"ვიდეოდ ქცეული სიზმარი" — ქართული სტარტაპი SizmarAI ჩვენს ტექსტებს ვიდეოებად გარდაქმნის
საქართველოს ბაზარზე მალე სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, რომლითაც შეგვეძლება, ვიდეოები მხოლოდ სიტყვიერი მითითებების საფუძველზე შევქმნათ — მარტივად, ყოველგვარი სპეციფიკური ცოდნის გარეშე. ამ სერვისს SizmarAI, ახალი ქართული სტარტაპი, შემოგვთავაზებს, თავისი მანქანური დასწავლის (ML) მოდელის გავლით.
ჩატბოტ ChatGPT-ის გაშვების შემდეგ, 2022 წლიდან, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GAI) სერვისები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს AI მოდელებია, რომლებიც უამრავ მონაცემზე დაყრდნობით კანონზომიერებებს დაისწავლის, შემდეგ კი ჩვენი მითითების შესაბამისად წამებში აგენერირებს შიგთავსს: იქნება ეს ტექსტი, ფოტო თუ ვიდეო.
ვიდეოების შემქმნელი ხელოვნური ინტელექტი (Text-to-video) დანარჩენებთან შედარებით ახალია. OpenAI-სა და Google-ს მსგავსი სერვისები უკვე შეუქმნია, თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომი ჯერ არცერთი არაა. ამას გარდა, ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ხელსაწყოებით სარგებლობისას საჭიროა სხვადასხვა პროგრამის ფლობა, რათა ხარვეზების გამოსწორება შევძლოთ.
ამის ფონზე საქართველოში მალე SizmarAI გახდება ხელმისაწვდომი. მისით სარგებლობისათვის სპეციფიკური ცოდნა არ დაგვჭირდება, მათ შორის არც მონტაჟისა. საკმარისია მხოლოდ ის, რომ AI-ს ჩვენი სურვილი მივუთითოთ, ანუ "პრომპტი" მივაწოდოთ. ამის შემდეგ ტექნოლოგია კადრებს შესაბამის ტექსტსა და მუსიკას დაადებს, მათ შორის ქართულ ენაზეც.
სტარტაპის წარმომადგენლები ამბობენ, რომ SizmarAI-ს მიერ გენერირებული კადრები ხარისხიანი იქნება. დიდი მონაცემთა ბაზის საშუალებით იგი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მრავალკადრიანი ვიდეოები ტექსტის დაწერიდან ათიოდე წამში შექმნან.
შესაძლებელი იქნება ისიც, რომ შექმნილი პერსონაჟები სხვადასხვა კადრებში ხელახლა გამოვიყენოთ ავტომატურად.
სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომი არაა, თუმცა შეგიძლიათ, SizmarAI-ს ვებსაიტზე წინასწარი რეგისტრაცია გაიაროთ და ჩაშვების შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა მიიღოთ წვდომა.
ამას გარდა, სტარტაპმა კამპანია წამოიწყო, სახელად "მოგვიყევი შენი სიზმარი (ამბავი)": SizmarAI-ს სასურველი კადრები უნდა აღუწეროთ, ის კი 50 რჩეულს სერვისის გაშვების დღესვე მიაწვდის AI-ს მიერ გენერირებულ კადრებს.
SizmarAI ყველასათვის ხელმისაწვდომი დაახლოებით ერთ თვეში გახდება.
კომენტარები