ნახეთ: Neuralink-ის მეორე პაციენტი Counter-Strike-ს "ტელეპათიურად" თამაშობს
გასულ თვეში Neuralink-მა იმპლანტი მეორე პაციენტსაც ჩაუდგა. და, აი, ახლა გავრცელდა კადრები, რომელშიც პაციენტი, სახელად ალექსი, საკულტო თამაშს მხოლოდ გონების გამოყენებით თამაშობს. საუბარია Counter-Strike 2-ზე, საკულტო შუთერზე, რომელიც მარტივი სათამაშო ნამდვილად არ არის.
"ძალიან ცოტა ხანი გავიდა, რაც იმპლანტი ჩამიდგეს და შედეგებით უკვე აღფრთოვანებული ვარ. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც რთულ ვიდეოთამაშს ასე მარტივად თამაშობ. ამისთვის მე მხოლოდ ფიქრი მჭირდება", — თქვა ალექსმა.
კომპანიის განცხადების მიხედვით, ალექსს ხუთ წუთზე ნაკლები დასჭირდა, რათა კურსორის გონებით მართვა ესწავლა.
"რამდენიმე საათში მას უკვე ბევრად რთული დავალებების შესრულება შეეძლო, ვიდრე ეს მხოლოდ კურსორის გამოძრავებაა", — აღნიშნულია Neuralink-ის განცხადებაში.
გაზაფხულზე შევიტყვეთ, რომ Neuralink-ის პირველ პაციენტს "ტელეპათიურად" ჭადრაკისა და Mario Kart-ის თამაში შეეძლო. თუმცა, ამ თამაშებს ისეთი სწრაფი რეაქცია არ სჭირდება, როგორც ეს Counter-Strike-ს. ეს კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ Neuralink-ს პროგრესი აქვს და ახლა მის მეორე პაციენტს იმპლანტის უკეთ გამოყენება შეუძლია.
სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის ბოლო განცხადებაც: "მეორე პაციენტში უკეთესი შედეგების მისაღებად რიგი ღონისძიებები გავატარეთ, მათ შორის შევამცირეთ იმპლანტსა და ტვინის ზედაპირს შორის დისტანცია".
რაც ასევე ხაზგასასმელია, ამ ეტაპზე პაციენტს გართულებები არ აღენიშნება.
კომენტარები