შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში მოულოდნელი ფენომენი დააფიქსირეს
ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავსი ფენომენი მზის სისტემის მიღმა შენიშნეს.
ასტრონომებმა WASP-76b-ის სახლით ცნობილი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში დააფიქსირეს შთამბეჭდავი ოპტიკური ფენომენი, რომელიც დედამიწასა და ვენერაზეც გვხვდება. ესაა ცისარტყელას მსგავსი ფერადი ჰალო, რომელსაც გლორია ეწოდება.
ის კაშკაშა ცენტრის მქონე წარმონაქმნია, რომელიც სხვადასხვა ფერის მქონე კონცენტრირებული რგოლებისგან შედგება. მის გასაჩენად კონკრეტული პირობებია საჭირო. კერძოდ, სინათლემ ნისლში უნდა გაიაროს, სადაც მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე ზომის სფერული ფორმის წვეთებია განლაგებული. ეს ციური სხეულზე არსებული გარემოს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
"მიზეზი, რომლის გამოც აქამდე მზის სისტემის მიღმა გლორია არ დაფიქსირებულა, ისაა, რომ ამისთვის სპეციფიკური პირობებია საჭირო. პირველ რიგში, ესაა ატმოსფერული ნაწილაკები, რომლებიც თითქმის იდეალურად სფერული, სრულიად ერთგვარი და საკმარისად სტაბილურია, რათა დიდი ხნის განმავლობაში იყოს დაკვირვებადი. პლანეტასთან ახლომდებარე ვარსკვლავი პირდაპირ მას უნდა ანათებდეს, ხოლო დამკვირვებელი — ამ შემთხვევაში, ხეოფსი — ზუსტი ორიენტაციით უყურებდეს", — აცხადებენ მეცნიერები.
WASP-76b მზეზე ოდნავ დიდი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს და ჩვენგან დაახლოებით 640 სინათლის წლითაა დაშორებული. ის საკუთარ მნათობთან იმდენად ახლოს მოძრაობს, რომ მისი ერთი წელი სულ რაღაც 1.8 დღეში გადის. ეს ნიშნავს, რომ იქ ძალიან ცხელა — ეგზოპლანეტის განათებულ მხარეს ტემპერატურა 2400 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს, რაც რკინის ასაორთქლებლად საკმარისია, რომელიც მის ღრუბლებში გვხვდება.
როცა ეგზოპლანეტა ჩვენი პერსპექტივიდან ვარსკვლავის დისკოს წინ მოძრაობს, სპეციალისტებს მისი ატმოსფეროს შედგენილობის შესწავლის საშუალება ეძლევათ. იქ რკინის გარდა ნატრიუმი, კალციუმი, ქრომი, ლითიუმი, წყალბადი, ვანადიუმი, მაგნიუმი, აზოტი, მანგანუმი, კალიუმი და ბარიუმია დაფიქსირებული.
ხეოფსის მეშვეობით ასტრონომებმა WASP-76b-ის აღმოსავლეთ ტერმინატორის, ანუ დღისა და ღამის გამყოფი ზოლის, მიმდებარედ მოჭარბებული სიკაშკაშე შენიშნეს. მსგავსი ელვარება ეგზოპლანეტაზე პირველად გამოვლინდა. ეს მიუთითებს, რომ შესაძლოა, საქმე გლორიას ეფექტის ძლიერ, ლოკალიზებულ და ანიზოტროპულ ანარეკლთან გვქონდეს.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სიგნალი ძალიან სუსტია, ამის დასადასტურებლად დამატებითი დაკვირვებებია საჭირო. თუ ეს დამტკიცდება, WASP-76b-ის ატმოსფეროზე მეტს გავიგებთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები