metero.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ჰიდროლოგიური მონაცემების თანახმად, მდინარე ვერეზე წყლის დონე სასიგნალო და საშიშ ნიშნულზე მაღალია. დღევანდელი, ანუ 26 მაისის მონაცემებით, წყლის დონე ვერეზე 273 სანტიმეტრს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სასიგნალო დონე 210 სანტიმეტრია, ხოლო საშიში — 260.

ფოტო: ეკრანის ანაბეჭდი meteo.gov.ge-ის საიტიდან

ამინდის გაუარესების ფონზე, თბილისში, სადაც მდინარე ვერე გადის, უხვი ნალექი მოდის. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მდინარესთან ახლომდებარე ტერიტორიებს მოერიდოს. განსაკუთრებით საგულისხმოა საფრთხე 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, რომელიც თბილისში მდინარე ვერეზე წყალმოვარდნამ გამოიწვია. ფეისბუკ ჯგუფში "ამომიყვანე" ერთ-ერთი მომხმარებელი ვერეში მანქანის ჩარჩენის შესახებ წერს:

გარემოს ეროვნული სააგენტოს, კონკრეტულად მდინარე ვერესთან დაკავშირებით, ოფიციალური გაფრთხილება ჯერ არ გამოუქვეყნებია. თუმცა უწყების მიერ, 23 მაისს მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 24 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", — ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

26 მაისის მონაცემებით, წყლის დონე სასიგნალო, (თუმცა არა საშიშ), ნიშნულს აღემატება მტკვრის ხერთვისის მონაკვეთში და ენგურის ხაიშის მონაკვეთში.

UPDATE: გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მაისის საღამოდან, მდინარე ვერეზე წყლის დონეს კლება აქვს დაწყებული და ხორციელდება მონიტორინგი.