისი ბანკი

ზაზა ფაჩულიას თქმით, სტარტაპერებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ, რომ სხვა ადამიანების მიმართ ჩაკეტილები არ უნდა იყვნენ და თავისი გამოცდილება სხვებსაც უნდა გაუზიარონ:

"თქვენზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული, რომ მერე სხვებს გაუზიაროთ თქვენი წარმატება. რა სწორი ნაბიჯი გადადგით, რამ გაამართლა. ჩაკეტილები არ უნდა იყოთ არავისთვის. წარმოიდგინეთ რამდენი ახალგაზრდაა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, მაგრამ პატარა ბიძგი სჭირდება. სწორედ ამას აკეთებს თიბისი ბანკი".

შრომა

"ხასიათმა მომიყვანა იქ, სადაც ვარ. გამიმართლა მწვრთნელში, მან შემაყვარა კალათბურთი, მაგრამ ის ვერ მასწავლიდა შრომას. შრომას ვერავინ შეგაყვარებთ. თუ შრომა არ გიყვართ - ძალიან ცუდი, და თუ გიყვართ, ეს უკვე დიდი პლუსია წარმატებისკენ", ამბობს NBA-ს ჩემპიონი.

შეცდომები

ზაზა ფაჩულიას თქმით, ის შეცდომების ექსპერტი არ არის, თუმცა მის კარიერაში ყველაფერი მომხდარა, რომლებზეც ისწავლა. ის მიიჩნევს, რომ შეცდომის დაშვების გარეშე ვერავინ განვითარდება:

"ფსიქოლოგიურად ასე უნდა განეწყოთ, მე დავუშვებ შეცდომას, ამ გამოცდილებას მივიღებ, მაგრამ გავაგრძელებ ბრძოლას, შრომას და წინსვლას. არ უნდა შეუშინდეთ შეცდომებს. არაფრის არ უნდა მოგერიდოთ. შეცდომის დაშვება არ ტეხავს, იყავით გამბედავები. ამ სიტუაციაში, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც არ ბედავს და ვისაც ეშინია შეცდომების, ათჯერ უფრო წინ იქნებით, ყველანაირად".

სხვების დახმარება

NBA-ის კალათბურთელის თქმით, მან ყოველთვის იცოდა, რომ მარტო არ იყო და ეს წარმატების მიღწევაში ეხმარებოდა. ფაჩულიამ დამწყებ ბიზნესმენებს უთხრა, რომ არც ისინი არიან მარტონი და პირველი ადამიანი თვითონაა, რომელიც მათ გვერდში დაუდგება:

"დროთა განმავლობაში, ბევრს მიაღწევთ, კმაყოფილები იქნებით, გაიზრდებით, გასცდებით ქვეყნის საზღვრებს. ამ დროს არ უნდა იფიქროთ, რომ მარტო ხართ. თქვენ უკან მთელი არმიაა.

ფოტო: თიბისი ბანკი

წარმოიდგინეთ ამ ოთახში რამდენი ადამიანი ვართ და ქვეყნის მასშტაბით კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც უნდა გაუკვალოთ და აჩვენოთ თქვენი გზა. მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს ყველა სფეროში ჰყავს ნიჭიერი სტარტაპერები, ჩვენ შეგვიძლია ბიზნესის კეთება".

ზაზა ფაჩულია უკვე 14 წელია, რაც NBA-ში თამაშობს და უკვე მეთხუთმეტე სეზონს იწყებს. საკუთარი ისტორიის მოყოლისას, მან თქვა, რომ სურს, საქართველოს მასზე უკეთესი მოთამაშეები ჰყავდეს და სწორედ ამას ემსახურება მის მიერ გახსნილი აკადემიაც:

"ჩემი ვალია, ჩემი ქვეყნისთვის კარი გავაღო მსოფლიოს მასშტაბით და მინდა, რომ ეს თქვენც გაითვალისწინოთ, რომ ვისაც გაგიმართლებთ და გახვალთ მსოფლიოს მასშტაბით, სხვებს უნდა დაეხმაროთ".

ზაზა ფაჩულიას თქმით, მისი მესიჯი ყველა სფეროს წარმომადგენლისთვისაა განკუთვნილი.

ფიქრი

მისი თქმით, წარმატების მისაღწევად მას დრო, შრომა და ფიქრი დასჭირდა და ამის მაგალითად საკუთარი და მისი მოწინააღმდეგის დაპირისპირების სცენა აღწერა:

"რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დრო უნდა, ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა უნდა, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ფიქრი უნდა, არა მხოლოდ დღევანდელი დღისთვის, არამედ ხვალ რა იქნება. ჩემი გადაწყვეტილება ხვალ რას მომიტანს.

თამაშიც ასეთია, მე რაღაცას რომ ვაკეთებ, არ ვაკეთებ იმ მომენტისთვის, მე ჩემი მოწინააღმდეგის ტვინს ვკითხულობ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ წავიკითხო. მხოლოდ ესაა ერთი შანსი, რომ დავამარცხო ჩემი მოწინააღმდეგე. თორემ, მე თუ მხოლოდ იმას ვეცდები, რომ ჩემი მოწინააღმდეგის ქმედებებს შევეწინააღმდეგო, მე უკვე წაგებული ვარ. ყველაფერი წყდება წამებში. თქვენც თამაშში ხართ ჩართული, ეს გრძელი მარათონია, განვითარებაზე და თანადგომაზე უნდა იფიქროთ. თქვენი წარმატება ქვეყნის წარმატებაა".

პასუხისმგებლობა

შეიძლება ითქვას, რომ ზაზა ფაჩულიას წარმატების გაზიარებაში მთავარი მესიჯი იყო, სტარტაპერებს გაეცნობიერებინათ, რომ მათ შეეძლოთ საკმარისი ნებისყოფის შემთხვევაში წარმატების მიღწევა, ამის შემდეგ, კი მათ უნდა ეფიქრათ მომავალზე და სხვების დახმარებაზე

ზაზა ფაჩულიას თქმით, ის პასუხისმგებლობას გრძნობს მომავალი თაობის მიმართ, მათ შორის საკუთარ ქცევებზე:

"მე ბევრი ბავში მიყურებს და ვაანალიზებ, ჩემი ნაბიჯების მნიშვნელობას. მარტო მე არ ვარ და მინდა, რომ თქვენც ასე იფიქროთ. თქვენი ბიზნესიც მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით, თქვენ ძალიან ბევრი ადამიანის მაგალითი შეიძლება იყოთ თქვენი წარმატებით და მე თქვენს გვერდით ვარ. მინდა წარმატება გისურვოთ".

"მე თუ მხოლოდ იმას ვეცდები, რომ ჩემი მოწინააღმდეგის ქმედებებს შევეწინააღმდეგო, მე უკვე წაგებული ვარ".

ზაზა ფაჩულია

Nothing Easy!

"თუ ძალიან გინდა მიაღწიო მიზანს, თუ ეს გამოძრავებს - Nothing Easy! წინააღმდეგობა ყოველთვის შეგხვდებათ. რამდენად მალე დადგებით ფეხზე და გააგრძელებთ ბრძოლას, ესაა მთავარი", ასე უპასუხა ზაზა ფაჩულიამ სტარტაპერის კითხვას, ჰქონია თუ არა მომენტი ცხოვრებაში, როცა ყველაფერზე თავის დანებება სურდა, მაგრამ ბრძოლა განაგრძო.

ინციდენტი კავაი ლეონარდთან

"აბსურდია. მე 33 წლის ვარ და ამ დროის განმავლობაში იმისთვის არ ვვარჯიშობდი, რომ 2017 წლის Play Off-ებში, სან ანტონიოსთან, კავაი ლეონარდისთვის, რომლის გუნდთანაც ვაგებდი, ფეხი დამედო და წამექცია", ასე უპასუხა Golden State-ის მოთამაშემ სტარტაპერის კითხვას, როგორ უპასუხებდა ფაჩულია ბრალდებებს, რომ მან შეგნებულად დააზიანა მეტოქე.

ქართველი სტარტაპერები

CNICK-ის ავტორი ნინო გვაზავა:

"კნიკი არის ჭკვიანი ბეჭედი, რომლის იდეაც არის ის, რომ საფულეში არსებული ყველა ბარათი და არამხოლოდ ისინი, მაგალითად ბილეთებიც, გააერთიანოს. მომხმარებელი შეძლებს ხელის ერთი მოსმით, ბეჭდით გადაიხადოს ყველაფერი და შევიდეს ნებისმიერ ადგილზე".

ნინოს თქმით, პროდუქტი რამდენიმე თვის წინ გაეშვა და ახლა აქტიურად მუშაობს მისი ფუნქციების გაზრდაზე.

კნიკს 1 თვის წინ დაემატა ფუნქცია, რომელიც ნინო გვაზავას თქმით, მსოფლიოში სხვაგან არ ხდება. კამპანიას დანიშნე კინომოყვარული ჰქვია და კინოში ბეჭდით შესვლას გულისხმობს:

"კნიკის მფლობელს უკვე შეუძლია კინოში ბეჭდით შესვლა. მომხმარებელს აღარ დასჭირდება ბილეთის დასკანერება და შტრიხკოდის ტარება, რაც დიდი კომფორტია, ნაკლებ სივრცეს იკავებს და დამჯდარი მობილურების პრობლემასაც წყვეტს. მასში არის დამატებითი ფუნქციები - საშვები სამსახურებში, ფიტნეს-კლუბებში, აუზებზე და სხვადასხვა ადგილებზე. ვაპირებთ მომავალში საბანკო ბარათების დამატებასაც".

