ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
ფოტო: Anton Petrus
ეგვიპტის უდაბნოს ტერიტორიის დიდ ნაწილს ძველად არა ქვიშა, არამედ ზღვა ფარავდა, რომელიც აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთში მდებარეობდა. ცარცულ პერიოდში ამ არეალში ტროპიკული გარემო უნდა ყოფილიყო, დინებების აღმასვლა კი იქაურ ეკოსისტემას ნუტრიენტებით ამარაგებდა.
ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ პალეონტოლოგებმა აღნიშნულ რეგიონში, აბუ-ტარტურის პლატოზე, ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს. ისინი 7 სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებისაა, რაც ამ ტერიტორიის ადრინდელ ბიომრავალფეროვნებაზე მიანიშნებს.
ცარცული პერიოდი 145-66 მილიონი წლის წინ იყო. იმ დროს დედამიწა ტექტონიკური აქტიურობით გამოირჩეოდა, ატმოსფეროში კი სათბურის აირებიც გროვდებოდა, რის გამოც პლანეტაზე თბილოდა და პოლუსებზე ყინული თითქმის არ ნარჩუნდებოდა. ასევე, ამჟამად დასახლებული არეალების დიდ ნაწილს მაღალი ზღვის დონის გამო მაშინ წყალი ფარავდა, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკასაც. ამაზე ფოსფატის დანალექები მიუთითებს, რომლებიც სწორედ ზღვაში მისი ინტენსიური ციკლისას წარმოიქმნება. აქედან იმასაც ასკვნიან, რომ ეს წყლები "პროდუქტიული" იყო, ანუ ახალი ორგანული მატერია წარმოიქმნებოდა.
აბუ-ტარტურის პლატოზე ნაპოვნი ნამარხებიდან მეცნიერებს ზვიგენების 2 სახეობა უკვე ჰქონდათ იდენტიფიცირებული. ისინი ვარაუდობდნენ, რომ იქ პალეონტოლოგიური აღმოჩენები კიდევ ელოდათ, ამიტომ ადგილს დაუბრუნდნენ და ძველ ქანებში სხვა 5 სახეობის წარმომადგენელთა 14 კბილს მართლაც მიაგნეს. რაც მთავარია, ისინი ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება: ზოგი გრძელი და "წამახულია", ზოგი ფართო და ხერხისმაგვარია, სხვებს პატარა გვერდითა წანაზარდები აქვს, ერთი მოღუნულია და ა.შ.
ამ მახასიათებლების მიხედვით, კბილები ზვიგენების 5 გადაშენებულ სახეობას მიაკუთვნეს, ესენია: Cretalamna cf. maroccana, Scapanorhynchus cf. raphiodon, Serratolamna cf. serrata, Squalicorax bassanii და Squalicorax pristodontus. აქამდე ისინი აბუ-ტარტურის ტერიტორიაზე არასდროს გამოუვლენიათ, 2 სახეობა კი — Serratolamna cf. serrata და Squalicorax bassanii — მთლიანად ეგვიპტის მასშტაბით იყო სიახლე.
ეს ზვიგენები, შესაძლოა, ერთმანეთს კონკურენციას სულაც არ უწევდნენ, არამედ ზღვის მდიდარ ეკოსისტემაში ყველას საკუთარი ეკოლოგიური ფუნქცია ჰქონდა. ასეთი მრავალფეროვნების "საიდუმლო" ღრმა წყლებიდან ზემოთ ამავალი, ნუტრიენტების შემცველი, ნაკადები უნდა ყოფილიყო. ეს პლანქტონებს ასაზრდოებდა, მათ შემდეგ კვებით ჯაჭვში თევზები და უხერხემლოები იყვნენ, სათავეში კი — მტაცებლები.
აღსანიშნავია, რომ აბუ-ტარტურის მიმდებარედ იმ პერიოდში დანალექი ქანები ძალიან ნელა ფორმირდებოდა. შესაბამისად, ზვიგენების საერთო "სასაფლაოს" მიგნება არ ნიშნავს, რომ ყველა ეს ცხოველი ერთ დროს ცხოვრობდა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Cretaceous Research გამოქვეყნდა.

კომენტარები