ექიმების განცხადებით, 60 წლის გერმანელი კაცი მეშვიდე ადამიანია, ვინც აივ ინფექციისგან განიკურნა. ეს ღეროვანი უჯრედების გადანერგვით მოხდა.

მტკივნეული და სარისკო პროცედურა იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც აქვთ როგორც აივ ინფექცია, ისე აგრესიული ლეიკემია.

გერმანელი კაცს, რომელსაც ანონიმურად დარჩენა სურს, "ბერლინის შემდეგი პაციენტი" შეარქვეს. ეს სახელწოდება ტიმოთი რეი ბრაუნისგან მოდის, რომელიც აივ-ინფექციისგან 2008 წელს განიკურნა. ეს ასეთი პირველი შემთხვევა იყო, თუმცა ბრაუნი 2020 წელს კიბოთი მოკვდა.

ასევე: აივ-ინფექციისგან განკურნებული პირველი ადამიანი კიბოთი გარდაიცვალა

რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, კაცს პირველად აივ-ის დიაგნოზი 2009 წელს დაუსვეს. მას ლეიკემიის გამო ძვლის ტვინის გადანერგვა 2015 წელს დასჭირდა. პროცედურა, რომლიდანაც სიკვდილის რისკი 10%-ია, არსებითად ცვლის ადამიანის იმუნურ სისტემას.

უკვე ამის შემდეგ, 2018 წლის ბოლოს კაცმა შეწყვიტა ანტირეტროვირუსული პრეპარატების მიღება — რომელიც ამცირებს სისხლში აივ-ის რაოდენობას. და, აი, ახლა, თითქმის ექვსი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, ის როგორც აივ-საგან, ისე კიბოსგანაა განკურნებული.

კრისტიან გებლერმა, ბერლინის ჩარიტის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმმა-მკვლევარმა, რომელიც პაციენტს მკურნალობდა, AFP-ს განუცხადა, რომ გუნდი პროცესს აკვირდება და საბოლოო დასკვნის გაკეთებამდე მაინც თავს იკავებს.

"თუმცა ფაქტია, პაციენტს დაავადების კვალი აღარ აღენიშნება", — თქვა გებლერმა.

პერსპექტივა

შიდსის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა, შერონ ლევინმა თქვა, რომ მკვლევრები ფრთხილობენ სიტყვა "განკურნების" გამოყენებაზე. მათთვის გაუგებარია, თუ რა დრო სჭირდება პაციენტის მეთვალყურეობას.

და მაინც, თუ ხუთი წელი დაავადებამ თავი აღარ იჩინა, უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის დამარცხებულია.

აღსანიშნავია, რომ ეს პაციენტი პირველია, ვინც ღეროვანი უჯრედები იმ დონორისგან მიიღო, რომელსაც მუტაციური გენის მხოლოდ ერთი ასლი ჰქონდა მემკვიდრეობით. ევროპული წარმოშობის ადამიანების დაახლოებით 15-პროცენტს აქვს ერთი მუტაციური ასლი, მაშინ როდესაც ორივე მხოლოდ ერთ პროცენტს აღენიშნება.

ეს ნიშნავს, რომ მომავალში ბევრად უფრო მეტი პოტენციური დონორი იქნება და ამიტომ, ეს შემთხვევა იმედის მომცემია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.