დაინტერესებულ პირებს კნიკის ბეჭდისთვის სასურველი დიზაინის შერჩევა და მისი შეძენა ონლაინ შეუძლიათ.

ADvan-ის დამფუძნებელი ქეთო პაიჭაძე:

სტარტაპერი ქეთო პაიჭაძის თქმით, კომპანია ედვენი რამდენიმე თვეა რაც არსებობს, თუმცა სხვა კომპანიებთან ურთიერთობის უკვე დიდი გამოცდილება აქვს.

ქეთოს თქმით, დამწებ ბიზნესებს შორის მეგობრული ურთიერთობა მათ მოტივაციასა და განვითარებაში ეხმარებათ:

ფოტო: ADvan

"ჩვენ ვართ სარეკლამო კომპანია ედვენი და რამდენიმე თვეა რაც ვარსებობთ, თუმცა ამ დროის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, როგორც დიდ კომპანიებთან თანამშრომლობის, ასევე პატარა პატარა მცირე ბიზნესებთან.

ჩვენ ვაკეთებთ ვიდეო და ფოტო მასალებს, რეკლამის სახით, თუმცა ასევე ვქმნით იდეებს, რადგან არიან კომპანიები, რომლებსაც იდეები და სტრატეგიები სჭირდებათ, სოციალური ქსელებზე სხვადასხვა კამპანიების საწარმოებლად.

ჩვენ ძალიან მეგობრულები ვართ სხვა სტარტაპების მიმართ, რადგან ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა არის ერთმანეთის მხარდაჭერა, ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა მომსახურებების მიცემის გზით ერთმანეთი გავაძლიეროთ და მივცეთ დიდი მოტივაცია".

NBA-ის ჩემპიონთან შეხვედრის შთაბეჭდილებები

ახალგაზრდა სტარტაპერები ზაზა ფაჩულიასთან შეხვედრას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ის მათთვის კარგი მაგალითია.

ნინო გვაზავას თქმით, კალათბურთელის მესიჯებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის დისციპლინა და შრომა იყო. ახალგაზრდა სტარტაპერი ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად თვლის, რომ ძალიან ბევრი შრომაა საჭირო:

"ჩვენ მიზნისკენ მივიწევთ, რაც დისციპლინის გარეშე წარმოუდგენელია. ზაზა ქართველი self-made პიროვნებაა, რომელმაც თავის ინდუსტრიაში ძალიან დიდ სიმაღლეებს მიაღწია და ქვეყანა მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან წერტილად მონიშნა. ის პრაქტიკულად ნულიდან ავიდა იქამდე, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა.

სტარტაპებსაც იგივე სპეციფიკა არ ახასიათებთ? არაფრისგან გვინდა რაღაც დიდი შევქმნათ, რისთვისაც ბევრს ვიბრძვით, ვშრომობთ დაუღალავად და გვაქვს მიზანი (კნიკის სწორედ ეს მიზანი აქვს), რომ ქვეყანა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების რუკაზე მონიშნოს. აქამდე დიდი გზაა გასავლელი, თუმცა ჩვენ გვყავს კარგი მაგალითი სხვა ინდუსტრიიდან, რომელსაც პირადად შევხვდით".

ქეთო პაიჭაძე ამბობს, რომ მისთვის ზაზა ფაჩულიასთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან გამხნევება და მოტივაციის შენარჩუნება ყველაზე მეტად დამწყებებს სჭირდებათ:

"პირველი ნაბიჯების გადადგმისას ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაციის არსებობაა, რადგან გარშემო უამრავი პრობლემა გხვდება. როცა წარმატებული და გამოცდილი ხარ და ბიზნესიც აწყობილია, მოტივაციაც მეტი გაქვს. მე ვფიქრობ, რომ მოტივაციის შენარჩუნება ყველაზე რთული თავიდან არის.

მე ვფიქრობ, რომ ზაზას ივენთი თიბისის მხრიდან ძალიან სწორი გათვლა იყო, იმიტომ რომ ზაზა ის ადამიანია, რომლის გამოცდილებაც მნიშვნელოვანია.

მან თამაშს შეადარა ბიზნესი და ეს მართლაც ასეა, რადგან რაღაც კატეგორიაში ჯდები, რომელშიც გყავს მოწინააღმდეგეები და კონკურენტებიც, მაგრამ პატარა შეცდომების გამო არ უნდა დანებდე. ეს დეტალი, ზაზას მხრიდან, განსაკუთრებულად საინტერესო და დამაჯერებელი მოსასმენი იყო ჩემთვის".

დისკუსიის დასრულების შემდეგ, ზაზა ფაჩულიამ სტარტაპერებთან სელფი გადაიღო. After Party კი ფაბრიკაში არსებულ ბარში გაგრძელდა.