ამ გაზაფხულზე აღმოსავლეთ აშშ-ში ციკადების შემოსევაა. და, აი, ახლა ილინოისში ბავშვი მუტანტ მწერს გადააწყდა — ცისფერთვალება ციკადას.

ექსპერტები თვლიან, რომ ეს ციკადა მილიონიდან ერთია, რადგან ამ არსებების თვალები ჩვეულებრივ წითელია.

ცისფერთვალება ციკადა მდედრია და ის პირველად ჯეკ ბეილიმ თავის ეზოში დააფიქსირა.

"რაც ეს მწერები გამოჩნდნენ, ჩემი 4 წლის ვაჟი, ჯეკი, ძალიან ბედნიერია. ის მათ აგროვებდა, როდესაც მისმა დამ (ჩემმა ქალიშვილმა), კეროლაინმა, უცნაური მწერი შენიშნა. ის მიხვდა, რომ მწერის თვალები ცისფერი იყო. ბავშვმა მწერი ჩემთან მოიყვანა და მითხრა, დედა, ნახე, ჯეკმა რა იპოვაო", — თქვა ბავშვების დედამ, გრეტა ბეილიმ.

ქალის თქმით, ის მიხვდა, რომ ციკადა უნიკალური იყო და მას ფოტოები გადაუღო. მიუხედავად ამისა, მან მწერი გაუშვა.

"შემდეგ დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენად უნიკალური იყო მწერი და მართალი გითხრათ, მისი გაშვება ვინანე კიდევაც", — თქვა ქალმა.

ამის შემდეგ ოჯახმა ეზოში მწერის ძებნა დაიწყო და მათდა გასაკვირად, მას მალევე მიაგნეს. მწერი ისევ ეზოში იყო.

ფოტო: Daniel Le/Field Museum

"მეზობელმა მითხრა, რომ მწერით მეცნიერები აუცილებლად დაინტერესდებოდნენ. ამიტომ, ადგილობრივ მუზეუმს დავუკავშირდი", — აღნიშნა გრეტამ.

სამწუხაროდ, ცისფერთვალება ციკადა მალევე მოკვდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს მწერები ძალიან ცოტა ხნით ცოცხლობენ.

ზოგადად, თითქმის ყველა ყველა ციკადას წითელი თვალები აქვს. მკვლევრების თქმით, მწერის ასეთი უჩვეულო თვალის ფერზე იშვიათი მუტაციაა პასუხისმგებელი.

ფოტო: Field Museum

"ძალიან დიდი ხანია რაც ჩიკაგოში ვარ, მას შემდეგ ციკადების ბევრ შემოსევას მოვესწარი, მაგრამ ასეთი ცისფერთვალება მწერი ჯერ არ მინახავს", — აღნიშნა ჯიმ ლუდერმანმა, ადგილობრივი მუზეუმის მკვლევარმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.