ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების ახალ კვლევაში მეცნიერები სამომავლო პროგნოზს გვიზიარებენ, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მომავალში კაცებში სიმსივნის შემთხვევები და ამით გამოწვეული სიკვდილიანობა საგრძნობლად გაიზარდოს.

კერძოდ, 2050 წლისთვის პირველი მაჩვენებლის მატება 84%-ითაა მოსალოდნელი, მეორისა კი — 93%-ით, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა და საგანგაშო სტატისტიკაზე მიანიშნებს.

იმის მიუხედავად, რომ კვლევა ამერიკულ ონკოლოგიურ საზოგადოებას ეკუთვნის, ის გლობალური ხასიათისაა. მის ფარგლებში სპეციალისტებმა მეტწილად ავსტრალიაში, ეთიოპიასა და ჩინეთში მდებარე უნივერსიტეტებთან ითანამშრომლეს. ასევე, ონკოლოგიური მონაცემების ფართომასშტაბიანი ბაზა გამოიყენეს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს ერთობლივი პროექტია. საბოლოო ჯამში, ავტორებმა185 ქვეყანაში/ტერიტორიაში კიბოს 30 ტიპი გააანალიზეს.

შედეგებმა აჩვენა, რომ სიმსივნის შემთხვევები ქალებშიც იმატებს, მაგრამ კაცებში ეს ტენდენცია უფრო შესამჩნევია. საქმე ისაა, რომ მათში ამ დაავადების ჩამოყალიბებისა და მისით განპირობებული სიკვდილიანობის რისკს ბიოლოგიური განსხვავებები, მავნე ჩვევები და იშვიათი სამედიცინო შემოწმებები იწვევს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე ცუდ ვითარებაში შედარებით ასაკოვანი (65 წელს გადაცილებული) კაცები არიან და ისინი, რომლებიც ადამიანთა განვითარების დაბალი ინდექსის მქონდე ქვეყნებში ცხოვრობენ. გაეროს ეს საზომი მოსახლეობის განათლების დონეს, ჯანდაცვასა და ცხოვრების სტანდარტებს ითვალისწინებს. მსოფლიოში ყველაზე დაბალი ინდექსი სამხრეთ სუდანს აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი — შვეიცარიას.

საბოლოოდ, კვლევის მიხედვით მიღებულმა პროგნოზმა აჩვენა, რომ 2050 წლისთვის სიმსივნის შემთხვევების 10.3 მილიონიდან 19 მილიონამდე გაზრდაა მოსალოდნელი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 5.4-დან 10.5 მილიონამდე მოიმატებს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამგვარი ტენდენციის შესამსუბუქებლად სახელმწიფო და საერთაშორისო კოლაბორაცია და კოორდინირებული მრავალსექტორული მიდგომაა საჭირო. ასევე, კაცებში სიმსივნის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ახალი ნაშრომი გამოცემაში CANCER გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.