SKILLWILL-მა ციფრული ავატარი შექმნა — რაში ეხმარება ის სტუდენტებს
გაიცანით SKILLWILL-ის ციფრული ავატარი — სასწავლო პროცესის AI დამხმარე
საქართველოში პირველი ნეო უნივერსიტეტის — SKILLWILL-ის სტუდენტებს სასწავლო პროცესში ციფრული ავატარი დაეხმარება. მსგავსი ინოვაციური პროდუქტის საკუთარ პროცესებში ინტეგრირების მიზნით SKILLWILL-მა რამდენიმე თვის წინ კონკურსი გამოაცხადა. გამოწვევა საქართველოში მომუშავე დიზაინერებმა და ტექ პროფესიონალებმა მიიღეს. სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში შეიქმნა SKILLWILL-ის ციფრული სახე, რომელიც დღეისათვის ნეო უნივერსიტეტის 5 000-ზე მეტ სტუდენტს და დაინტერესებულ პირებს საჭირო ინფორმაციას აწვდის.
ციფრულ ავატარი აქტუალური ტენდენციაა მსოფლიო ბრენდებისთვის. ზოგადად, ხელოვნურ ინტელექტს და მის ერთ-ერთ ფორმას — ციფრული ავატარის სახით, ბრენდები ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის, მომხმარებელთან მუდმივი (24/7-ზე), მჭიდრო კავშირის შესანარჩუნებლად თუ სერვისის სრულყოფის მიზნით იყენებენ. ეს ტექნოლოგიური მიდგომა კომპანიებს ეხმარება თითოეული მომხმარებლისთვის პერსონალიზებული გამოცდილება შექმნას, გააანალიზოს სპეციფიკური მონაცემები და უფრო მეტად გამოკვეთოს საკუთარი ვიზუალური იდენტობა.
ბუნებრივია, ჩამოთვლილი სარგებელი მხოლოდ ნაწილია იქიდან, რასაც ბრენდები საკუთარ პროცესებში ციფრული ავატარის ინტეგრირებით აღწევენ. SKILLWILL საქართველოს დირექტორის, ლანა ჩხარტიშვილის თქმით, ამ ნაბიჯით მათ სასწავლო პროცესი კიდევ უფრო მოქნილი გახადეს.
"ავატარი მიაწოდებს დეტალურ ინფორმაციას ჩვენს სქილვილელებს და დაინტერესებულ საზოგადოებას უახლოეს პროგრესსა თუ სიახლეებზე ტექნოლოგიებში, იგივე მეგობარი ავატარი დაგვეხმარება ჩვენი სწავლისა და გამოცდების პროგრესის მიღწევაში", — ამბობს ლანა ჩხარტიშვილი, Skillwill საქართველოს დირექტორი.
საუკეთესო ავატარის შერჩევის პროცესი და გამარჯვებული
SKILLWILL-ის ციფრული ავატარის შესაქმენლად კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა. დიზაინერებს პერსონაჟი 15-დან 35 წლამდე სამიზნე აუდიტორიისთვის უნდა შეექმნათ. ავატარის შთაგონება უნდა ყოფილიყო ფუტურისტული ელემენტები, უახლესი ტექნოლოგიები და ასევე საგანმანათლებლო ინტერესები და ღირებულებები.
როგორც ნეო უნივერსიტეტში ამბობენ, საუკეთესო ავატარის შერჩევა ორ ეტაპად მოხდა. პირველ ეტაპზე, 10 კონკურსანტიდან 3 შეირჩა, ფინალურ ეტაპზე ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა ქალმა ავატარმა. ორგანიზატორების აზრით, გამარჯვებული ავატარი ესადაგება სქილვილის ბრენდს და ასევე იმ დიდ მიზანს, რასაც ნეო უნივერსიტეტი ემსახურება — მეტი გოგონა და ქალი ტექნოლოგიებში.
კონკურსის მონაწილეებს უნდა შეექმნათ ფუტურისტული ავატარი, რომელიც სწავლის ყველა ეტაპზე სტუდენტებისთვის გამოსადეგი მეგზური იქნებოდა. ამ დავალებას თავი წარმატებით გაართვა კონკურსის გამარჯვებულმა — ოლიკო ნადირაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ მის მიერ შექმნილი ავატარის ვიზუალი ნეიტრალური, თუმცა მკაფიოა.
"მოთხოვნა იყო, შეგვექმნა “მომავლის გმირი,” ცოტა ფუტურისტული, მაგრამ არც ძალიან უცნაური. ეს უნდა ყოფილიყო, პროტოტიპი ისეთი ადამიანის, რომელიც მარტივად მიგახვედრებდა მის დამოკიდებულებაზე განათლების და სწავლისმიმართ. დავალება მე ასე დავინახე, ამიტომ შევაგროვე ბრიფიდან საკვანძო მომენტები, ჩამოვწერე ფურცელზე და ამის შემდეგ დავიწყე რეფერენსების მოძიება. როცა ჩამოვყალიბდი ამ ადამიანის მთავარ მახასიათებლებზე, პირდაპირ ციფრულ რეჟიმში დავიწყე ჩანახატის მოხაზვა. შემდეგ უკვე იყო დაფერვა, შუქ-ჩრდილის განსაზღვრა და ა.შ. ბოლოს გავაგზავნე ნამუშევარი მითითებულ ელ.ფოსტაზე და უკუკავშირიც მალე მივიღე", — ამბობს გრაფიკოს-დიზაინერი, ოლიკო ნადირაძე.
ნეო უნივერსიტეტმა განათლების სფეროში კიდევ ერთი სიახლე წარმატებით დანერგა. დღეისათვის SKILLWILL-ის ციფრული ავატარი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, იმისათვის რომ სტუდენტების შეკითხვებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ ენაზე უპასუხოს. ამისათვის მასში ნეო უნივერსიტეტის გუნდის მიერ შექმნილი ჩატბოტია ინტეგრირებული.
როგორც ნეო უნივერსიტეტში ამბობენ, ინოვაციური მეთოდებით პროფესიონალების გაზრდა, სტერეოტიპების დარღვევა და ცოდნის ხელმისაწვდომობა SKILLWILL-ის მთავარი მიზანია. ამ კუთხით SKILLWILL-ის გუნდი, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სტუდენტებს, კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.
კომენტარები