ისტორიაში პირველად, ადამიანს ტიტანისგან დამზადებული ხელოვნური გული გადაუნერგეს
58 წლის კაცი შეერთებულ შტატებში მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელსაც მწყობრიდან გამოსული გული დროებითი, ტიტანის სისხლის ტუმბოთი შეუცვალეს.
ლითონის ორგანო კომპანია BiVACOR-ის მიერ დამზადდა, რათა ადამიანის გული რაც შეიძლება დიდი ხნით შეცვალოს.
ტიტანისგან დამზადებული ეს მოწყობილობა ხელოვნური გულია და რეალური გულის მსგავსად არ სცემს. თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ სატუმბი დიაფრაგმების (პარკუჭი) გარეშეც კი, მოწყობილობა საკმარისად მძლავრია, რათა ადამიანმა მისი გამოყენებით ვარჯიშიც კი შეძლოს.
ეს მოწყობილობა დაახლოებით მუშტის ზომისაა და ძალიან გამძლეა, უძლებს კოროზიასა და მექანიკურ ცვეთას.
საინტერესოა, რომ მთლიანი მოწყობილობა იკვებება პატარა, გარე, პორტაბეულური კონტროლერით და ის კუჭშია მოთავსებული.
კომპანიას ხელოვნური გულის შესაქმნელად ათი წელი დასჭირდა, რისთვისაც ათობით ცხოველზე ჩატარებული კვლევა იყო საჭირო. ტიტანის გულის გადანერგვა ტეხასის გულის ინსტიტუტში, ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდა.
გულმა 8 დღის განმავლობაში მშვენივრად იფუნქციონირა, იქამდე, სანამ რეალური გულის დონორი გამოჩნდა.
"ამაყი ვარ, რომ ასეთ სიახლეს მოვესწარი. ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა პაციენტისა და მისი ოჯახის სიმამაცის, ჩვენი გუნდის თავდადებისა და ტეხასის გულის ინსტიტუტში ჩვენი კოლაბორატორების გარეშე", — თქვა BiVACOR-ის დამფუძნებელმა, დენიელ ტიმსმა.
დღეისათვის, გულის მწვავე უკმარისობის მქონე ადამიანთათვის მკურნალობის საუკეთესო საშუალება დონორის გულია, რაზეც წვდომა მარტივი არ არის. ყოველწლიურად დონორის ლოდინში ბევრი ადამიანი კვდება. ასეთი ხელოვნური გული კი იდეალური გამოსავალია, რათა ადამიანებმა დრო მოიგონ.
დანამდვილებით ჯერ არავინ იცის, რამდენ ხანს იმუშავებს ტიტანისგან დამზადებული გული ადამიანებში, მაგრამ ლაბორატორიაში ის უკვე ოთხ წელიწადზე მეტია, რაც მუშაობს.
კომენტარები