სპილოები ერთმანეთს "სახელებს არქმევენ" — აბსტრაქტული აზროვნების ნიშანი
ახალი კვლევის თანახმად, სპილოები ერთმანეთს "სახელებით მიმართავენ". ეს აბსტრაქტული აზროვნების პირდაპირი ნიშანია, რაც ნიშნავს იმას, რომ სპილოები ერთმანეთის სახელებს იგონებენ.
მკვლევრები კენიაში აფრიკულ სპილოებს დააკვირდნენ და ამისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს.
"კვლევამ აჩვენა, რომ სპილოები ერთმანეთის მიმართ სპეციფიკურ ვოკალიზაციას იყენებენ. ინდივიდები მათზე განკუთვნილ ხმებს ცნობენ, ხოლო სხვას აიგნორებენ. ეს ნიშნავს, რომ სპილო კონკრეტულ ხმას თავის თავთან აკავშირებს", — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, მაიკლ პარდომ.
მკვლევრებმა დიდი მონაცემები გააანალიზეს, რომელმაც სპილოების ცხოვრების მონაკვეთი 1986 წლიდან 2022 წლამდე მოიცვა. მათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით 469 ერთმანეთისგან განსხვავებული ხმა შეისწავლეს.
სპილო ბგერების ფართო დიაპაზონს გამოსცემს, ეს შეიძლება იყოს როგორც ხმამაღალი, ისე დაბალი სიხშირის, რომელიც ადამიანის ყურს არ ესმის.
საინტერესოა, რომ სპილოები ერთმანეთს სახელით იშვიათად მიმართავდნენ, მაგრამ როდესაც ამას შვრებოდნენ ეს ხდებოდა შორ მანძილებზე. ეს ძირითადად მაშინ ხდებოდა, როდესაც ზრდასრული სპილო სპლიყვს ეძახდა. ამასთან, სახელებს ბევრად ხშირად ზრდასრული სპილოები იყენებდნენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ უნარის ათვისებას წლები სჭირდება.
ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამას სპილოები დაბალი სიხშირის ხმების გამოცემისას შვრებოდნენ.
თქვი ჩემი სახელი
მკვლევრებმა ხმები ჩაიწერეს და ის სპილოებს მოასმენინეს. როდესაც სპილოს თავისი "სახელი" მოესმა, ხორთუმი ენერგიულად და მხიარულად შეათამაშა. თუმცა, იგივე სპილო ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდა სხვის სახელებს.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ სპილოები და ადამიანები ერთადერთი ცოცხალი არსებები არიან, რომლებიც ერთმანეთს სახელებს არქმევენ.
მკვლევრების თქმით, ეს აბსტრაქტული აზროვნების პირდაპირი ნიშანია. ისინი ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.
"მიუხედავად ჩვენს შორის არსებული განსხვავებებისა, ადამიანებსა და სპილოებს ბევრი საერთოც გვაქვს. სპილოები ჩვენსავით კომპლექსურ სოციალურ ურთიერთობებს აყალიბებენ, ქმნიან ოჯახებს და გააჩნიათ მეგობრული ურთიერთობები. ყველაფერი ეს მაღალგანვითარებულ ტვინზე მეტყველებს", — თქვა კვლევის ავტორმა, ფრენ პოპმა.
კომენტარები