კაცს, რომელსაც ლაპარაკის უნარი ჰქონდა წართმეული, საკუთარი აზრების გადმოცემა უკვე ხმამაღლა შეუძლია, თავისივე ხმით. ეს ახალი BCI-ს, ანუ ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ინტერფეისის, დამსახურებაა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა (დეივისი) ტვინის ჩიპი შექმნეს, რომელიც ტვინიდან წამოსული სიგნალების ინტერპრეტაციას აკეთებს, შემდეგ კი კომპიუტერს რეალურ დროში "აკითხვინებს".

მკვლევართა ნაშრომი გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნდა.

ახალი ჩიპი 45 წლის კეისი ჰარელს ჩაუდგეს. მას ამიოტროფული ლატერალური (გვერდითი) სკლეროზი (ALS) აქვს, ამის ერთ-ერთი მახასიათებელი კი კუნთებზე კონტროლის დაკარგვაა; შედეგად კეისის სიტყვების მკაფიოდ გამოთქმაც უჭირდა. მისი მეტყველება ძალიან რთულად გასაგები იყო, თუმცა ახალი BCI-ს წყალობით იგი გარკვევით საუბრობს კომპიუტერული ხმით.

საგულისხმოა, რომ BCI-სთან დაკავშირებული ხმოვანი ასისტენტი ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით მომხმარებლის ხმას ჰბაძავს. ამ AI მოდელს ჯანმრთელი კეისის ძველი აუდიონიმუშები მიაწოდეს; ასე ხელოვნურმა ინტელექტმა მისი ხმა დაისწავლა.

კაცს ჩიპი გასულ ზაფხულს ჩაუდგეს მარცხენა პრეცენტრალურ ხვეულში — ტვინის იმ რეგიონში, რომელიც მეტყველებაზეა პასუხისმგებელი. BCI-ს 256 ელექტროდი ამ არის აქტივობას იწერს და ტექსტად გარდაქმნის, რომელსაც შემდეგ AI ხმოვანი ასისტენტი წამებშივე კითხულობს.

სერგეი სტავისკიმ, ნეიროპროთეზების ექსპერტმა, განმარტა , რომ ჩიპი ამას "ტვინის აქტივობის გადათარგმნით აკეთებს ჯერ ფონემებად — საუბრის ერთგვარი ერთეული, მარცვალი — შემდეგ კი იმ სიტყვებად, რომელთა თქმასაც მომხმარებელი ცდილობს".

///

ეს პირველი მოწყობილობა ნამდვილად არაა, რომელიც საუბრის უნარის არმქონე ადამიანებს მეტყველებაში ეხმარება. მსგავსი კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი სტივენ ჰოკინგია, რომელიც სასაუბროდ სპეციალურ კომპიუტერს იყენებდა მას შემდეგ, რაც 1985 წელს გადაუდებელი ტრაქეოტომია ჩაუტარდა.

ასევე იხილეთ: "ყველაფერი შესაძლებელია" — ტვინში ჩადგმულმა იმპლანტმა პარალიზებული კაცი "აალაპარაკა"

ახალი მოწყობილობის ავტორები ამბობენ, რომ მათი BCI კიდევ უკეთესად მუშაობს, რადგან ამ შემთხვევაში თარგმნითი ალგორითმი ბუნებრივი საუბრის თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნა.

"სხვა სასაუბრო BCI სისტემებს სიტყვები ხშირად ეშლებოდა", — განმარტა დევიდ ბრენდმენმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეიროქირურგმა და ნაშრომის თანაავტორმა — "შედეგად მომხმარებელს უჭირდა, რომ ყოველთვის გასაგებად ესაუბრა, ეს კი კომუნიკაციაში ბარიერს ქმნიდა".

"ჩვენი მიზანი სისტემის შექმნა იყო, რომელიც ადამიანს გასაგებად საუბრის საშუალებას მისცემდა, როცა კი ამას მოისურვებდა".

ეს სულაც არაა ერთადერთი ჩიპი, რომელიც ALS-ის მქონე პაციენტს კომუნიკაციაში დაეხმარა. მაგალითისთვის, გასულ წელს BCI ჩაუდგეს 36 წლის გერმანელ კაცს, რომელიც დაავადების გამო სრულად იყო პარალიზებული; როგორც კი მოწყობილობამ სიტყვების წარმოთქმის საშუალება მისცა, კაცმა ლუდი მოითხოვა.