ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში უიშვიათესი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავთა სფერულ შეჯგუფება ომეგა კენტავრში საშუალო მასის შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ამგვარი ობიექტების იშვიათი ტიპია. შესაძლოა, მისი შესწავლა იმის გაგებაში დაგვეხმაროს, თუ როგორ წარმოიქმნება და იზრდება გალაქტიკების ცენტრში არსებული ზემასიური შავი ხვრელები.
მეცნიერთა მიერ გამოვლენილი ობიექტი ჩვენგან დაახლოებით 16 000 სინათლის წლითაა დაშორებული და ომეგა კენტავრის შუაგულშია განლაგებული. ის მზეზე სულ მცირე 8 200-ჯერ მასიურია, რითაც საშუალო კატეგორიაში ჯდება. დანარჩენი ორი ვარსკვლავური მასისა (მზეზე 100-ჯერ მასიური) და ზემასიური (მზეზე ათობით ათასჯერ ან მილიარდჯერ მასიური) შავი ხვრელებია, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობითაა მიკვლეული.
ადრეულ სამყაროში სპეციალისტებს ზემასიური შავი ხვრელები აქვთ დაფიქსირებული, რომლებიც იმდენად დიდია, რომ უბრალოდ მატერიის მიზიდვით ასე მალე ვერ გაიზრდებოდა. მათ ზომას სწორედ საშუალო მასის ობიექტების შერწყმა ხსნის, მაგრამ ისინი ძალიან ძნელი აღმოსაჩენია.
"ესაა დამაკავშირებელი ძაფი, რომელიც ზემასიური შავი ხვრელების არსებობას ახსნიდა. თუ დადასტურდება, რომ საშუალო მასის შავი ხვრელები ვარსკვლავთა მკვრივ შეჯგუფებებში გვხვდება, ეს პრობლემის გადაჭრის მარტივ და საკმაოდ დახვეწილ გზას შემოგვთავაზებს", — აცხადებენ ავტორები.
ამგვარი ობიექტების დასაფიქსირებლად ომეგა კენტავრი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რადგან ირმის ნახტომში უდიდესი შეჯგუფებაა და შესაძლოა, 10 მილიარდი წლის წინ მასთან შერწყმული სხვა გალაქტიკის ბირთვის ნარჩენი იყოს. ფაქტობრივად ის "დროშია გაყინული" და შავი ხვრელების შემცველი ადრეული მომცრო გალაქტიკების რეპრეზენტაციად მიიჩნევა.
ომეგა კენტავრის შესასწავლად მეცნიერებმა ჰაბლის ტელესკოპის 20-წლიანი მონაცემები გააანალიზეს და 1.4 მილიონი ვარსკვლავის მოძრაობას დააკვირდნენ. შედეგად, მიაგნეს 7 მნათობს, რომლებიც შიდა რეგიონში 66-113 კმ/წმ სიჩქარით გადაადგილდება. ასეთი სისწრაფის გამო ისინი შეჯგუფებიდან უნდა გატყორცნილიყო, მაგრამ ადგილზე შენარჩუნდა, რაც მასიური ობიექტის გრავიტაციის გავლენა უნდა იყოს.
ასტრონომები გეგმავენ, რომ დამატებითი ინფორმაცია ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით მოიპოვონ, რომელიც მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიაა. ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები