SizmarAI სატესტო რეჟიმში უკვე ხელმისაწვდომია — სასურველი კადრების შექმნა ყველას შეგვიძლია
SizmarAI უკვე ხელმისაწვდომია და სატესტო რეჟიმში მისი გამოცდა ყველას შეგვიძლია. ეს ქართული პლატფორმა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შეუძლია, ვიდეოები ჩვენი სიტყვიერი მითითებების საფუძველზე შექმნას. ინფორმაციას თავად სტარტაპი SizmarAI ავრცელებს ფეისბუკზე.
ასევე იხილეთ: "ვიდეოდ ქცეული სიზმარი" — ქართული სტარტაპი SizmarAI ჩვენს ტექსტებს ვიდეოებად გარდაქმნის
სტარტაპის ფეისბუკპოსტის მიხედვით, ამ ეტაპზე ხელსაწყოს 10-წამიანი ვიდეოების შექმნა შეუძლია. მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში საშუალება გვექნება, პლატფორმაზე შევიდეთ და სასურველი სიუჟეტი ჩავწეროთ, ხელოვნური ინტელექტი კი დაახლოებით ერთ წუთში ხუთკადრიან ვიდეოს შექმნის.
იხილეთ ვიდეო, რომლითაც სტარტაპმა ხელოვნურ ინტელექტს "საქართველოს ისტორია გააცოცხლებინა":
პლატფორმას სხვადასხვა ფუნქცია ეტაპობრივად დაემატება.
"ჩვენი ვაპირებთ გაშვებიდან ყოველთვე ახალი ფუნქციები შემოგთავაზოთ, როგორიცაა მუდმივი პერსონაჟები, ავატარების შექმნა, დიალოგები პერსონაჟებს შორის, მთხრობლის ხმა და მუსიკის არჩევა, რაც მიგვიყვანს ჩვენს დიად მიზნამდე, შევქმნათ მაქსიმალურად კომპლექსური და ღირებულების მომტანი პლატფორმა AI კრეატორებისთვის!", — ვკითხულობთ SizmarAI-ს ფეისბუკპოსტში.
SizmarAI-ს გამოცდა უფასოა და ამ ბმულიდან შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ დიდი მოთხოვნის გამო საიტი გადატვირთულია და, შესაძლოა, გამართულად არ იმუშაოს.
კომენტარები