მარსის ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის დიდი მოცულობა აღმოაჩინეს — რას ნიშნავს ეს
NASA-ს InSight-ის მონაცემების თანახმად, წითელი პლანეტის ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის ოკეანეებია.
"მარსის წყლის ციკლის გაგებით ბევრად მეტი გვეცოდინება ამ პლანეტის ევოლუციის შესახებ. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, სად არის წყალი და რამდენია ის", — თქვა გეოფიზიკოსმა, ვაშან რაიტიმ.
ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ წითელ პლანეტაზე ოდესღაც წყალი დიდი რაოდენობით იყო. დღეს პლანეტის ზედაპირზე წყალი მხოლოდ გაყინული სახით გხვდება და ისიც ძალიან მცირე რაოდენობით.
მკვლევრების თქმით, ამ პროცესებში უკეთ გასარკვევად საჭიროა გავიგოთ თუ სად "წავიდა" წყალი. არსებობს ორი ადგილი, სადაც წყალი შეიძლებოდა წასულიყო: აორთქლების შედეგად კოსმოსში, ან მარსის ზედაპირის ქვეშ, თხევადი რეზერვუარების სახით. და, აი, ახლა InSight-ის რობოტის საშუალებით ამ ყველაფერზე მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება გვაქვს.
აღსანიშნავია, რომ InSight აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ 2018 წლიდან 2022 წლამდე იმდენი მონაცემი შეაგროვა, რომ მათი ანალიზი ახლაც ხდება. ოთხი წლის განმავლობაში მარსზე გაზომილი სეისმური აქტივობის ანალიზის საშუალებით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ზედაპირის ქვეშ ნამდვილად დიდი რაოდენობით წყალია.
თუმცა, ამ წყლის გამოყენება ძალიან რთული იქნება, რადგან ის ზედაპირიდან დაახლოებით 20 კილომეტრითაა დაშორებული.
"ეს შეიძლება დაგვეხმაროს იმის გაგებაში, თუ როგორი იყო ოდესღაც მარსი და მეტიც, როგორი იქნება ის მომავალში. ვინ იცის, შესაძლოა, მარსის სიღრმეებში სიცოცხლეც იყოს", — თქვა გეოფიზიკოსმა მაიკ მანგმა.
მანგმას სიტყვები ნამდვილად დასაფიქრებელია. არის შანსი, რომ როგორც დედამიწაზე, წითელ პლანეტაზეც მიკრობული ფორმები ექსტრემალური პირობების მიუხედავად მაინც წარმოიქმნა.
აღსანიშნავია, რომ მარსზე მიწისქვეშა თხევადი წყლის 4 აუზი 2022 წელსაც იპოვეს. მაშინ მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ნაპოვნი წყალი დასალევად გამოსადეგი ნამდვილად არ იქნებოდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მძიმე პირობების მიუხედავად წყალი თხევადია, ისაა, რომ ის ძალიან მლაშეა. მარილებს წყლის გაყინვის პროცესის შეჩერება შეუძლია. კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი და სხვა მარილთა ნალექები კი მარსზე მრავლადაა.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები