მეცნიერებმა უიშვიათესი "მუტანტი" ბაყაყი დააფიქსირეს, რომელსაც ლურჯი კანი აქვს
ხის ბაყაყი Ranoidea splendida მხოლოდ ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონშია გავრცელებული. მას, ჩვეულებრივ, ყვითელი მუცელი და მწვანე ზურგი აქვს, მაგრამ მეცნიერებმა ამ სახეობის სულ სხვაგვარი წარმომადგენელი შენიშნეს. მისი კანი მოლურჯო შეფერილობისაა, იისფერი და ცისფერი ტონებით, რაც გასაოცარ ვიზუალურ მახასიათებელს სძენს.
ასეთი გამორჩეულობის მიზეზი გენეტიკური მუტაციაა, რომელიც ყვითელი პიგმენტების წარმოქმნას უშლის ხელს. ეს უჩვეულო არსება ორგანიზაცია Australian Wildlife Conservancy (AWC)-ში მომუშავე სპეციალისტებმა დააფიქსირეს, როცა ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე მდებარე ველური ბუნების ნაკრძალს იკვლევდნენ.
"როდესაც პირველად დავინახეთ, ბნელოდა. ის ჩვენს კვლევით ცენტრთან ახლოს არსებული სახელოსნოს მერხზე იყო შესკუპებული. ამან ძალიან აღმაფრთოვანა, ვინაიდან ეს ხის ბაყაყები ისედაც გასაოცარნი არიან, მაგრამ ლურჯი სხეულის მქონე ერთ-ერთი მათგანის დანახვა უიშვიათესი შანსია", — აცხადებს ეკოლოგი ჯეიკ ბარკერი
Ranoidea splendida სიგრძეში დაახლოებით 12 სანტიმეტრამდე იზრდება და მისი მწვანე შეფერილობა ფოთლოვან გარემოში კამუფლაჟის ფუნქციას ასრულებს. ფრინველებში, ამფიბიებსა და რეპტილიებში ამგვარ ფერს ლურჯი და ყვითელი პიგმენტების კომბინაცია განაპირობებს. ამის მიუხედავად, ცნობილია მუტაცია ოქსანტიზმი, რომელიც ყვითელი პიგმენტების სინთეზირებისა და დალექვისთვის საჭირო ბიოქიმიურ პროცესებს აფერხებს, ამიტომ კანზე მოლურჯო ელფერი ჭარბობს.
ოქსანტიზმი სხვადასხვა ცხოველშია დაფიქსირებული, მაგრამ ესაა პირველი შემთხვევა, როცა ის ზემოხსენებულ სახეობაში შენიშნეს. ავსტრალიის მუზეუმის ამფიბიებისა და რეპტილიების განყოფილების კურატორი, ჯოდი როული, ამბობს, რომ აქამდე ათობით ათასი ბაყაყი უნახავს და მათგან მუტაციის გამო ლურჯი მხოლოდ ერთი იყო, რომელიც Ranoidea splendida-ს ვერც კი შეედრება.
ასეთი განსაკუთრებული ვიზუალი ამ ბაყაყს რისკის წინაშეც აყენებს, რადგან ის კამუფლაჟს ვეღარ ახერხებს. შესაბამისად, მეტი შანსია, რომ მტაცებელმა დაინახოს. სამაგიეროდ, მათ თავდაცვის სხვა მექანიზმიც აქვთ, კერძოთ თავზე არსებული სპეციალური ჯირკვალი, რომელიც მწარე სითხითაა სავსე. ეს მსუბუქი შხამი ადამიანისთვის მომწამვლელი არაა, მაგრამ საკმარისად არასასიამოვნოა იმისთვის, რომ დიდი ზომის ცხოველებს Ranoidea splendida-ს შეჭმა გადააფიქრებინოს.
კომენტარები